კვლევაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა, გაანალიზებულია ჰეპატიტ C-ს გავრცელების სიჩქარე საქართველოში მცხოვრებ იმ პირებში, რომელთაც ჰეპატიტ C-ზე (anti-HCV) ტესტირება მინიმუმ ორჯერ ჰქონდათ ჩატარებული და აქედან პირველი ტესტის შედეგი უარყოფითი იყო. მკვლევარები, რომელთა შორის ერთერთი ქართველი მეცნიერი დავით ბალიაშვილია, საქართველოს ეროვნული C ჰეპატიტის სკრინინგისა და მკურნალობის მონაცემთა ბაზიდან 2024 წელს აღებულ მონაცემებს დაეყრდნენ. შეგახსენებთ, რომ ლანცეტში როგორც კლინიკური მედიცინის, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიისა და გლობალური ჯანდაცვის შესახებ მხოლოდ ის სტატიები ქვეყნდება, რომელთა სანდოობა, მეთოდოლოგია და კლინიკური ღირებულება საფუძვლიანად გადაამოწმეს მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა („peer-review“ პროცესი), რის შემდეგაც კვლევა ჩაითვალა სიახლედ, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გლობალურ პრაქტიკაზე.
ინციდენტობის (ახალი ინფექციის გავრცელების სიჩქარის) შემცირება ჰეპატიტ C-ს ელიმინაციის (სრულად აღმოფხვრის) ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერაა განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპატიტ C-ს ინციდენტობის მაჩვენებელი საქართველოში კვლავ მაღალია, ტენდენცია მკვეთრად კლებისკენ მიიწევს, რაც 2015 წლიდან საქართველოში აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პარტნიორობით განხორციელებული ჰეპატიტ C-ს ელიმინაციის ეროვნული პროგრამის პირდაპირი შედეგია. ამ ფონზე, კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება პრევენცია, ამიტომ პრიორიტეტულია ახალი შემთხვევების რეგისტრაცია და მონიტორინგი.
რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა 2017 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს და მასში 1,2 მილიონზე მეტი ზრდასრული პირის მონაცემებია გაანალიზებული. ყველა მათგანს ჰეპატიტ C-ზე (anti-HCV) ტესტირება მინიმუმ ორჯერ აქვთ ჩატარებული და აქედან პირველი ტესტის შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითი იყო.
საქართველოში, 2017-2023 წლებში, ჰეპატიტ C-ზე 1.2 მილიონზე მეტმა ზრდასრულმა პირმა გაიკეთა ტესტი ორჯერ ან მეტჯერ. ტესტირებული მოსახლეობის 41% მამაკაცია, ხოლო 59% – ქალი. მათგან დაახლოებით 19 ათასს (ზუსტად 18,846-ს), ვისაც თავიდან უარყოფითი ტესტი ჰქონდა, შემდეგ ტესტზე უკვე დადებითი პასუხი დაუდგინდა. რაც ნიშნავს, რომ ც ჰეპატიტი მათ პირველად კვლევის პერიოდში გადაედოთ. კვლევის მიხედვით, საშუალოდ, ვირუსის გამოვლენამდე 3 წელი (1025 დღე) იყო გასული.
რა აჩვენა კვლევამ?
100,000 ადამიანზე, ყოველ წელს, დაახლოებით 514-ს პირველად გადაედო ჰეპატიტ C. (ეს არის ახალი ინფექციების გავრცელების სიჩქარე პოპულაციაში – ინციდენტობა). ახლად ინფიცირებულთაგან ბევრს განუვითარდა ქრონიკული ჰეპატიტ C (ანუ ინფექცია დარჩა ორგანიზმში და არ გაქრა). ამ შემთხვევების მაჩვენებელი იყო 293 ადამიანი ყოველ 100,000 მოსახლეზე წელიწადში.
კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის გადადება მაინც ხდება — თუმცა მასშტაბი კლებულობს. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპატიტ C-ის გავრცელების ტემპი საქართველოში კვლავ მაღალია, ტენდენცია მკვეთრად კლებისკენ მიიწევს.
და რაც მთავარია — შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ჰეპატიტ C-ის ელიმინაციის პროგრამა მუშაობს, მაგრამ დასასრულებლად აუცილებელია მეტი პრევენცია, ახალი შემთხვევების სწრაფად გამოვლენა, დროული მკურნალიბა და ტესტირება.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ იმისთვის, რომ საქართველო სრულად მიუახლოვდეს WHO-ის მიერ დასახულ ელიმინაციის მიზნებს, საჭიროა პრევენციული ზომების კიდევ უფრო გაძლიერება და მასშტაბირება.
მნიშვნელოვანი ფაქტები:
2015 წლიდან უცხოელი პარტნიორების დახმარებით საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს C ჰეპატიტზე სკრინინგი და სამკურნალო ანტივირუსული საშუალებები (DAA – Direct Acting Antivirals) მიეწოდებოდა უფასოდ.
მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი;
ქრონიკული ინფექციის მქონე პირების მნიშვნელოვან ნაწილს უვითარდება ღვიძლის ციროზი ან კიბო;
ყოველწლიურად დაახლოებით 399 000 ადამიანი კვდება C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით
ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით შესაძლებელია დაავადებულთა 95%-ზე მეტის სრულად განკურნება და, შედეგად, ღვიძლის ციროზით და კიბოთი გამოწვეულსიკვდილობის ტვირთის შემცირება;
ამჟამად არ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.

