დედობის გადავადება და რეპროდუქციული მედიცინის შესაძლებლობები – ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ ნანა ჯანელიძესთან

გააზიარე

დღეს, ქალის როლისა და ცხოვრების რიტმის ცვლილებასთან ერთად, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხები სულ უფრო აქტუალური ხდება. კარიერული განვითარება და სოციალური აქტივობა ხშირად დედობის გადავადების ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც მოგვიანებით შეიძლება სამედიცინო და ფსიქოლოგიური გამოწვევები წარმოშვას.

აღნიშნულ გამოწვევებზე, ორსულობისთვის მომზადების თანამედროვე მიდგომებზე, ასაკობრივ რისკებსა და რეპროდუქციული მედიცინის შესაძლებლობებზე Medscriptum-თან დეტალურად საუბრობს „ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის“ რეპროდუქციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე:

არსებობს თუ არა გარკვეული რეკომენდაციები, რა ასაკში უნდა მოემზადოს ქალი დედობისთვის?

დედობის დაგეგმვისას  ძალიან დიდი როლი აქვს ქალის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასებას. შემდგომ გადავდივართ იმ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაზე, რაც მომავალში  გამოსავლის ძიებას გააუმჯობესებს. გამოსავლებზე საუბრისას ასე გავმიჯნოთ საკითხი – სოციალური ჩვენებით არსებობს კვერცხუჯრედის გაყინვის შესაძლებლობა, როდესაც ქალი თავისი სამომავლო გეგმებისთვის ყინავს ბიოლოგიურ მასალას, რადგან დაძაბული რიტმისა თუ სხვა ფაქტორების გამო ვერ გეგმავს ორსულობას. თუმცა აქ შემოდის სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის, ქალის ასაკი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

ამ ფაქტორებს შორის არის ისეთი შემთხვევები, როცა აუცილებელია ორსულობა დაიგეგმოს, პაციენტის სამედიცინო მდგომარეობის შესაბამისად, როდესაც საკვერცხის რეზერვი, ფუნქცია თანდათან იკლებს. ეს მეტად ეხება იმ ქალებს, რომელთაც არ ჰგონიათ, რომ მათი ასაკი არის ის ზღვარი, როდესაც უნდა იფიქრონ კვერცხუჯრედის გაყინვაზე, არამედ არის ის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ნაადრევად არის დაწყებული პროცესები საკვერცხეში და მათთვის ეს  უცნობია, ვინაიდან არ გამოიხატა არანაირი კლინიკური სიმპტომით. ქალი ამ დროს თავის ფიზიოლოგიას აფასებს ისე, როგორც მანამდე აფასებდა და შესაძლოა ერთ-ერთ რუტინულ, გასინჯვაზე აღმოაჩინოს, რომ რეზერვი უკვე შემცირებული აქვს.

„ჟორდანიას ცენტრის“ მიდგომა არის ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. შესაბამისად, როდესაც პაციენტი მოდის გინეკოლოგთან და ხდება მისი პრობლემის იდენტიფიცირება, ფასდება მისი სამედიცინო მდგომარეობა, აუცილებლად გადამისამართდება განყოფილებაში, სადაც მას კონკრეტულად განუმარტავენ საჭირო დეტალებს და მკურნალობის გზასაც ერთად დასახავენ.

დაახლოებით რამდენი ხნით ადრე უნდა ჩაიტაროს ქალმა გამოკვლევები, თუ ის ორსულობას გეგმავს? და რა გამოკვლევებია რეკომენდებული?

უმჯობესია, წყვილმა ექვსი თვით მოგვმართოს და ჩაიტაროს კვლევა. თავდაპირველად, ულტრაბგერითი კვლევით შეფასდება საკვერცხის რესურსი და მისი ფუნქცია. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევაში არსებობს შეფასების კრიტერიუმები და ყოველთვის ობიექტურ და სწორ შედეგებს ვიღებთ, როცა ის რეპროდუქტოლოგების მიერ ტარდება, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ფუნქციას, რომელიც მის ისტორიასთან არის დაკავშირებული. უნდა შეჯამდეს ყველა ფაქტორი, ფართო საზოგადოებისთვის უკვე ძალიან კარგად არის ნაცნობი ანტიმიულერის ჰორმონის განსაზღვრა სისხლში. ზოგჯერ პაციენტი უკვე გამზადებული პასუხით მოდის. რა თქმა უნდა, მას აქვს გარკვეული შთაბეჭდილება შექმნილი თავისი შედეგის შესახებ და მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, მაგრამ, ეს კვლევა არ არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ თავისი მომავალი რეპროდუქციული ფუნქცია განსაზღვროს, რადგან ამ პროცესში სამი კომპონენტი მონაწილეობს 

  1. ანტიმიულერის სრულყოფილი ინტერპრეტაცია ასაკთან და არსებულ ისტორიასთან მიმართებაში;
  2. ულტრაბგერითი კვლევის შედეგების გაანალიზება;
  3. ჰორმონალური ფონი, რომელიც საერთოდ საკვერცხის შესახებ მოგვცემს ინფორმაციას.

გარდა ამისა, ფოლიუმის მჟავის მიღება, რომელსაც რეალურად ძალიან ბევრი გართულების პრევენცია შეუძლია, მინიმუმ სამი თვით ადრე პრეკონცეპტუალურად უნდა დაიწყოს ქალმა.

შესაძლებელია თუ არა ანტიმიულერის ჰორმონის მაჩვენებლის გამოსწორება?

ანტიმიულერის ჰორმონის დადებითი მაჩვენებელი ყოველთვის კარგი პროგნოზის მომასწავებელია, მაგრამ ნორმასთან შედარებით დაბალი ანტიმიულერი არ არის ყოველთვის ცუდი პროგნოზის მაჩვენებელი. გამოსწორება შესაძლებელია, თუნდაც კვერცხუჯრედის დროულად გაყინვით ან სხვა გზებით. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა რეპროდუქტოლოგთან დროულ ვიზიტს.

რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორებია რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის წონა და კვების რეჟიმის კონტროლი?

ამ საკითხს ანტიმიულერის ჰორმონის თემას მივაბამდი ვინაიდან მისი მაჩვენებელი სხვადასხვა ფაქტორთან არის ასოცირებული. ზოგჯერ მაღალი ანტიმიულერის ჰორმონი, რომელიც საკვერცხის პოლიკისტოზზე მიუთითებს, ასოცირებულია ჭარბ წონასა და მეტაბოლურ დარღვევასთან. იქმნება მანკიერი წრე, რაც იწვევს ანოვულაციას ანუ საკვერცხე „გაზარმაცებულია“. ამ დროს რეალურად, საკვერცხეს პოტენცია აქვს, რაც მის ფუნქციაში არ გამოიხატება. ამ შემთხვევაში, ქალს აუცილებლად სჭირდება კვების რეჟიმის მოწესრიგება და, შესაბამისად ენდოკრინოლოგის ჩართულობაც შეიძლება გახდეს საჭირო. მთავარ აქცენტს ვაკეთებთ სწორ, ჯანსაღ ცხოვრების წესზე და, რა თქმა უნდა, წონის კორექციაზეც.

სამწუხაროდ, ზოგჯერ არ გვაქვს დრო, რომ 10-20 კილოგრამის დაკლებას დაველოდოთ და სწრაფად არის ორსულობა დასაგეგმი, ხანგრძლივი უნაყოფობის ისტორიიდან გამომდინარე, ამიტომ ვიწყებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ორგანიზმში სასიკეთო ძვრებს გამოიწვევს და მეტაბოლურ სინფრომს მოაწესრიგებს. ვიწყებთ BMI-ზე ზრუნვას, ფიზიკურ აქტივობას, წონის კლებას, კვების რეჟიმის კონტროლს, რაც დადებითად მოქმედებს კვერცხუჯრედის ხარისხზე.

წონასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბრისას უნდა შევეხოთ წონის კლების პრეპარატების საკითხსაც. დღეს მკვიდრდება ტერმინი „ოზემპიკის ბავშვები“… რეალურად, არის თუ არა შესწავლილი GLP-1 აგონისტების მიღება ახდენს თუ არა გავლენას ბავშვზე?

ჯერჯერობით, კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბარი რთულია. მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში, როდესაც სიმსუქნე დამარცხებულია, მეტაბოლური დარღვევები აღმოფხვრილია და ქალის ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია, რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

რატომ არის სიმსუქნე და წონა ყოველთვის კრიტიკული? –  ჭარბწონიანობისას, მაღალი ოქსიდაციური სტრესის გამო  დარღვეულია ფოლიკულოგენეზი და ნორმალური, ხარისხიანი კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესი. აქედან გამომდინარე, რეალურად მედიკამენტი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ამიტომ  ასეთ პაციენტებთან ყოველთვის ვარჩევთ ოპტიმალურ პერიოდს, როდესაც სასურველია დაიწყოს  ოჯახის დაგეგმვა.

რა რეკომენდაციები არსებობს ორსულობის პერიოდში GLP-1 აგონისტების გამოყენებასთან დაკავშირებით?

ჯერჯერობით გვაქვს რეკომენდაცია, რომ ორსულობის პერიოდში GLP-1 აგონისტების გამოყენება უნდა შეწყდეს და უმჯობესია, ამ გაიდლაინს მივყვეთ.

არსებობს თუ არა ისეთი ასაკი, რომლის შემდეგაც ქალმა ორსულობის დაგეგმვა აღარ უნდა გადაავადოს და რატომ?

ქალის ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ზოგჯერ გადამწყვეტიც კი. თუმცა ერთ ასაკს ყველაზე ვერ განვაზოგადებთ, თუ ქალს აქვს ჯანმრთელი ფიზიოლოგია, კერძოდ, ჯანმრთელი საკვერცხე, როგორც ანატომიურად, ასევე ფუნქციურადაც, ამ შემთხვევაში, სასურველია, 35 წლამდე დაიგეგმოს ორსულობა.

როგორც აღვნიშნეთ, ასევე მნიშვნელოვანია წინასწარ შეფასდეს ქალის რეპროდუქციული ფუნქცია და დადგინდეს ხომ არ გვაქვს მაგალითად, საკვერცხის ნაადრევი განლევის სინდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ასაკის მიუხედავად, ფუნქცია სუსტდება. გართულების აღმოჩენა რუტინული გინეკოლოგიური კვლევის დროს ხდება. აღსანიშნავია, რომ შეიძლება, სინდრომის გამოვლენამდე ქალს არანაირი ჩივილი არ გქონდეს, მათ შორის, არც მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მისი აღმოჩენისას კი უკვე კარგად არის გამოხატული პროცესი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რუტინული კონსულტაცია რეპროდუქტოლოგთან, თუნდაც 30-დან 35 წლამდე, როდესაც უნდა შეფასდეს მისი რესურსი და განისაზღვროს შემდგომი გეგმები დედობასთან დაკავშირებით.

რა რისკები იზრდება ასაკთან ერთად დედისა და ნაყოფისთვის და რამდენად შეიძლება იმოქმედოს მკაცრმა დიეტამ და წონაში სწრაფმა კლებამ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?

35 წელზე ზემოთ ასაკის ქალებში უკვე მოსალოდნელია სამეანო გართულებები. აღვნიშნავ, რომ ფაქტორი არის არა მხოლოდ ასაკი, არამედ თანხმლები პროცესები, დაავადებები – როგორც გინეკოლოგიური, ასევე არაგინეკოლოგიური, ქრონიკული მდგომარეობები, სიმსუქნე და სხვა. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე  ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას: სტრესი, ფსიქოემოციური მდგომარეობა, გარემო პირობები, გენეტიკური განწყობა, ოჯახური ისტორია, ანამნეზი – ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები, არსებული ისტორია როგორც სამეანო, ასევე სომატური და გინეკოლოგიური.

წონის დეფიციტი რეპროდუქციული გამოსავლისთვის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. გვყავს პაციენტები, რომლებმაც უცებ დაკარგეს წონა, რამაც რეპროდუქციული ფუნქციის დროებით დათრგუნვა გამოიწვია, თუმცა სწორი მიდგომებით, კვების სრულფასოვანი რაციონის შედგენითა და დამატებით ჰორმონოთერაპიით შესაძლებელია ამ ფუნქციის აღდგენა. წონის დეფიციტი არის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს, მაგრამ ბოლომდე არ მოახდინოს გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, თუ მას დროულად აღმოვფხვრით.

დღეს როგორია ტენდენცია უშვილობასთან და შვილოსნობასთან დაკავშირებით, რადგან ორსულობის ასაკმა მნიშვნელოვნად გადაიწია?

ბოლო წლების ტენდენციები მართლა უკვე დასაბუთდა და გამოიხატა ციფრებში – ორსულობის ასაკმა რეალურად გადაიწია, როგორც უკვე ვისაუბრეთ, სხვადასხვა სოციალური თუ ფსიქოემოციური მიზეზებიდან გამომდინარე.

ევროპაში უკვე აქტიურად მოუწოდებენ რეპროდუქციული ასაკის ქალებს, გაყინონ კვერცხუჯრედები შემდგომი გეგმებისთვის, მათ შორის, ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაშიც, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ორსულობის გადავადების ტენდენცია გაჩნდა.

რაც შეეხება საქართველოს, პირად პრაქტიკაში, ბევრ პაციენტთან მისაუბრია როგორც ორსულობის სამედიცინო ასპექტებზე, ასევე, ფსიქოემოციურ ფაქტორებზე და ერთად დაგვიგეგმავს შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის, კვერცხუჯრედის გაყინვა. ამათან, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადი სტატისტიკა გვეხმარება სურათის დანახვასა და პროგნოზის განსაზღვრაში. არსებობს შემთხვევები, როდესაც საკვერცხის ქსოვილი სხვადასხვა მიზეზით არის დაზიანებული, მათ შორის, გადაუდებელი ქირურგიული ჩარევების, ქრონიკული ენდომეტრიოზის ან ცისტექტომიების გამო. რიგ შემთხვევებში ასეთი ჩარევების გამო გვაქვს სავალალო შედეგი, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს რეპროდუქტოლოგის მხარდაჭერას. შეიძლება, გარკვეული ოპერაციის ჩატარების შემდეგ მწვავე პროცესი მოგვარდეს, მაგრამ დარჩეს პრობლემა, რომელიც საკვერცხის რესურსს ეხება. სწორედ ამიტომ, ეს ფაქტორებიც გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება უნაყოფოფობის საკითხს – ეს პრობლემა დღეს რეალურად ყოველ მესამე თუ მეხუთე ოჯახს აწუხებს და ალბათ თანდათან აღმოიფხვრება, თუ ფართო საზოგადოებამდე მივა მესიჯი, რომ არ გადაავადონ რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი და შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა, განსაკუთრებით ეხება ეს უკვე რეპროდუქციული ასაკის ქალებს.

როგორც აღნიშნეთ, ერთი მხრივ, გაზრდილია ორსულობის გადავადების სტატისტიკური მაჩვენებლები და მეორე მხრივ, დღის წესრიგში დგას უნაყოფობის პრობლემა. აღნიშნული რეალობის საპასუხოდ, რამდენად გაიზარდა საქართველოში კვერცხუჯრედის გაყინვაზე მოთხოვნა?

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში კვერცხუჯრედის გაყინვის ტენდენცია მეტად შეიმჩნევა. მე მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია ექიმების მხრიდან უფრო აქტიურად და კორექტულად გაიცეს, როდესაც ქალი მათთან რუტინულ შემოწმებაზე მივა.

თუ თქვენთან ვიზიტზე მოვა 39 წლის ქალი, რომელსაც ჯერ არ ჰყავს შვილი და ფიქრობს, რომ შეუძლია კიდევ რამდენიმე წლით გადაავადოს ორსულობის დაგეგმვა, რას ურჩევდით? გარდა ამისა, რამდენად რეალისტურია 40 წლის ასაკში ბუნებრივი გზით დაორსულება?

დავიწყებ ბოლო კითხვით – 40 წლის ასაკში დაორსულების რეალისტური პროცენტი 8%-ზე ნაკლებია. ასევე მნიშვნელობა აქვს ქალის წინა ისტორიას, ანამნეზს, თანმხლებ დაავადებებს და ზოგადად, ცხოვრების წესს.

39-სა და 40 წელს შორის შეიძლება მცირედი სხვაობა იყოს. 40 წლიდან უფრო კრიტიკულად არის შესაფასებელი ქალის მდგომარეობა. როდესაც 40 ასაკის ქალი რეპროდუქტოლოგთან პირველად მიდის ვიზიტზე, მიდგომა არის, რომ მას დაუყოვნებლივ გაეწიოს ყველა ის სამედიცინო პროცედურა, გამოყენებული იქნას ყველა ის შესაძლებლობა, რაც მას ორსულობის გარკვეულ შანსს მისცემს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოლოდინები მაღალი არ არის და დაახლოებით 15%-ს არ აღემატება.

39 წლის ასაკის ქალების მხოლოდ მცირე პროცენტს აქვს კარგად შენარჩუნებული რეპროდუქციული ფუნქცია. ამასთან, თუ ანამნეზში აღნიშნული ასაკის ქალს უნაყოფობის ისტორია აქვს, დაუყოვნებლივ უნდა ჩავრთოთ ყველა შესაძლებლობა, რომ თუნდაც 40 წლის ასაკამდე გააჩინოს შვილი.

რამდენად შეიცვალა მედიცინის შესაძლებლობები 35-40 წლის ასაკის შემდეგ დაორსულების თვალსაზრისით?

დღეს, საზოგადოების ინფირმირებულობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალები თვითონვე მოგვმართავენ კითხვებით. შესაძლებელია, არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ, თუმცა თუნდაც წყვილები, ვიზიტით მოგვმართავენ და რეპროდუქციული საკითხით ინტერესდებიან, რათა მოემზადონ ორსულობის დასაგეგმად.

რაც შეეხება მედიცინის შესაძლებლობებს, რეპროდუქციული მიმართულება სწრაფად განვითარებადი დარგია, განსაკუთრებით, დამხმარე ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მათ შორის, ინვიტრო განაყოფიერების. ბოლო პერიოდში დაგროვდა სათანადო გამოცდილება და დასაბუთებული მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მივუდგეთ ამა თუ იმ შემთხვევას. მე რეპროდუქციულ მედიცინაში 20-წლიანი გამოცდილება მაქვს, რაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად მივუდგე. ზოგადი სტატისტიკა ყოველთვის გვაძლევს გარკვეულ საფუძველს, თუ ამა თუ იმ პაციენტთან მკურნალობის როგორი პროტოკოლი შევიმუშაოთ, თუმცა გასათვალისწინებელია ქალის ინდივიდუალური შესაძლებლობებიც. რომ შევაჯამო, მკურნალობის პროცესი, საბოლოო ჯამში კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ეფუძნება ბოლო პერიოდში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას, რეპროდუქტოლოგისა და ემბრიოლოგის ჩართულობას.

ინვიტრო განაყოფიერება დღეს უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთ წარმატებულ და უსაფრთხო მეთოდად მიიჩნევა და მის ჩართულობას ყოველთვის აქვს აზრი. ამ შემთხვევაშიც, პროცესი ინდივიდუალურად იგეგმება, წყვილის საჭიროების მიხედვით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის არ არის მკურნალობის გარანტირებული მეთოდი ორსულობის მისაღწევად, თუმცა საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხო მიდგომაა.

 რა ეტაპზე უნდა მიმართოს წყვილმა რეპროდუქტოლოგს, რამდენ ხანს უნდა ელოდოს ბუნებრივ ორსულობას და რა შემთხვევაში ხდება საჭირო ინ ვიტრო განაყოფიერება?

წყვილმა ნებისმიერ დროს შეიძლება მიმართოს გინეკოლოგს, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, მიუხედავად იმისა,  აქვთ თუ არა მათ ჩივილი. ამასთან, რეკომენდებულია ექიმისთვის მიმართვა, 6-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ, როდესაც ორსულობა არ დგება. შემდეგ კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად განისაზღვრება რეპროდუქციული პროგნოზი და დაისახება გეგმა, სჭირდებათ თუ არა მათ რაიმე ჩარევა, მიეცემათ რეკომენდაციები, რათა ორსულობისთვის მოემზადონ. ყურადღება გამახვილდება ჯანსაღი ცხოვრების წესსა და პრეკონცეპტუალურ დანამატებზე, რომლებიც ორსულობის დაგეგმვამდე არის მნიშვნელოვანი

და ბოლოს, როგორც რეპროდუქტოლოგს, რა გსურთ, რომ ყველა ქალმა იცოდეს საკუთარი  ჯანმრთელობის შესახებ,  რა არის თქვენი მთავარი გზავნილი?

ჩემი მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ ყველა ქალს აქვს უფლება იყოლიოს შვილი, ამიტომ თავიანთი სურვილები გაუზიარონ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს და მასთან ერთად დასახონ გეგმები.

 

 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები