მედიცინის სფერო საოცრებების სამყაროა. სამედიცინო სასწავლებლის პირველივე დღეებიდან გვასწავლიდნენ, რომ ესაა სფერო, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და რამდენადაც ეს მომნუსხველად შეიძლება ჟღერდეს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული პაციენტის შემთხვევა უნიკალურია და ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ მათი მდგომარეობა იმ ფართო ჩარჩოებში არ ჯდებოდეს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა წლობით უამრავ პაციენტს ეხმარებოდეს ექიმი. სწორედ ამ დროს ხდება რელევანტური განსხვავებული აზრის მოსმენა, საკითხში სხვა პროფესიონალის ჩართვა, მისი გამოცდილებისა და პროფესიონალური აზრით სარგებლობა — უფრო მარტივად: Second Opinion ანუ „მეორე აზრი“.
სწორედ ამ მისიას ემსახურება Medveritas Global პორტალი, სადაც პაციენტებს რთული სამედიცინო შემთხვევების სწორად მართვაში ეხმარებიან და მათი მდგომარეობის შესახებ პროფესიონალურ მეორე აზრს ამერიკაში მოღვაწე მაღალკვალიფიციური ექიმები იძლევიან.
Medveritas Global-ის მისიაზე, მეორე აზრის მნიშვნელობასა და ამერიკულ გამოცდილებაზე სასაუბროდ პატივი გვხვდა, ინტერვიუ ჩაგვეწერა აშშ-ში მოღვაწე ენდოკრინოლოგ ნიკოლოზ ჩიტაიასთან. ბატონი ნიკოლოზი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სწავლა ამერიკაში რეზიდენტურის პროგრამაზე გააგრძელა — კერძოდ, ემორის უნივერსიტეტში (Emory University) შინაგანი სნეულებების განხრით, შემდგომ კი ფლორიდის უნივერსიტეტში (University of Florida) ენდოკრინოლოგიის მიმართულებით, რის შემდეგაც უკვე მრავალი წელია აქტიურად ეწევა სამედიცინო პრაქტიკას.
— შეგიძლიათ ცოტაოდენი „მედვერიტასის“ (Medveritas) შესახებ მოგვიყვეთ? რას ემსახურებით და რას ფიქრობთ მეორე აზრის მნიშვნელობის შესახებ?
— მიზანი ისაა, რომ არსებობდეს პორტალი, სადაც პაციენტს ყოველთვის შეეძლება „მეორე აზრის“ ან უბრალოდ განსხვავებული აზრის მოსმენა. წლების განმავლობაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით უცხოეთში მოღვაწე ექიმებს გვიკავშირდებიან, რათა რჩევა ან აზრი გვკითხონ, რადგან მათი შემთხვევები ხშირად არაა ორდინალური.
სამწუხაროდ, ამგვარი პაციენტების დიდი ნაწილი პასუხის ძიებაში უამრავ უცხოურ კლინიკას აკითხავს, რაც მრავალ სირთულესთან და, ხშირად, დიდ დაბნეულობასთანაა კავშირში ზუსტი დიაგნოზის მიღების თვალსაზრისით. ამიტომ მიზანი სწორედ ესაა, რომ პაციენტმა მომართვის შემთხვევაში კვალიფიციური რეკომენდაცია მიიღოს და აღარ დასჭირდეს სხვადასხვა სპეციალობის ცენტრებში სიარული. რასაც ეძახიან “One-stop shop”, როდესაც ერთ ადგილას ყველაფერს გაარკვევ და დაკვალიანდები აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე. მთავარი ყოველთვის ესაა, რომ პაციენტს სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი მიეწოდოს, დაკვალიანდეს და სწორ გზაზე დადგეს.
უშუალოდ მეორე აზრის მნიშვნელობა უფრო რომ განვავრცოთ, ძალიან კარგია „Second Opinion“-ის კონცეფციის არსებობა. იმიტომ, რომ ეს ყველას ეხმარება — როგორც პაციენტს, ისე ექიმსაც, რომ უკეთ გაერკვნენ სიტუაციაში. ერთის მხრივ, ყოველთვის საინტერესოა კოლეგის აზრის მოსმენა, თუ ვარაუდები ერთმანეთს არ ემთხვევა, მეორე მხრივ კი, თუ მეორე აზრი პირველის იდენტურია, ეს ისევ ექიმის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს და პაციენტიც უფრო მეტადაა დარწმუნებული დიაგნოზისა და თერაპიული სტრატეგიის სიზუსტეში. ჩემს პირად პრაქტიკაში მეორე აზრი განსაკუთრებით საინტერესო მაშინაა, როდესაც საქმე რაიმე უიშვიათეს დარღვევას ეხება, რადგან ასეთი შემთხვევების დროს თითოეული პროფესიონალის აზრი ორმაგად საინტერესოა ჩემთვის. ეს ჯანსაღი მედიცინის ნაწილია.
— ამერიკული მედიცინა: რა ხდის მას მოწინავედ მთელს მსოფლიოში? რა განაპირობებს თუნდაც იმ ფაქტს, რომ FDA-ს უზარმაზარი გავლენა აქვს მსოფლიო მედიცინის პულსაციაზე?
— უპირატესობა მაინც იმაშია, რომ ჯანდაცვის სისტემა როგორც ექიმების, ისე სხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერაა აწყობილი და, შესაბამისად, გამართულად მუშაობს, რათა სამედიცინო პროფესიონალს მაქსიმალური პირობა შეუქმნას საქმის საკეთებლად. მეორე უპირატესობა კი ეს მოცულობაა — ინფორმაციისა და ინოვაციების მოზღვავება, რომელსაც პირველად სწორედ ჩვენ ვიგებთ. სისტემაა ასე მოწყობილი, რომ კომპანიებმა თავადვე გაგაგებინონ თავიანთი უახლესი მიგნებების შესახებ, რაც ახალ კარებს ხსნის.
რაც შეეხება სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA), ეს დიდი ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, რომელიც რისკებს მაქსიმალურად აზღვევს, რათა უახლესი პრეპარატისა თუ მკურნალობის მეთოდის დანერგვისას რაიმე სახის ინციდენტს არ ჰქონდეს ადგილი. ამიტომაა, რომ შესაძლოა ევროპაში ამა თუ იმ მედიკამენტის გამოჩენას უფრო ადრე შევესწროთ, თუმც ამის შესახებ ამერიკელი ექიმები უკვე ფლობენ საფუძვლიან ცოდნას. ამგვარი მიდგომა ალბათ უფრო იმ ზღვა ინფორმაციას ფილტრავს, რომელთან ურთიერთობაც ყოველდღიურად გვიწევს.
— ენდოკრინოლოგიის დარგზე რას გვეტყოდით? რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ენდოკრინოლოგის ყოველდღიურობა?
— ენდოკრინოლოგია, ანუ ჩვენი დარგი, ძირითადად ემყარება ლაბორატორიულ და ობიექტურ მონაცემებს. ლაბორატორია და ტექნოლოგია უკვე ისე არის განვითარებული, აღარ არსებობს განსხვავება ევროპას, ამერიკასა და საქართველოს შორის. ნებისმიერი ტესტი შეიძლება გააკეთო და მაინც, რასაც ვერ აკეთებს ანალიზატორი, თავისუფლადაა შესაძლებელი მისი სხვა ლაბორატორიაში გადაგზავნა.
ამიტომ ენდოკრინოლოგის საქმის ტელემედიცინის დახმარებით კეთებაც თავისუფლადაა შესაძლებელი, ვინაიდან მისი მთავარი გამოწვევა კვლევების მართებული დანიშვნა და კვლევების პასუხების სწორი ინტერპრეტაციაა კონტექსტის მიხედვით. სწორედ ეს განაპირობებს უკვე სამომავლო თერაპიის განსაზღვრასა და მის ეფექტურობას.
დღეს უკვე იმდენად ბევრი განსხვავებული ანალიზის მიღებაა შესაძლებელი თავისუფლად, რომ პირველ რიგში შესაძლოა თავად პაციენტი დაიბნეს ამ სიუხვეში. ექიმის მისიაც ესაა — ამ სიუხვეში ნავიგაცია მოახერხოს და ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოს. ვიტყოდი, რომ თუ ადრე მონაცემთა დეფიციტში გვიწევდა ოპერირება, ახლა უკვე მათ მოზღვავებასთან გვიწევს გამკლავება, რაც რეალურად, როგორც ამერიკელები ეძახიან, „კარგი პრობლემაა“. დეფიციტს სიჭარბე ხომ ყველაფრით სჯობს.
— როგორ მუშაობს მეორე აზრის მოთხოვნის პროცესი და რა დროსთანაა დაახლოებით ამომწურავი პასუხის მიღება დაკავშირებული?
— მთავარი პაციენტისთვის სერვისის რაც შეიძლება მარტივად მიწოდებაა. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ეს დაახლოებით ერთკვირიან ვადასთანაა დაკავშირებული. ეს ონლაინ ბმულის საფუძველზე ხდება, სადაც დაინტერესებულ პაციენტს ჩაენიშნება შეხვედრა და ჩვენც ტელემედიცინის საშუალებით შევხვდებით მას.
ერთი კვირის ვადა სწორედ ამისთვისაა საჭირო, ვინაიდან საუბარია არა ახალ პაციენტზე, ვისი ნულიდან მართვაც ყოველთვის უფრო მარტივია, არამედ პაციენტზე, რომლის პრობლემაც წლობითაა ნაგროვები. უამრავი ანალიზისა და კონსულტაციური დასკვნის გაანალიზებაა საჭირო, სანამ მას ჩვენს პროფესიონალურ აზრს მივაწვდით. რეალურად ამის გაკეთება ყველას შეუძლია, უბრალოდ უნდა იცოდე თუ რას აკეთებ, რათა პაციენტის საქმე უფრო მეტად არ დაამძიმო. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს ამის გამოცდილება და კომპეტენცია, შესაბამისად შეგვიძლია ამგვარ გამოწვევებს თავი კარგად გავართვათ.
— რა ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტი (AI) თქვენს პროფესიაში ან ყოველდღიურობაში?
— ჯერჯერობით არავინ იცის, ხელოვნური ინტელექტი რას იზამს, იმდენად სწრაფად ვითარდება. კლინიკურ მედიცინაში, პაციენტის დონეზე, მე პირადად ნაკლებად ვიყენებ, იმიტომ რომ ინტერპრეტაცია მაინც ექიმის პასუხისმგებლობაა და სხვა არავის. მაგრამ, სადაც ვიზუალია საჭირო, მაგალითად, რენტგენზე, AI-მ შეიძლება დაინახოს ისეთი კვანძი, რომელიც ადამიანის თვალს გამოეპარება. იგივე ეხება ტომოგრაფიას ან პათანატომიურ სლაიდებს. მანქანა უკეთესად ხედავს.
ალბათ მივალთ იქამდეც, რომ ჰორმონების ინტერპრეტაციასაც შეძლებს, რადგან მას მილიონობით მონაცემთა ბაზის (database) ნახვა შეუძლია ერთ წამში. ამ მომენტში ჩვენს სფეროში ის უფრო კომფორტული ასისტენტის ფუნქციას ითავსებს, რომელიც შრომას გვიმცირებს და მეტ დროს გვიტოვებს, უშუალოდ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და, მაგალითად, ბიუროკრატიას არ გავატანოთ ჩვენი ძვირფასი დროის დიდი ნაწილი. ასევე, გამოვყოფდი მის უსაზღვროდ დიდ მნიშვნელობას ინდივიდუალური მედიცინის განვითარებაში. მაგალითისთვის, MIT-ის მიერ შემუშავებული ალგორითმი, რომელიც პაციენტის მეტაბოლურ კანონზომიერებას სწავლობს, დიაბეტის მქონე პაციენტებს ძალიან უმარტივებს ცხოვრებას.
„Medveritas Global“ და ნიკოლოზ ჩიტაიას მსგავსი პროფესიონალები ქმნიან უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ხიდს საქართველოსა და ამერიკულ გამოცდილებას შორის. ეპოქაში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობა ინფორმაციის მოზღვავებამ შეცვალა, „მეორე აზრი“ აღარ არის ფუფუნება ან სტიგმა — ის თანამედროვე, ჯანსაღი მედიცინის განუყოფელი ნაწილია. ტელემედიცინისა და ინოვაციური მიდგომების დახმარებით, პაციენტისთვის ხელმისაწვდომი ხდება ის სიზუსტე და სიმშვიდე, რაც რთული დიაგნოზების მართვისას გადამწყვეტია. მედიცინა მუდმივად ვითარდება, თუმცა მისი მთავარი ღირებულება უცვლელი რჩება — ეს თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების დანახვა და მათი სწორ გზაზე დაყენებაა, რასაც ბატონი ნიკოლოზი და მისი გუნდი წარმატებით ართმევს თავს.

