ეპილეფსია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის საშუალო წლიური ინციდენტობა შეადგენს დაახლოებით 50–70 შემთხვევას 100,000 მოსახლეზე. მიუხედავად მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური მკურნალობის არსებობისა, პაციენტების 20–30% ვერ აღწევს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, რასაც ფარმაკორეზისტენტობა ეწოდება. სწორედ ეს პაციენტები შესაძლოა გახდნენ ქირურგიული მკურნალობის კანდიდატები.ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა საქართველოში პირველად საბჭოთა პერიოდში დაიწყო, თუმცა ხანგრძლივი პაუზის 2019 წლიდან ისევ აქტიურად მიმდინარეობს. კავკასიის მედიცინის ცენტრისა და იაშვილის კლინიკის ბაზაზე, შარიტეს (Charité, ბერლინი) და ავსტრიის წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობით, უკვე ჩატარდა 30-მდე წარმატებული ოპერაცია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ქართულ სამედიცინო სივრცეში ეს არის ახალი ეტაპი, რომელიც პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, უმაღლესი დონის ნეიროქირურგიული დახმარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლის გარეშე მიიღონ. ამ თემაზე ვესაუბრეთ ნეიროქირურგ ლადო წიქარიშვილს.
– ბატონო ლადო, როდის დაიწყო საქართველოში ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა?
ეპილეფსიის ქირურგია პირველად, საკმაოდ დიდი ხნის წინ ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე დაიწყო. რა თქმა უნდა, იმ დროისთვის არსებული ტექნოლოგიებისა და ცოდნის ფარგლებში. შემდეგ იყო დიდი პაუზა, მაგრამ 2018 წლიდან ისევ განახლდა მუშაობა ამ მიმართულებით. პირველი პროექტი განხორციელდა შარიტეს კლინიკის ექიმებთან ერთად, კავკასიის მედიცინის ცენტრის ბაზაზე. ამ პროექტში დიდი წვლილი შეიტანა ბერლინში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, თენგიზ გლოველმა.
– რამდენად ეფექტურია ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა?
უნდა აღინიშნოს, რომ 100%-იანი შედეგის მიღწევა ყოველთვის შეუძლებელია, თუმცა ოპერაციის შემდგომ გულყრების სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება. მოზრდილებში, ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიის ხშირი მიზეზი ჰიპოკამპის სკლეროზია, რომლის დროსაც, ოპერაციის შემდგომ, გულყრის ეპიზოდების სიხშირის შემცირება მინიმუმ 70%-ი და მეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავსტრიელ კოლეგებთან, ნეიროქირურგ ქრისტიან დორფერ და ნევროლოგ მაია პატარაიასთან ერთად, ამ პროცესში ჩაერთო საერთაშორისო ლიგა ეპილეფსიის წინააღმდეგ- რომლის ქირურგიის სექციის ხელმძღვანელიცაა ავსტრიელი ნეიროქირურგი. ამავდროულად პროცესში აქტიურად მონაწილეობენ წამყვანი ქართველი სპეციალისტები; ნევროლოგები, ნეიროქირურგები და ეპილოპტოლოგები. ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება არამარტო ჰიპოკამპის სკლეროზის, არამედ ფართო სპექტრის ეპილეფსიური დაავადების მკურნალობა, როგორც მოზრდილ, ასევე პედიატრიულ პაციენტებში.
– რითი განსხვავდება მდგომარეობა პედიატრიულ პაციენტებში?
ბავშვებში ჰიპოკამპის სკლეროზით გამოწვეული ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსია შედარებით უფრო იშვიათია. უფრო ხშირად ეპილეფსია გამოწვეულია ექსტრატემპორალური პრობლემის მიერ, მაგალითად, კორტიკალური დისპლაზია, სტარჯ-ვებერის სინდრომი და ა.შ. მიდგომა ასეთ შემთხვევებშიც იგივეა: თუ ორი წლის განმავლობაში ადეკვატური მედიკამენტური მკურნალობის ფონზე გულყრები არ კონტროლდება, განიხილება ქირურგიული ჩარევა. პაციენტების სწორად შერჩევის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პრექირურგიული ეტაპი და გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე სპეციალისტის ერთობლივი მონაწილეობა, როგორიცაა: ბავშთა ნევროლოგი, რადიოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, პედიატრი და ნეიროქირურგი. გარდა ამისა, იმართება კონსილიუმი, რომლის დროსაც თითოეული პაციენტის დიაგნოზის, მიმდინარე და პოტენციური მკურნალობის გეგმების დეტალური განხილვა მიმდინარეობს.
– როგორი ტიპის ქირურგიულ ჩარევას გამოიყენება ეპილეფსიის მკურნალობისთვის?
ეპილეფსიის ქირურგიაში ოპერაციის სამი ძირითადი ტიპი არსებობს. პირველი გულისხმობს ეპილეპტოგენური უბნის ამოკვეთას, რაც ხშირად ძალიან ეფექტურია. მეორე შემთხვევაში ხდება იმპულსების გადაცემის „გამოთიშვა“. ე.წ. დისკონექციური ოპერაციები. მესამე ტიპის ჩარევა კი ნეირომოდულაციაა: რომლის დროსაც ხდება ნერვული სისტემის გარკევული უბნის სტიმულაცია- მაგალითად ცდომილი ნერვის ან თავის ტვინის გარკვეული უბნის სტიმულაცია, რომელიც რიგ შემთხვევბში ამცირებს გულყრის სიხშირეს. თუ რა ტიპის და მასშტაბის ჩარევა შედგება კონკრეტულ პაციენტთან დამოკიდებულია ეპილეპტოგენური უბნის ლოკაციაზე. ამ მიზნით ტარდება სიღრმისეული რადიოლოგიური კვლევები, როგორიცაა: თავის ტვინის მაღალი გარჩევადობის მრტ, ელექტროენცეფალოგრაფია და ა.შ. ეს არაინვაზიური კვლევები ხელმისაწვდომია საქართველოში, ხოლო რამოდენიმე უფრო კომპლექსური დიაგნოსტიკური ტესტი, ამ ეტაპზე საზვარგარეთ ტარდება. მხოლოდ კერის ზუსტი ლოკალიზების შემდგომ იგეგმება ქირურგიული ჩარევა.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, რადგან პედიატრიული ასაკის პაციენტებს, უმეტეს შემთხვევაში, უფრო დიდი ზომის ეპილეპტოგენური კერა აღენიშნებათ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ან თავის ტვინის ჰემისფეროს სხვადასხვა წილების ერთამენთისგან, ან სრულიი ნახევარსფეროს გათიშვა, რასაც ჰემისფეროტომიას ვუწოდებთ.
– როგორ მუშაობს ჰემისფეროტომია ნევროლოგიური კავშირების დონეზე?
თავის ტვინში სამ ძირითადი სახის ნეირონულ კავშირს გამოყოფენ: ასოციაციურ, კომისურულ და პროექციულ ბოჭკოებს. ეპილეფსიური იმპულსის გავრცელება სწორედ თეთრ ნივთიერებაში არსებული ამ გამტარებლობითი გზებით ხდება. ჰემისფეროტომია მიზნად ისახავს ამ გზების(კომისურული და სელექტიურად ასოციაციური და პრეოქციული) გადაკვეთას და ჯანმრთელი უბნის ან ნახევარსფეროს გამოყოფას დაავადებული რეგიონისგან. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, თუ დროულად ჩატარდება, რადგან ხანგრძლივად არსებული ეპილეფსია, ადექვატური ყურადღების გარეშე სარკისებურად ვრცელდება მეორე ნახევარსფეროზე.
– გაქვთ უკვე ჩატარებული ასეთი ოპერაციების მაგალითები საქართველოში?
დიახ, corpus callosum-ის, კორძიანი სხეულის გათიშვა საქართველოში უკვე ოთხჯერ ჩატარდა. შედეგები იმედისმომცემია: ატონიური გულყრის (წამიერი კუნთოვანი ტონუსის დაკარგვა, რომელიც ხშირად ტრავმულ დაზიანებას იწვევს პაციენტში) ეპიზოდების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე ისტორიაში პირველად, საქართველოში შევასრულეთ ჰემისფეროტომიის ოპერაცია პედატრიულ პაციენტზე იაშვილის კლინიკაში. ნოემბერში იგეგმება კიდევ რამოდენიმე ქირურგიულ მკურნალობა, მათ შორის სტარჯ-ვებერის დაავადების და ჰემიმაგალონცეფალიის მქონე პაციენტებში.
– რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ოპერაციას?
ბევრ პაციენტს და მათი ოჯახის წევრებს აინტერესებთ, ხომ არ დარჩება პაციენტი პარალიზებული, ხომ არ შეეზღუდება მეტყველება ან მხედველობა. ჩვენ ოპერაციებს უდიდესი სიზუსტით ვატარებთ, არ ვეხებით ფუნქციურად აქტიურ უბნებს: შიდა კაფსულას (მოტორულ ფუნქციაზე პასუხისმგებელი უბანი), მეტყველების და მხედველობის ცენტრს. შედეგად, ახალი, სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები პაციენტებს არ აღენიშნებათ. იყო რამდენიმე დროებითი ეპიზოდი, მაგალითად გარდამავალი მუტიზმი, რომელმაც მოგვიანებით გაიარა.
– რამდენად ხანგრძლივია ქირურგიული მკურნალობის ეფექტი?
სხვადასხვა ტიპის ოპერაციების დროს გახანგრძლივებული ეფექტი განსხვავდება თუმცა უმეტეს შემთხვაში შედეგი საკმაოდ ხანგრძლივია. რადგან ჩვენ მთლიანად ვაცალკევებთ ეპილეფსიის გამომწვევ უბანს, ამავე უბნიდან გულყრის ხელახლა გაჩენის რისკი მინიმალურია.