ელექტროენერგიის გათიშვა ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს და ჰოსპიტალიზაციის რისკს ზრდის: ახალი კვლევა

გააზიარე

ელექტროენერგიის გათიშვა უბრალო საყოფაცხოვრებო დისკომფორტი არ არის — კვლევები აჩვენებს, რომ ენერგომომარაგების შეწყვეტა ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის რისკს მკვეთრად ზრდის. ეს საფრთხეები მოიცავს როგორც კუჭ-ნაწლავის დაავადებებსა და გულ-სისხლძარღვთა გართულებებს, ისე ფიზიკურ ტრავმებსა და ავტოსაგზაო შემთხვევებს.

ექსპერტების განმარტებით, დენის გათიშვისას ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იზრდება როგორც გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პრობლემების, ისე ნახშირჟანგით (CO) ინტოქსიკაციის გამო, რაც ხშირად გენერატორების არასწორი გამოყენებითაა განპირობებული. ამასთან, განსაკუთრებით იმატებს ბავშვებში დამწვრობისა და სხვადასხვა ტრავმის მიღების რისკი, რადგან მოსახლეობა ალტერნატიული განათებისა და გათბობისთვის სანთლებსა და გაზქურებს იყენებს.

ამ ჰიპოთეზებსა და დაკვირვებებს უახლესი მასშტაბური სტატისტიკური კვლევებიც ადასტურებს. სამეცნიერო ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, სადაც 65 წელს გადაცილებული 23 მილიონი პაციენტის მონაცემები გაანალიზდა, 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის ელექტროენერგიის გათიშვა პირდაპირ უკავშირდება ხანდაზმულებში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის მკვეთრ ზრდას. კვლევამ აჩვენა, რომ სასუნთქი სისტემის დაავადებებით საავადმყოფოში გადაყვანის რისკი პიკს დენის გათიშვის დღესვე აღწევს, ხოლო გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით ჰოსპიტალიზაცია მომდევნო დღეს იმატებს. მეცნიერების გათვლით, მხოლოდ აშშ-ში, ერთი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის გათიშვამ 65 წელს გადაცილებულ პირებში 4,200-ზე მეტი დამატებითი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის გათიშვა უარყოფითად მოქმედებს საგზაო უსაფრთხოებაზეც. შუქნიშნებისა და ქუჩის განათების გათიშვის პარალელურად, სტრესულ გარემოში მძღოლების ქცევა უფრო უმართავი ხდება, რაც ავარიების რაოდენობას ზრდის.

როდესაც ელექტროენერგიის შეწყვეტა რამდენიმე დღეს გრძელდება, მკვეთრად იმატებს კუჭ-ნაწლავის ინფექციების გავრცელება. ეს მხოლოდ მაცივარში საკვების გაფუჭებით არ არის გამოწვეული — ენერგომომარაგების შეწყვეტამ შესაძლოა წყალმომარაგებისა და წყლის წმენდის ობიექტების შეფერხებაც გამოიწვიოს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ხშირად ექსტრემალურ ამინდსა და სტიქიურ მოვლენებს (მაგალითად, ხანძრებსა თუ შტორმებს) ემთხვევა, რაც რისკებს კიდევ უფრო ამძაფრებს. კლიმატის ცვლილებითა და გაუმართავი ენერგოსისტემებით გამოწვეული ეს ორმაგი დარტყმა ვითარებას ბევრად უფრო კრიტიკულს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ყველას ეხება, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმულები, ორსულები და ის პაციენტები წარმოადგენენ, რომლებიც ელექტროენერგიაზე დამოუკიდებულ სამედიცინო აპარატურას (ჟანგბადის კონცენტრატორებს, დიალიზის აპარატებს) იყენებენ.

კრიზისული სიტუაციების მართვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავს პირობებში რისკების შესამცირებლად მთავარი წინასწარი დაგეგმვა, ენერგოქსელების საიმედოობის ამაღლება და პრევენციული ზომების მიღებაა, მათ შორის სამედიცინო აპარატურისთვის სარეზერვო კვების წყაროების უზრუნველყოფა.

წყარო: PLOS Medicine

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები