back to top

იმპოტენციის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი

გააზიარე

წლების განმავლობაში ერექციული დისფუნქცია მამაკაცებისთვის ტაბუდადებულ თემად რჩებოდა. თუმცა იმპოტენციის უკან რეალური ტკივილი და ურთიერთობების კრახი დგას. სირცხვილის გამო გადადებული ვიზიტი ექიმთან, სქესობრივი ცხოვრების შეწყვეტა და დაკარგული თვითშეფასება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 40-65 წლის ასაკში დაახლოებით ყოველი მეორე მამაკაცი გარკვეულწილად განიცდის ერექციულ პრობლემებს.

იმპოტენცია შესაძლოა იყოს ფუნქციური: შფოთვის, დეპრესიის, ურთიერთობის სტრესიდან გამომდინარე და ორგანული, გამოწვეული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროებით, რის გამოც ასოს სიხლით მომარაგება ირღვევა. თავის ტვინის ან ხერხემლის ტრავმა, ინსულტი და ხერხელმის არხის სტენოზი, ტესტოსტერონის ნაკლებობა, ისევე როგორც ალკოჰოლის და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ხშირად ხდება იმპოტენციის მიზეზი.

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა დიდწილად დამოკიდებულია დიაგნოზზე. მაგალითად, ათეროსკლეროზით გამოწვეული პრობლემის მკურნალობა მოიცავს ცხოვრების სტილის ცვლილებებს, როგორიცაა დიეტა და ვარჯიში. ასევე მედიკამენტები, ქოლესტერინის და არტერიული წნევის შესამცირებლად. სიმპტომების მკურნალობისთვის და  ერექციის მისაღწევად და შესანარჩუნებლად გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა სილდენაფილი (ვიაგრა), ტადალაფილი (სიალისი) და ვარდენაფილი (ლევიტრა).

მედიკამენტური მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, თანამედროვე ქირურგია გვთავაზობს გადაწყვეტილებას, რომელიც არა მხოლოდ ფიზიოლოგიას აღადგენს, არამედ მამაკაცის ცხოვრების ხარისხსაც ცვლის. საქართველოში პირველად ჩატარდა ოპერაცია, რომელიც თითქოს ფანტასტიკის ჟანრიდანაა: სპეციალური მექანიზმი, რომელიც ასოს შიგნით იმპლანტირდება და პაციენტს საშუალებას აძლევს თავადვე აკონტროლოს ერექცია.

ბიოინჟინერიის და მედიცინის კვეთაზე დაიბადა ტექნოლოგია, რომელსაც დღეს ასობით ათასი მამაკაცი იყენებს მთელ მსოფლიოში. ასოს სამკომპონენტიანი პროთეზირება ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

ოპერაცია ჩატარდა ქირურგ შოთა ბუგიანიშვილის მიერ, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით პირველმა დანერგა მსგავსი იმპლანტის ტექნოლოგია.

„საქართველოში აქამდე ტარდებოდა ერექციის ოპერაციები სილიკონის იმპლანტებით, თუმცა ახალი სამკომპონენტიანი სისტემა ბევრად უფრო მოსახერხებელია და ბუნებრივ შედეგს იძლევა,“ – ამბობს შოთა ბუგიანიშვილი.

პროცედურა დაახლოებით 2 საათს გრძელდება და ტარდება ღია ქირურგიული მეთოდით. ოპერაციის მსვლელობისას ასოს შიგნით თავსდება ორი ცილინდრი. ბოქვენის ძვლის უკან იდება ფიზიოლოგიური ხსნარის რეზერვუარი, ხოლო სათესლე პარკში სპეციალური ტუმბო. ტუმბოს დაჭერით პაციენტს შეუძლია იმპლანტის გაბერვა და ერექციის მიღწევა. “ოპერაციის შემდეგ ასოს ზომა უცვლელი რჩება, ხოლო ჩარევის კვალი ხშირად შეუმჩნეველია”- აღნიშნავს შოთა ბუგიანიშვილი.

ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი იმპოტენციის ქირურგიული მკურნალობისთვის?

მკურნალობის სტანდარტული გზა იწყება მედიკამენტური თერაპიით, რომლის წარუმატებლობის შემთხვევაში განიხილება ინექციები ან ქირურგიული ჩარევა. მხოლოდ ამის შემდგომ განიხილება ქირურგიული ჩარევის საჭიროება, ყველაზე პროგრესულ მეთოდად კი ითვლება ასოს პროთეზირება, რომელიც პაციენტს სთავაზობს სტაბილურ და ეფექტურ შედეგს. ოპერაცია განიხილება იმ შემთხვევაში, თუ ერექციის პრობლემის მიზეზი ფუნქციურია და არა ფსიქოლოგიური პრობლემით გამოწვეული.

„ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის სწორად შერჩევა ასაკის, საერთო ჯანმრთელობისა და იმპოტენციის გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით,“ – აღნიშნავს ქირურგი.
პაციენტები ხშირად ოპერაციიდან მეორე დღესვე ტოვებენ კლინიკას. სქესობრივი აქტივობა აკრძალულია ოპერაციიდან საშუალოდ ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც პაციენტები ეტაპობრივად იწყებენ იმპლანტის გამოყენებას.

ქირურგის თქმით, ყველაზე სერიოზული რისკი არის პოსტოპერაციული ინფექცია, რომელიც შესაძლოა იმპლანტის ამოღების საჭიროებამდე მივიდეს. სწორედ ამიტომ, ოპერაციის წინ სრულფასოვანი გამოკვლევა და პაციენტის მომზადება გადამწყვეტ როლს თამაშობს.

სქესობრივი ფუნქცია ოპერაციის შემდეგ

მნიშვნელოვანია, რომ პენისის იმპლანტი არ ზღუდავს ორგაზმის შესაძლებლობას. თუ პაციენტს ოპერაციამდე ჰქონდა ორგაზმის უნარი, ის უმეტეს შემთხვევაში შენარჩუნებულია იმპლანტის ჩადგმის შემდეგაც. სიამოვნების განცდა გლანსისა და ნერვული დაბოლოებების დონეზე უცვლელი რჩება, ხოლო ორგაზმის ინტენსივობა შესაძლოა ადაპტაციის პერიოდში დროებით განსხვავდებოდეს.

იმპლანტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც ჩაიტარეს რადიკალური პროსტატექტომია. ამ შემთხვევაში პროთეზირება საშუალებას იძლევა, პაციენტმა აღიდგინოს სქესობრივი აქტივობა.

სამკომპონენტიანი ასოს პროთეზირება მრავალი წელია გამოიყენება აშშ-სა და ევროპაში და შედეგები შთამბეჭდავია. მისი დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.

„ეს ოპერაცია ჩვენს ქვეყანაში ახალი ეტაპია, პაციენტებს უკვე აქვთ წვდომა იმავე მაღალტექნოლოგიურ საშუალებებზე, რაც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გამოიყენება,“ – აცხადებს შოთა ბუგიანიშვილი.

ასოს პროთეზირებადი ბალონირება საქართველოში არა მხოლოდ ქირურგიული ინოვაციაა, არამედ სქესობრივი ფუნქციისა და ცხოვრების ხარისხის აღდგენის რეალური შესაძლებლობა, მათ შორის იმ პაციენტებისთვისაც, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგოა.

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები