“დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, მისი მართვა კი ხანგრძლივი და კომპლექსური საკითხი – არ შეიძლება, ეს პროცესი იქცეს შოუდ”

გააზიარე

„დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, მისი მართვა კი ხანგრძლივი და კომპლექსური საკითხი – არ შეიძლება, ეს პროცესი იქცეს შოუდ.

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია ეხმაურება ქართულ სატელევიზიო სივრცეში დაწყებულ სამედიცინო რეალითი შოუს, რომელიც დამოკიდებულ ადამიანებს ეხება.

ადიქტოლოგთა პროფესიული გაერთიანება გულისტკივილით აღნიშნავს, რომ გადაცემა სანახაობად აქცევს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ გამოწვევას – სხვადასხვა ნივთიერებასა თუ ქცევაზე დამოკიდებულებას.

შოუს მიდგომა არ ითვალისწინებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტებს, არღვევს ეთიკურ პრინციპს – „არ ავნო” და ამდენად, ზიანის მაღალ რიკს შეიცავს. კერძოდ:

  • ზიანის მომტანია სატელევიზიო გადაცემისთვის დამახასიათებელი სენსაციურობის ენა და ხელოვნური დრამატიზება დამოკიდებულების საკითხის მიმართ.

  • გაუმართლებელია იმ კადრების გასაჯაროება, რომლებშიც მკურნალობის პროცესში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ჩანს.

  • არაეთიკურია რეალითი შოუს მონაწილეების მიერ ოჯახის წევრებისთვის მიცემული პირობის შოუსთვის გამოყენება და ადამიანის პირად ცხოვრებაში ამ ფორმით შეჭრა. არაეთიკურია გადაცემის ფორმატისთვის ადამიანის პირადი დღიურების, მისი განცდებისა და ემოციების გამოყენება.

  • გადაცემაში მკვეთრად გამოხატულია კონკრეტული სამეციდინო ცენტრის კომერციული ინტერესი, რაც აგრეთვე აჩენს ეთიკასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს. საქართველოში წამალდამოკიდებულების სამკურნალო კომერციული სერვისები, რიგითი დამოკიდებული ადამიანისთვის, ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო უფასო მკურნალობა ქვეყანაში არ არსებობს, იძულებითი მკურნალობის არამტკიცებულებითი ფორმატის გარდა.

  • გარდა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დარღვევისა, გადაცემა, ასევე არღვევს პრევენციის საკვანძო პრინციპებს, რამდენადაც, მიუხედავად იმისა, რომ გვიან ღამით გადის, მან შესაძლოა იქონიოს წამახალისებელი, ან სხვა უარყოფითი ეფექტი არასრულწლოვნებზე. ყოფილი ნარკომომხმარებლებლების ისტორიების გაზიარება, ზოგადად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შესაბამისი მტკიცებულებითი პროგრამის ფარგლებში (როგორიცაა, მაგალითად, 12 ნაბიჯის პროგრამა), მაგრამ არა ღია ეთერში და იმ ფორმით, როგორც ის მიმდინარე რეალითი შოუში ხორციელდება.

ასოციაცია მიესალმება ქვეყანაში სარეაბილიტაციო-სამკურნალო ცენტრების გახსნას, თუმცა ამავე დროს შეახსენებს საზოგადოებასა და ასევე, ქვეყანაში გადაწყეტილების მიმღებ პირებს, რომ ადიქტოლოგიის სფეროში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამები უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა პრივილეგია საზოგადოების ფინანსურად შეძლებული ნაწილისთვის.

დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა და მისი მართვა ხანგრძლივი და კომპლექსური საკითხია – არ შეიძლება ეს პროცესი იქცეს შოუდ. ამგვარი სანახაობითი მიდგომები არ არის დადებითი შედეგის მომტანი არავისთვის, გარდა კომერციული ინტერესების მქონე ორგანიზაციებისა. ამგვარი ტიპის გაშუქების გამო ზიანის რისკი მაღალია როგორც ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც“, — წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია (Georgian Association of Addictologists – GAA)

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები