თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა იძულებულია პარადოქსულ გარემოში იარსებოს: ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობიერებაში იგი აღიქმება, როგორც სასურველი ვიზუალის მიღწევის მარტივი გზა. მეორე მხრივ, ესთეტიკურ მედიცინასვე ედება ბრალი სრულყოფილებისკენ არაჯანსაღი სწრაფვის წახალისებაში, რაც კიდევ უფრო ართულებს საკუთარ სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას. ამ კონფლიქტისა და მზარდი მოთხოვნილების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებისთვის დარგის რეალური მრავალწახნაგოვნების შეხსენება. ეს საპასუხიმგებლო მისია კი საკუთარ თავზე GAIA-მ (საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია) აიღო.
ასოციაციამ 28 სექტემბერს რიგით მეორე კონფერენცია გამართა, რომელმაც 400-მდე დელეგატი გააერთიანა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის უპრეცედენტო როლი, რომელსაც GAIA ასრულებს დარგის გაერთიანებასა და ხარისხის სტანდარტიზაციაში. ასოციაციის თანადამფუძნებლის, ბაია კონდრატიევას თქმით, გაერთიანების მთავარი მიზანია „დარგში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარება, “იმიჯის” ამაღლება, სანდოობის გაზრდა და მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, რაც თანაბრად იცავს როგორც ექიმს, ასევე პაციენტს.
ესთეტიკური მედიცინის მრავალფეროვნება ყველაზე ნათლად მის სწრაფ ევოლუციაში გამოიხატა. როგორც დერმატოლოგ, ნინო ცხოვრებაშვილმა აღნიშნა აპარატურისა და პროცედურების დახვეწასთან ერთად, მკვეთრად შეიცვალა თავად პაციენტიც. ინფორმირებულობის ზრდამ (თუმცა ხშირად გუგლით, მეგობრის რჩევითა და სოციალური ქსელით შემოფარგლულმა) შეცვალა მოთხოვნები. თუ წარსულში პაციენტების ძირითადი სურვილი მოვლა და გაახალგაზრდავება იყო, ახლა „სახის ეფექტურობის ინდექსის გაზრდაა!“
არჩევანისა და შესაძლებლობების გაფართოებამ ექიმები ფსიქოლოგიური და ეთიკური დილემის წინაშე დააყენა: სად გადის ზღვარი ნორმალურ “ესთეტიკურ წუხილსა” და კლინიკურ აშლილობას შორის?
კონფერენციაზე ფსიქოლოგმა, ნათია ფანჯიკიძემ სილამაზისკენ ადამიანის სწრაფვა (Homo aestheticus) ისტორიულ და ევოლუციურ კონტექსტში განიხილა. ეს სწრაფვა, რომელიც თავდაპირველად ევოლუციურ გადარჩენის მექანიზმებს უკავშირდებოდა, თანამედროვე სოციალურ კონტექსტში ხშირად გადაიზრდება კლინიკურ მდგომარეობაში – სხეულის დისმორფულ აშლილობაში (დისმორფოფობიაში). ეს უკანასკნელი არის მძიმე დიაგნოზი, რომელიც ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ჯგუფში შედის და ნეირობიოლოგიური დარღვევის სახესაც ატარებს.
ფანჯიკიძე ამ დილემას ფილოსოფიურ სიღრმეს სძენს და ამბობს:„ჩვენ ძალიან ვებრძვით სხეულს, ჩვენ ვებრძვით ჩვენს სხეულებრივ არსებობას. გვძულს ის ბიოლოგიური პატიმრობა, რომელსაც ჩვენი სხეული გვიწესებს და მუდმივად მას ვტანჯავთ კიდევაც.“
GAIA-ს კონფერენციამ ნათლად აჩვენა, რომ ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტის როლი დღეს არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცედურის შესრულებით. ექიმები არიან კრიტიკული შემფასებლები, რომლებსაც მოეთხოვებათ მრავალი დისციპლინის ინტეგრირება პაციენტის უსაფრთხოებისთვის.
კონფერენციის მთავარი მესიჯი იყო პაციენტის სარგებელზე ორიენტირებული არჩევანის გამყარება. დერმატოლოგ ზაზა თელიას მოხსენება დაეთმო მტკიცებითი მედიცინის (EBM) პრინციპების უპირობო გამოყენებას: სპეციალისტებმა უნდა გამოიმუშაონ კვლევის კრიტიკული შერჩევის უნარები, რათა ეფექტურად გაარჩიონ სარწმუნო სამეცნიერო მტკიცებულება ცრუ ინფორმაციისგან. სწორედ EBM-ის ფუნდამენტური გააზრებაა პაციენტის უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ამ კლინიკურ სიცხადეს ავსებდა დისკუსია დეონტოლოგიაზე, სადაც ხაზი გაესვა ეთიკური ნორმების დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების საჭიროებას, რათა ექიმის არჩევანი ყოველთვის პაციენტზე იყოს ორიენტირებული.
კონფერენციამ მოიცვა განსხვავებული ასპექტები: მიკრობიომის როლი და ნაწლავის ჯანმრთელობის გავლენა ესთეტიკურ შედეგზე, უმკაცრესი პროტოკოლები ინფექციების პრევენციისთვის, რთული ქეისების განხილვა და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება, ასევე დარგის მთავარი გამოწვევებისა და რეკომენდაციების შეჯამება. ეს გარემოება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ესთეტიკური მედიცინა კომპლექსური დარგია, რომელიც მოითხოვს პასუხისმგებლობასა და სიღრმისეულ ცოდნას.
GAIA-ს რიგით მეორე კონფერენციამ დაამტკიცა, რომ ქართული ესთეტიკური მედიცინა მიისწრაფვის რომ იყოს ის დარგი, სადაც სასურველი შედეგი მხოლოდ მტკიცებითი მედიცინის, პროფესიული ეთიკისა და პაციენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ხარჯზე მიიღწევა. როგორც GAIA-ს თანადამფუძნებელი, თამარ ლოლუა, აჯამებს: “ძალიან სასიამოვნოა რომ დღესდღეობით ასეთი შესაძლებლობა ეძლევათ ესთეტიკის სფეროში მომუშავე ქართველ ექიმებს. მსგავსი ღონისძიება აქამდე არ შემდგარა და სწორედ გაიამ შექმნა ეს უპრეცედენტო გარემო და გააერთიანა ამ დარგში მომუშავე ხალხი”.