ინოვაციური ინჰალაციური მეთოდი მულტირეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ

გააზიარე

მისურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მულტირეზისტენტულ ბაქტერიებთან საბრძოლველად ინოვაციური და უსაფრთხო მეთოდი შეიმუშავეს. 

ჟურნალ Military Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, სპეციალური ინჰალაციური მოწყობილობის (Spray-mist device) მეშვეობით შესაძლებელია „უკანასკნელი იმედის“ ანტიბიოტიკების პირდაპირ ინფიცირებულ ქსოვილში შეყვანა, რაც პაციენტს სისხლის მიმოქცევის გზით მედიკამენტის მიწოდებისას გამოწვეულ მძიმე გვერდითი მოვლენებისგან იცავს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გამოიყენეს უნემსო მოწყობილობა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკის (MRSA) სამკურნალოდ. აპარატმა წარმატებით შეიყვანა ანტიბიოტიკი ვანკომიცინი ქსოვილის ღრმა ფენებში ისეთი ტიპური გართულებების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, თირკმლის დაზიანება. 

განსხვავებით მალამოებისგან, რომლებიც ადვილად იწმინდება კანის ზედაპირიდან, ეს ტექნოლოგია ახერხებს იმას, რომ წამალი კანის ბარიერის გავლით პირდაპირ ინფექციის კერამდე მიიტანოს

ექსპერიმენტში გამოყენებული DMTD პროტოტიპი აღჭურვილია სპეციალური ადაპტერებითა და მომრგვალებული პორტით, რომელიც წამლის ნაკადს კონკრეტულ ზონაზე ფოკუსირებს. 

მცირე ზომის მუნდშტუკი (12 მმ) მიკრო-ნისლის ინფიცირებულ ზედაპირზე ზუსტ მიმართვას უზრუნველყოფს. აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით იმედისმომცემია  ექსტრემალურ სიტუაციებში ჭრილობების სამკურნალოდ, მაგალითად ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცების შემთხვევაში.

მეცნიერების შეფასებით, ტექნოლოგია „თამაშის წესებს ცვლის“ მედიცინაში. ანტიბიოტიკების მიწოდების ასეთმა მიზანმიმართულმა გზამ შესაძლოა თავიდან აგვაცილოს უამრავი ამპუტაცია და გადაარჩინოს იმ პაციენტების სიცოცხლე, რომელთა მკურნალობა ტრადიციული მეთოდებით მათ ორგანოებს საფრთხეს უქმნის. ამჟამად მეცნიერები მუშაობენ კლინიკური ტესტირებებისთვის, რათა მიიღონ FDA-ს ოფიციალური დასტური.

წყარო: Military Medicine 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები