ისტორიაში პირველად, ჩინელმა მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული ღორის ფილტვი ადამიანს გადაუნერგეს. ეს ქსენოტრანსპლანტაციის (ცხოველის ორგანოს ადამიანისთვის გადაცემის) სფეროში რევოლუციური მიღწევაა.
როგორც სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი, პროცედურა 2023 წლის მაისში, გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალში ჩაუტარდა 39 წლის პაციენტს, რომელიც ტვინის სიკვდილის მდგომარეობაში იყო.
თუმცაღა, პაციენტმა, რომელსაც ღორის ფილტვი გადაუნერგეს, დიდხანს ვერ იცოცხლა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციიდან პირველი სამი დღის განმავლობაში გადანერგილი ორგანოს მოცილების ან ინფექციის ნიშნები არ გამოვლენილა, ტრანსპლანტაციიდან 24 საათში ფილტვის შეშუპება და ქსოვილის დაზიანება დაფიქსირდა, რაც, სავარაუდოდ, ჟანგბადის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია. ასევე, მესამე და მეექვსე დღეს აღინიშნა ორგანოს დაზიანება ანტისხეულების მხრიდან, თუმცა მეცხრე დღეს, როდესაც პაციენტის ოჯახის თხოვნით ექსპერიმენტი შეწყდა, ფილტვის დაზიანება შემცირებული იყო.
მუჰამად მოჰიუდინის, მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ქირურგისა და მკვლევრის თქმით, ფილტვი ყველაზე რთული გადასანერგი ორგანოა. 2022 წელს ის ხელმძღვანელობდა ღორის გულის პირველ ტრანსპლანტაციას. მოჰიუდინი ამბობს, რომ ფილტვს სხვა ორგანოებთან შედარებით ყველაზე მეტი სისხლძარღვი აქვს, რის გამოც იმუნური სისტემის მხრიდან შეტევისკენ მეტადაა მიდრეკილი, რამაც, შესაძლოა, სისხლის შედედება და ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს.
კვლევაში გამოყენებული ღორის ფილტვი CRISPR ტექნოლოგიით იყო გენმოდიფიცირებული. მკვლევარებმა პაციენტის მარჯვენა ფილტვი ხელუხლებელი დატოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცდის მთავარი მიზანი იმუნური რეაქციის შესწავლა იყო და არა ექსპერიმენტის მონაწილე პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობის დამტკიცება.
ექსპერტები სიფრთხილით, მაგრამ ოპტიმისტურად უყურებენ ამ მოვლენას. აშშ-ში დაფუძნებული ქსენოტრანსპლანტაციის კომპანია eGenesis-ის თანადამფუძნებელმა, ლუჰან იანგმა, კვლევას მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ფილტვის ქსენოტრანსპლანტაციისას იმუნური რეაქციების შესწავლაში.
კლინიკურ გამოყენებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ეს მიღწევა იმედს აჩენს, რომ გენმოდიფიცირებული ღორის ორგანოები, შესაძლოა, ერთ დღეს ადამიანის დონორული ორგანოების გლობალური დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს.
წყარო: Nature

