დედის უჯრედები ადამიანის ტვინში მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება — ახალი კვლევა

გააზიარე

ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, განვითარების ადრეულ ეტაპზე დედის ორგანიზმიდან პლაცენტის გავლით ნაყოფის ტვინში მოხვედრილი უჯრედები იქ სამუდამოდ რჩება. აღმოჩნდა, რომ ეს უცხო, ანუ ე.წ. მიკროქიმერული უჯრედები ადამიანის ტვინში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს და სიცოცხლის ბოლომდე, 80 წლის ასაკშიც კი ნარჩუნდება.

სპეციალისტებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ადამიანების სხეულში დედისა და ოჯახის სხვა წევრების უჯრედები არსებობს, რაც მუცლადყოფნის პერიოდში პლაცენტის გავლით უჯრედების მცირე ნაწილის გადასვლით აიხსნება. თუმცა ტვინში მათი რაოდენობა და როლი ბოლომდე გაურკვეველი რჩებოდა. სიეტლში მდებარე ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევითი ცენტრის მეცნიერის, სამი კანაანის განმარტებით, აღნიშნულის კვლევა უაღრესად რთულია, რადგან დედისა და შვილის ნიმუშების ერთდროულად მოპოვებაა საჭირო, თავად უჯრედები კი იმდენად იშვიათია, რომ 100 000-ში მხოლოდ ერთს წარმოადგენს.

ამ გამოწვევის დასაძლევად კანაანმა და მისმა კოლეგებმა 37 ბავშვის (ახალშობილებიდან 14 წლამდე ასაკის) ტვინის ნიმუშების გენეტიკური სეკვენსები შეისწავლეს. ეს მასალა ეპილეფსიის სამკურნალო ქირურგიული ჩარევების დროს იყო აღებული. მიღებული მონაცემები მკვლევრებმა ბავშვების დედების პირის ღრუს ნაცხის გენეტიკურ სეკვენსებს შეადარეს.

მკვლევრებმა დედისა და შვილის გენეტიკური წყობების იდენტიფიცირებისთვის უჯრედის ბირთვის რნმ-ის სეკვენირების ტექნიკა გამოიყენეს, შემდგომ კი მონაცემებში კანონზომიერებების საპოვნელად სპეციალური კომპიუტერული ინსტრუმენტი, Cellector-ი აამოქმედეს.

“ეს უბრალოდ ჯადოსნური იყო. ინსტრუმენტი აანალიზებს მონაცემებს და გეუბნება: ეს უჯრედი ამ მოდელში არ ჯდება, ამიტომ ის, სავარაუდოდ, უცხოა”, — იხსენებს სამი კანაანი.

გუნდმა დედის უჯრედები 37-იდან 26 ბავშვში აღმოაჩინა — საშუალოდ 2.2 დედის უჯრედი ყოველ 100 000 უჯრედზე. ავტორების შეფასებით, რეალურად ეს უჯრედები უფრო მეტ ბავშვს ჰქონდა, მაგრამ მეთოდი იმ შემთხვევებს ვერ აფიქსირებდა, როდესაც დედას და შვილს იდენტური გენეტიკური ვარიანტები გააჩნდათ.

ამასთან, დადგინდა, რომ მიკროქიმერული უჯრედები ტვინში მრავალ ფუნქციას ითავსებს. ისინი მოქმედებენ როგორც ნეირონები (ინფორმაციის გადამტანი ნერვული უჯრედები), მიკროგლიები (ტვინის იმუნური უჯრედები), ასტროციტები (ნეირონების დამხმარეები), ოლიგოდენდროციტები (ქმნიან ნეირონების დამცავ გარსს) და ენდოთელური უჯრედები (ფარავენ სისხლძარღვებს).

ექსპერიმენტის მეორე ნაწილში გუნდმა წინა სამი კვლევის მონაცემებიც გააანალიზა, რომელიც 22 კვირის ნაყოფიდან 80 წელს გადაცილებულ ადამიანებამდე ასაკობრივ ჯგუფს მოიცავდა. დადასტურდა, რომ მიკროქიმერული უჯრედები ტვინში ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მცირდება. მეცნიერთა ვარაუდით, ეს კლება აპოპტოზით — დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილით აიხსნება, რომელიც ორგანიზმიდან დაზიანებულ და ძველ უჯრედებს ბუნებრივად აშორებს.

“წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ისინი გესტაციურ [ორსულობის პერიოდის] ნიმუშებშიც ვიპოვეთ. ეს ფართოდ გავრცელებული ადამიანური მახასიათებელია, რომელიც სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, რაც ნამდვილად გამაოგნებელია”, — აცხადებს კვლევის ავტორი, სამი კანაანი.

წყარო: newscientist

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები