ესთეტიკური მედიცინა ბოლო ათწლეულებში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სფეროდ იქცა. ადამიანების მზარდი სურვილი, შეინარჩუნონ ან შეიძინონ ვიზუალური მიმზიდველობა, სულ უფრო ხშირად აიძულებს მათ მიმართონ სხვადასხვა პროცედურას, რომელთაგანაც ზოგი მცირე ინტერვენციას მოითხოვს, ზოგი კი გაცილებით სარისკოა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, თუმცა ამავე დროს ყველაზე საშიში პრაქტიკა არის Brazilian Butt Lift, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც BBL ფილერი. პროცედურა გულისხმობს გლუტეალური არეს მოცულობისა და ფორმის კორექციას სპეციალური ინექციების მეშვეობით. თითქოსდა მარტივი მანიპულაცია, რეალურად უკავშირდება სიცოცხლისთვის კრიტიკულ საფრთხეებს, რაც სწორედაც რომ განსაკუთრებულ ყურადღებას და კონტროლის მკაცრ სტანდარტებს მოითხოვს.
BBL ფილერის მიმართ ინტერესი დიდწილად განპირობებულია სოციალური ქსელების გავლენით, მოდის ტრენდებითა და „იდეალური სხეულის“ სტანდარტების პოპულარიზაციით. პაციენტთა უმეტესობა, მოტივირებულია სწრაფი შედეგის მიღების სურვილით, რადგან პროცედურა ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, ნაკლებად ინვაზიურად აღიქმება. თუმცა, ამ თვალსაზრისით სწორედ ყველაზე დიდი შეცდომაა დაშვებული: წარმოდგენა, თითქოს ინექცია შედარებით უსაფრთხოა, ხშირად ფატალურად სრულდება. არსებობს უამრავი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც ფილერის ან ცხიმის ემბოლიამ გამოიწვია სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა, სისხლძარღვების ბლოკირება, ქსოვილის ნეკროზი ან მძიმე ინფექციები. მაღალია ასევე სეფსისის განვითარების რისკი, რომელიც შესაძლოა წამებში გადაიქცეს პაციენტის სიცოცხლისთვის შეუთავსებელ მდგომარეობად.
გარდა სამედიცინო საფრთხეებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ესთეტიკური და ფსიქოლოგიური შედეგებიც. არასწორად შერჩეულმა ფილერმა ან არაკვალიფიციურმა სპეციალისტმა შეიძლება გამოიწვიოს არაბუნებრივი ფორმები, ასიმეტრია ან დეფორმაცია, რაც პაციენტში სერიოზულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოლოდინი გაცილებით მაღალია და საბოლოოდ ადამიანი იღებს არა იმ მოსალოდნელ მოსალოდნელ შედეგს, არამედ უკმაყოფილებას, საკუთარი სხეულის მიუღებლობასა და შესაბამისად, ემოციურ ტრავმას. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ BBL ფილერი მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის საფრთხე არ არის, არამედ შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის წყაროც გახდეს.
ამ შედეგის თავიდან აცილებაში, კონტროლის მექანიზმები გადამწყვეტ როლს თამაშობს. პირველ რიგში, აუცილებელია თავად სპეციალისტების კვალიფიკაციის მკაცრი შემოწმება. ექიმი, რომელიც ამ ტიპის პროცედურას ასრულებს, უნდა ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს, ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება და იცავდეს საერთაშორისო სტანდარტებს. პროცედურა არ შეიძლება ჩატარდეს შემთხვევით გარემოში, სილამაზის სალონში ან არასტერილურ პირობებში. აუცილებელია მკაცრად დაცული იყოს ასეპტიკა და ანტისეპტიკა, გამოყენებული მასალა უნდა იყოს ოფიციალურად დამტკიცებული, FDA-სა და CE-ს სტანდარტების შესაბამისი, რადგან ე.წ. „შავი ბაზრის“ პროდუქტები ხშირად იწვევს მძიმე გართულებებს.
ესთეტიკური მედიცინა თავისთავად ხელოვნებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სრულად ემყარება პროფესიონალიზმსა და უსაფრთხოებას. BBL ფილერი, რომელიც ხშირად აღიქმება როგორც სწრაფი და მარტივი გზა სხეულის ფორმის გასაუმჯობესებლად, რეალურად სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში პროცედურაა. კონტროლის მექანიზმების გარეშე ის გადაიქცევა არაპროგნოზირებად მანიპულაციად, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პაციენტის გარეგნობას, არამედ მის სიცოცხლესაც. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ სპეციალისტებმა და პაციენტებმა ერთხმად აღიარონ: ესთეტიკური შედეგი არასოდეს უნდა დაიდოს სიცოცხლის ფასად. მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით, პროფესიული პასუხისმგებლობით, უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვითა დაცვით არის შესაძლებელი, რომ ეს პროცედურა მართლა იქცეს არა საფრთხედ, არამედ პასუხისმგებლობით განხორციელებულ არჩევანად.