სიმსივნური უჯრედები ერთ-ერთი ტყუპისცალიდან მეორეს ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას გადაეცა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა

გააზიარე

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, იდენტურ ტყუპებში სიმსივნური უჯრედები დაბადებამდე, ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას, ერთი ნაყოფიდან მეორეს გადაეცა. მეცნიერებმა დნმ-ის უნიკალური მარკერების გაანალიზებით იმის დადგენა შეძლეს, თუ როგორ განვითარდა და გავრცელდა დაავადება თვეებით ადრე, სანამ სიმსივნეს ექიმები აღმოაჩენდნენ.

ტყუპი დები, ამელია და ამაია, დაბადებიდან მალევე დაიღუპნენ. მათი სამედიცინო ისტორია ორსულობის 33-ე კვირას გადაღებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI) დაიწყო, რომელმაც ერთ-ერთი ბავშვის სახეზე წარმონაქმნი აჩვენა. ერთი კვირის შემდეგ, ნაადრევი მშობიარობისას, სიმსივნური ქსოვილები ორივე ჩვილს აღმოაჩნდა. ოჯახის თანხმობისა და დედის სურვილის საფუძველზე, ავტორებმა ნაშრომი სწორედ ამ გოგონების ხსოვნას მიუძღვნეს.

ვინაიდან ორივე ბავშვს ერთნაირი სიმსივნე ჰქონდა, გაჩნდა კითხვა: დაავადება თითოეულ დასთან დამოუკიდებლად განვითარდა, თუ კიბოს უჯრედებმა დაბადებამდე ერთიდან მეორეში შეაღწია? ამის გასარკვევად Wellcome Sanger-ის ინსტიტუტის, Great Ormond Street-ის ჰოსპიტალისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ბავშვების უჯრედებში ჩაწერილი გენეტიკური ისტორია შეისწავლეს.

ჩვილების სიმსივნე არადიფერენცირებული სარკომის სახელითაა ცნობილი, რომელიც რბილ ქსოვილებში — კუნთებში, ცხიმსა და სხეულის საყრდენ სტრუქტურებში ვითარდება. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტყუპების სიმსივნურ ნიმუშებში ორი კონკრეტული გენის — MN1-ისა და ZNF341-ის იდენტური შერწყმა ფიქსირდებოდა, მაგრამ დაავადების ზუსტი წყაროს დასადგენად ეს საკმარისი არ იყო.

პასუხის მისაღებად მეცნიერებმა ერთი პარადოქსული ფაქტი გამოიყენეს: მიუხედავად იმისა, რომ იდენტური ტყუპები ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ვითარდებიან, ისინი გენეტიკურად 100%-ით ზუსტი ასლები არ არიან. უჯრედების გამრავლების პროცესში დნმ-ში მცირე ცვლილებები (მუტაციები) გროვდება, რაც მკვლევრებს საშუალებას აძლევს, თითოეული უჯრედის საგვარეულო ხე აღადგინონ და ერთი დის უჯრედი მეორისგან განასხვავონ.

სიმსივნური, ნორმალური და პლაცენტის ათობით ნიმუშის სეკვენირების (გენეტიკური გაშიფვრის) შემდეგ დადგინდა, რომ კიბო თავდაპირველად ერთ-ერთ ტყუპისცალში გაჩნდა. მტკიცებულება მეორე ბავშვის სიმსივნეში იმალებოდა — მის სიმსივნურ უჯრედებს სწორედ მისი დის გენეტიკური მარკერები ჰქონდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დაავადება, სავარაუდოდ, საერთო პლაცენტის გავლით გავრცელდა. მუტაციების დაგროვების სისწრაფეზე დაყრდნობით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სიმსივნე პირველი ტრიმესტრის ბოლოს ჩამოყალიბდა, ხოლო უჯრედების მეორე ნაყოფში გადასვლის ერთჯერადი აქტი მეორე ტრიმესტრის ბოლოს უნდა მომხდარიყო. საწყისი კერა კი, დიდი ალბათობით, სწორედ პირველი ბავშვის სახეზე არსებული წარმონაქმნი იყო.

ამასთან, აღმოჩნდა კიდევ ერთი მოულოდნელი დეტალი: ნორმალური უჯრედები საპირისპირო მიმართულებითაც მოძრაობდნენ. პირველი ბავშვის ელენთის ნიმუშში არსებული უჯრედების დაახლოებით 75% მეორე ტყუპისცალს ეკუთვნოდა, რაც დებს შორის სისხლის უჯრედების აქტიურ გაცვლასა და შერევაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამ უნიკალური აღმოჩენისა, ავტორები განმარტავენ, რომ ეს დაავადების გადაცემის უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა. კვლევა არ ამტკიცებს, რომ ერთ ნაყოფში გაჩენილი კიბო აუცილებლად მეორესაც გადაედება. მეცნიერთა შეფასებით, მსგავსი მოვლენა იშვიათი გამონაკლისია და არა პრენატალურ გარემოში თანაცხოვრების გარდაუვალი შედეგი.

წყარო: Science Alert

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები