ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს რისკს ზრდის

გააზიარე

ფილტვის კიბოს რისკჯგუფი ფართოვდება. ჰაერის დაბინძურება იმეორებს სიგარეტის კვამლის უარყოფით შედეგებს. დღეს სიმსივნის განვითარება უკვე არამწეველ მოსახლეობასაც ემუქრება. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მავნე ნაწილაკები ფილტვის სიმსივნეს იწვევენ. ეს ფაქტორი კიბოს გავრცელების არეალს კიდევ უფრო აფართოებს და მნიშვნელოვანს ხდის ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას.

აშშ-ის კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა მასშტაბური კვლევის, Sherlock-Lung-ის, შედეგები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ჰაერში არსებულ მტვრის მიკროსკოპულ ნაწილაკებს (PM2.5) პირდაპირი გავლენა აქვთ ფილტვის უჯრედებზე. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გენეტიკური მუტაციები, რომლებიც კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.

კვლევაში მონაწილეობდა ათასობით ადამიანი, მათ შორის არამწეველებიც. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაბინძურებული ჰაერი იმავე მუტაციებს იწვევს, რასაც თამბაქოს კვამლი. ყველაზე ხშირად ზიანდება TP53-ის მსგავსი გენი, რომელიც კავშრშია ფილტვის ადენოკარცინომასთან. კიბოს ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირად არამწეველებში გვხვდება.

ბრიტანეთის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში 1 000-ზე მეტ შემთხვევას იწვევს. The Guardian-ის შეფასებით, საქმე გვაქვს „ჩუმ საფრთხესთან“, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ისე იპარავს, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა საშიშროების წინაშე დგანან.

Sherlock-Lung-ის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება აჩქარებს ტელომერების, უჯრედის დნმ-ის დამცავი უბნების ცვეთას, რაც გენომის დეგრადაციას იწვევს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კიბოს განვითარების პროცესში.

მკვლევრები და ჯანდაცვის სპეციალისტები მსოფლიოს მოუწოდებენ, განსაკუთრებულად იზრუნონ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუ PM2.5-ის დონე არ შემცირდება, არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს:
National Cancer Institute. (2025). Sherlock-Lung study: How air pollution contributes to lung cancer in non-smokers. Division of Cancer Epidemiology & Genetics.

Sample, I. (2025, February 9). Air pollution causing lung cancer in UK non-smokers, scientists find. The Guardian.

Jamal-Hanjani, M., Wilson, G. A., & Swanton, C. (2025). Mechanisms of PM2.5-driven lung carcinogenesis. Nature, 625(8021), 188–195.

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები