მსოფლიოში პირველი წარმატებით გადანერგილი შარდის ბუშტი

გააზიარე

2026 წლის 23 ივნისს სამედიცინო სამყარომ კიდევ ერთი ისტორიული და მე ვიტყოდი ლამაზი ნაბიჯი გადადგა წინ. ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში, The Lancet, გამოქვეყნებულმა კლინიკურმა ანგარიშმა დაადასტურა ის, რაც აქამდე პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნეოდა. კერძოდ დადასტურდა 1 წლის წინათ კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA Health) ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფის მიერ მსოფლიოში პირველად განახორციელებული ადამიანის შარდის ბუშტის გადანერგვის ოპერაციის სრული წარმატება. ეს რევოლუციური ოპერაცია არა მხოლოდ კონკრეტული პაციენტის სიცოცხლის ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას ნიშნავს, არამედ სრულიად ახალ მიმართულებას უხსნის რეკონსტრუქციულ ქირურგიასა და უროლოგიას.

რატომ არის ეს ოპერაცია ასე მნიშვნელოვანი?

ათწლეულების განმავლობაში შარდის ბუშტის გადანერგვა ტრანსპლანტაციის ექსპერტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიუღწეველ მიზნად რჩებოდა. მაშინ, როდესაც გულის, ღვიძლის, თირკმლისა და ფილტვის გადანერგვა თანამედროვე მედიცინის რუტინულ ნაწილად იქცა, მენჯის ღრუს ეს ერთი შეხედვით მარტივი, ღრუ ორგანო გადაულახავ ბარიერად მიიჩნეოდა. ძირითადი სირთულე არა თავად ორგანოს ფუნქციურ სტრუქტურაში, არამედ მის უაღრესად კომპლექსურ, მიკროსკოპულ სისხლძარღვოვან ქსელში მდგომარეობდა. მენჯის ღრუს ანატომია მცირე კალიბრის არტერიებისა და ვენების რთული ქსელით ხასიათდება, რაც ორგანოს პერფუზიის, ანუ სისხლით მომარაგების აღდგენას ტექნიკურად თითქმის შეუძლებელს ხდიდა. მცირედი იშემიაც კი, რომელიც ოპერაციის დროს სისხლის ნაკადის შეფერხებით იყო გამოწვეული, ორგანოს ნეკროზსს იწვევდა, კედლების კვდომას და შემდგომ პერფორაციას, რაც ფატალური შედეგით სრულდებოდა.

ამ ისტორიული ოპერაციის პაციენტი გახლდათ მამაკაცი, რომელმაც შარდის ბუშტის იშვიათი და აგრესიული ფორმის ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა, თუმცა რადიკალური მკურნალობისა და შემდგომი გართულებების შედეგად მისი საკუთარი ორგანო სრულად არაფუნქციური და დაზიანებული დარჩა. წლების განმავლობაში პაციენტი იძულებული იყო ეცხოვრა სპეციალური გარეგანი დრენაჟებითა და შარდსაწვეთების დივერსიფიკაციის სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდებით, რაც მუდმივი ინფექციების, ტკივილისა და სოციალური იზოლაციის მიზეზი ხდებოდა. ტრადიციული უროლოგიური მიდგომა ასეთ დროს გულისხმობს პაციენტისავე ნაწლავის სეგმენტისგან ხელოვნური რეზერვუარის შექმნას, თუმცა ამ მეთოდს ხშირად ახლავს მეტაბოლური დარღვევები, ლორწოს ჭარბი გამოყოფა და ქრონიკული თირკმლის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკი.

UCLA-ის ქირურგიულმა გუნდმა გადაწყვიტა სრულიად უპრეცედენტო მიდგომა გამოეყენებინა. მათ შეიმუშავეს უნიკალური სტრატეგია, რომელმაც გააერთიანა თირკმლისა და შარდის ბუშტის კომბინირებული გადანერგვა ერთი დონორიდან. ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ თირკმლის მსხვილი სისხლძარღვების გამოყენებით ქირურგებმა შეძლეს შეექმნათ საერთო სისხლძარღვოვანი „მაგისტრალი“, რომელიც შემდგომ უფრო სტაბილურად და საიმედოდ კვებავდა ახლად გადანერგილ შარდის ბუშტს. ოპერაცია, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, უმაღლესი სიზუსტის მიკროქირურგიულ მანიპულაციებს მოითხოვდა, რათა აღდგენილიყო ნერვული იმპულსების გადაცემა და სისხლის მიმოქცევა უმცირეს კაპილარულ დონეზეც კი.

პოსტოპერაციული პერიოდი

პოსტოპერაციული პერიოდი და შემდგომი ერთწლიანი დაკვირვება, რომელიც ახლახანს გასაჯაროვდა, სამედიცინო საზოგადოებისთვის ნამდვილ სენსაციად იქცა. ოპერაციიდან თორმეტი თვის თავზე, პაციენტს სრული კონტინენცია აღუდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შარდის შეკავება და ბუნებრივი, ნებაყოფლობითი მოშარდვა ყოველგვარი გარეგანი მოწყობილობებისა და კათეტერების გარეშე შეუძლი. ეს უდიდესი ტრიუმფია, რადგან ტრანსპლანტაციის დროს უდიდეს კითხვის ნიშანს სისხლძარღვებთან ერთად ნერვული ინერვაციის აღდგენა წარმოადგენდა. შარდის ბუშტი არ არის მხოლოდ უმოქმედო რეზერვუარი, იგი რთული კუნთოვანი ორგანოა, რომელიც ტვინიდან წამოსულ სიგნალებს ემორჩილება, და ამ კავშირის რეინტეგრაცია დონორულ ორგანოში ქირურგიული ხელოვნების მწვერვალია.

რასაკვირველია, ნებისმიერი სხვა ორგანოს გადანერგვის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იმუნოსუპრესიული თერაპიაა რჩებოდა. იმისათვის, რომ ორგანიზმმა არ მოახდინოს უცხო ქსოვილის უარყოფა, პაციენტს უწევს სპეციალური მედიკამენტების მიღება, რაც იმუნურ სისტემას თრგუნავს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს ერთდროულად გადაენერგა თირკმელიც და შარდის ბუშტიც იმავე დონორისგან, იმუნურმა სისტემამ ორმაგი ტოლერანტობა გამოავლინა, რამაც მწვავე უარყოფის ეპიზოდების თავიდან აცილება მნიშვნელოვნად გაადვილა.

ამ ინოვაციის გავლენა მომავლის მედიცინაზე კოლოსალურია. მსოფლიოში ათასობით ადამიანი ცხოვრობს მენჯის ღრუს მძიმე ტრავმების, ონკოლოგიური ოპერაციების, ცეცხლნასროლი ჭრილობებისა თუ თანდაყოლილი ანომალიების შედეგად დაზიანებული საშარდე სისტემით. აქამდე მათი ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების დაბალი ხარისხი და მუდმივი სამედიცინო გართულებები იყო. UCLA-ის ექიმების მიერ მიღწეული წარმატება ამ პაციენტებს რეალურ იმედს აძლევს, რომ მომავალში შარდის ბუშტის გადანერგვა ხელმისაწვდომი და სტანდარტული სამკურნალო პროცედურა გახდება. 2026 წლის ეს მიღწევა ოქროს ასოებით ჩაიწერება ტრანსპლანტოლოგიის ისტორიაში, როგორც ბარიერი, რომელიც ადამიანის გონებამ და ქირურგიულმა ოსტატობამ კიდევ ერთხელ გადალახა.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები