ეპინეფრინის ცხვირის ფხვნილი: უშლის თუ არა ხელს ალერგიული რინიტი ეპინეფრინის შეწოვას?

გააზიარე

ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული კოლეჯის (ACAAI) 2026 წლის კონფერენციაზე ფენიქსში ახალი კვლევის შედეგები წარადგინეს. მონაცემების თანახმად, ეპინეფრინის ორი საცდელი ცხვირის ფხვნილი ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულებში სისხლში სწრაფად მოხვდა. ეს მიგნება აჩვენებს, რომ ცხვირის დახშობა, სავარაუდოდ, არ აფერხებს ეპინეფრინის ეფექტურ შეწოვას.

ეს კვლევა კიდევ უფრო აძლიერებს ინტერესს ანაფილაქსიის საწინააღმდეგო არაინექციური პრეპარატების მიმართ, რომელსაც მომავალში ეპინეფრინის აუტოინექტორების ჩანაცვლება შეუძლია. თუმცა ნაშრომმა მხოლოდ პრეპარატის შეწოვის სისწრაფე შეაფასა და ჯერჯერობით უცნობია, ეფექტიანად შეაჩერებს თუ არა ეს ფხვნილები მწვავე ალერგიულ რეაქციას კრიტიკულ სიტუაციებში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ცხვირის გზით მიღება 

ანაფილაქსიის დროს მთავარ სამკურნალო საშუალებად კვლავ ეპინეფრინის ინექცია რჩება. თუმცა ნემსის მიმართ შიშმა და აუტოინექტორის მოხმარების სირთულემ ზოგჯერ შესაძლოა პრეპარატის დროული მიღება შეაფერხოს. 

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ანაფილაქსიის სამკურნალო ეპინეფრინის ნაზალური სპრეი – Neffy 2024 წელს დაამტკიცა. რაც შეეხება ეპინეფრინის ცხვირის ფხვნილებს, მათი კვლევა იმ ვარაუდს ეფუძნება, რომ თხევად სპრეისთან შედარებით, ფხვნილს ცხვირის ლორწოვანი გარსისთვის მეტი აქტიური ნივთიერების მიწოდება შეუძლია.

კვლევის დეტალები 

I კვლევა

ფოკუსირდა OX640-ზე (ეპინეფრინის ექსპერიმენტულ ამორფულ ცხვირის ფხვნილზე). 30 ჯანმრთელ მოზრდილში ერთმანეთს შეადარეს ცხვირის ერთი 1-მგ-იანი დოზა და კუნთში შეყვანილი 0.3-მგ-იანი ეპინეფრინი.

OX640-ის შედეგები – ალერგიული რინიტის პირობებში OX640-მა სისხლის პლაზმაში ეპინეფრინის 100 პგ/მლ კონცენტრაციას საშუალოდ (მედიანური მაჩვენებლით) 3.4 წუთში მიაღწია, ხოლო 200 პგ/მლ-ს – 6.4 წუთში. კუნთში შეყვანილი ეპინეფრინის შემთხვევაში შესაბამისი დრო 4.3 წუთი და 31.5 წუთი იყო.

„როგორც ჩანს, ალერგიული რინიტის მდგომარეობა უარყოფითად არ მოქმედებს OX640-ის შემთხვევაში ეპინეფრინის შეწოვაზე“, – განაცხადა ენ ელისმა, ონტარიოს ქალაქ კინგსტონის ქუინსის უნივერსიტეტის ალერგიისა და იმუნოლოგიის განყოფილების პროფესორმა და ხელმძღვანელმა.

II კვლევა

შეეხო FMXIN002-ს (ეპინეფრინის საცდელ ცხვირის ფხვნილს). მასში ალერგიული რინიტის მქონე 50 ზრდასრული მონაწილეობდა, სადაც ცხვირის ორი 4-მგ-იანი დოზა (10-წუთიანი შუალედით) შეადარეს აუტოინექტორის ორ 0.3-მგ-იან დოზას (ასევე 10-წუთიანი ინტერვალით).

ორივე შემთხვევაში ცდისპირებმა პრეპარატი მიიღეს როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ისე სპეციალური პროვოკაციული ტესტის შემდეგ, რომლითაც ალერგიული რინიტის სიმპტომები ხელოვნურად გამოიწვიეს. 

FMXIN002-ის შედეგები – აუტოინექტორის ორმაგ დოზასთან შედარებით, FMXIN002-მა ორგანიზმში ეპინეფრინის უფრო სწრაფი და ხანგრძლივი მოქმედება უზრუნველყო. ცხვირის ფხვნილის გამოყენებისას მონაწილეების 60%-დან 82%-მდე ნაწილმა პლაზმაში ეპინეფრინის სულ მცირე 100 პგ/მლ კონცენტრაციას 2.5 წუთში მიაღწია, მაშინ როცა აუტოინექტორის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 16.7% იყო.

ცხვირის ფხვნილის გამოყენებისას ეპინეფრინის პიკური კონცენტრაცია და პრეპარატის საერთო ზემოქმედება აუტოინექტორის მაჩვენებლების მსგავსი ან უფრო მაღალი იყო. პრეპარატს პაციენტები კარგად იტანდნენ: გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი და ადგილობრივი ხასიათის იყო, სერიოზული გართულებები კი არ დაფიქსირებულა.

100 პგ/მლ-იანი ზღვარი იმიტომ გამოიყენეს, რომ მას მარეგულირებელი მნიშვნელობა აქვს. ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯის ალერგია-იმუნოლოგიის პროფესორის, მაიკლ ბლეისის განმარტებით, FDA ამ დონეს ჰემოდინამიკური სტაბილიზაციისა და ანაფილაქსიის პროგრესირების შეჩერების შემცვლელ (surrogate) მაჩვენებლად იყენებს.

კვლევის შეზღუდვები

ეს კვლევები ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, რომ კლინიკურ პრაქტიკაში ეპინეფრინის ცხვირის ფხვნილები აუტოინექტორებს შეცვლის. მკვლევრებმა მხოლოდ ის შეაფასეს, რამდენად სწრაფად გადავიდა ეპინეფრინი სისხლში, და არა ის, რამდენად სწრაფად მოიხსნა სიმპტომები.

ტენესის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის პედიატრიის პროფესორი ჯეი ლიბერმანი (კვლევებში ჩართული არ ყოფილა) განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები ანაფილაქსიის დროს პრეპარატის გარანტირებულ მოქმედებას არ ადასტურებს, შეწოვის შემოწმება ხელოვნურად გამოწვეული ალერგიის პირობებში მაინც ძალიან ღირებული და დროულია.

სისხლში ეპინეფრინის დონე კლინიკური ეფექტის ერთ-ერთი მანიშნებელია, თუმცა სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ, როგორ იმოქმედებს ახალი ფორმულები რეალური ანაფილაქსიის შეტევისას.

ამ ეტაპზე პაციენტებმა კვლავ მათთვის დანიშნული ანაფილაქსიის სამოქმედო გეგმით უნდა იხელმძღვანელონ და ეპინეფრინის ხელმისაწვდომი ფორმების შესახებ მკურნალ ექიმს გაესაუბრონ.

წყარო: ACAAI

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები