ახლი კვლევა, რომელიც ჟურნალ Hepatology-ში გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ ცილა გალაქტინ-1 (Galectin-1, Gal-1) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლის კარცინომის უჯრედების თერმული აბლაციისადმი მდგრადობაში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Gal-1 ცვლის სიმსივნური უჯრედების მეტაბოლიზმს, აძლევს მათ დამატებით ენერგიას, რომ გადაურჩნენ მაღალი ტემპერატურით ზემოქმედებას. ამ თავდაცვითი მექანიზმის წყალობით, პაციენტების 40% -ს აბლაციის შემდეგ სიმსივნის რეციდივი აქვს. დღეისათვის, in vivo კვლევები აჩვენებს, რომ კომბინაციური თერაპია ერთდროულად თერმული აბლაციითა და Gal-1-ის დამაინჰიბირებელი პრეპარატებით მაღალგამოსავლიანია და მნიშვნელოვნად ზრდის თერაპიის ეფექტურობას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ,რომ ღვიძლის კარცინომის მკურნალობის პოტენციური გასაღები ნაპოვნია.
ჰეპატოცელულარული კარცინომა (HCC) ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა და კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. ადრეულ სტადიაზე, როდესაც ქირურგიული ჩარევა ჯერ ძალიან ადრეა, მკურნალობის მთავარი მეთოდი თერმული აბლაციაა — მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს მაღალი ტემპერატურით (ჰიპერთერმიით) ანადგურებს, რაც იწვევს მათ დაზიანებასა და სიკვდილს (ნეკროზს).
ამ თერაპიაზე ყველა პაციენტი ერთნაირად არ რეაგირებს. უახლესი კვლევის მიხედვით, იმ პაციენტებში, რომლებშიც თერმული აბლაციის შემდეგ სიმსივნე განმეორდა, აქტიურად არის გამოხატული Gal-1. ეს ცილა ცვლის უჯრედულ მეტაბოლიზმს და ეხმარება გადაგვარებულ უჯრედებს გადარჩენაში.
როგორ მუშაობს გალექტინ-1?
Gal-1 აქტიურდება უჯრედებში, რომლებზეც ზემოქმედებს ტემპერატურა. ის ასტიმულირებს სპეციფიკურ ბიოქიმიურ პროცესს — GM1 გლიკოლიპიდების დაშლას, რაც წარმოქმნის გალაქტოზას, შაქრის ერთგვარ ფორმას, რომელიც ერთვება მეტაბოლურ პროცესში, სახელად გლიკოლიზი. ეს არის უჯრედისთვის ერთ-ერთი ძირითადი გზა, რომლითაც შაქარი (გლუკოზა, გალაქტოზა) გარდაიქმნება ენერგიად. ამავდროულად, Gal-1 მკვეთრად ამცირებს ლიმონმჟავას ციკლს მიტოქონდრიებში, რადგან გლიკოლიზი ენერგიას უფრო სწრაფად აწვდის, რაც მნიშვნელოვანია, როცა უჯრედები ჰიპერთერმიის სტრესში იმყოფებიან. ამის ფონზე ვითარდება HCC-ის კიდევ უფრო აგრესიული ფორმა და იწყება პროლიფერაცია. Gal-1 პროტეინის მაღალი დონე კორელაციაშია ასევე კიბოს ინვაზიასთან, ანგიოგენეზსა და უკვე ხაზგასმულ, მედიკამენტოზურ რეზისტენობასთან. ანუ, Gal-1 პროტეინის დონე განსაზღვრავს სიმსივნის აგრესიულობას, ის სწრაფად იზრდება, იშლება სხეულში და უფრო ძნელად ემორჩილება მკურნალობას.
თერაპიული ინოვაცია
ამ კვლევაში Gal-1-ის დასათრგუნად გამოიყენეს უკვე არსებული მედიკამენტი OTX008, რომელზეც 2013 წელს ჩატარდა ცდა. მაშინ მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებს მკურნალობდნენ და პრეპარატი ყოველდღიურად კანქვეშ შეყავდათ. ახლა იგივე პრეპარატი – OTX008 – გამოსცადეს ცხოველებზე, მაგრამ ამჯერად ის გამოიყენეს თერმულ აბლაციასთან ერთად. შედეგი შთამბეჭდავი იყო, პრეპარატმა სიმსივნე თითქმის ორმაგად შეამცირა, ვიდრე ეს მხოლოდ თერმული აბლაციის ხარჯზე იქნებოდა შესაძლებელი.
კლინიკური მნიშნველობა
ამ კვლევის თანახმად, Gal-1, შესაძლოა, გამოვიყენოთ როგორც პროგნოზული ბიომარკერი. ამ მეთოდით წინასწარ განისაზღვრება, პაციენტების რომელ ჯგუფს ექნება აბლაციისადმი მდგრადობა. ასევე, Gal-1-ის ინჰიბიტორით კომბინირებული თერაპია, რომელიც რეზისტენტულ პაციენტებზეა მორგებული, შეიძლება გახდეს ღვიძლის კარცინომის ადრეული სტადიის მკურნალობის გასაღები.
დასკვნა
Galectin 1 აღმოჩნდა ჰეპატოცელულარული კარცინომის თერმული აბლაციის მდგრადობაზე პასუხისმგებელი პროტეინი. ის შეიძლება გამოვიყენოთ პოტენციურ სამიზნედ, რომ შევამციროთ აგრესიული კიბოს გავრცელება იმ პაციენტებში, რომლებსაც თერმულ აბლაციაზე რეზისტენტობა აქვთ.
წყარო:
https://journals.lww.com/hep/fulltext/9900/galectin_1_modulates_glycolysis_through_a.1290.aspx

