მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) სისხლისა და ძვლის ტვინის სწრაფად პროგრესირებადი, აგრესიული სიმსივნეა, რომლის ეფექტური მკურნალობა დღემდე სერიოზულ გამოწვევად რჩება. თუმცა, სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის (MUSC) ჰოლინგსის ონკოლოგიური ცენტრის მკვლევრებმა იმუნოთერაპიის ახალი, პერსპექტიული მეთოდი წარმოადგინეს, რომელიც, შესაძლოა, ამ ვერაგი პათოლოგიის მართვაში რევოლუციური აღმოჩნდეს.
ამ ინოვაციური თერაპიის სამიზნე ლეიკემიის ღეროვანი უჯრედების “გადარჩენის” მექანიზმია, რომელიც დაავადების რეციდივსა და მკურნალობის მიმართ რეზისტენტობას იწვევს. ლეიკემიური უჯრედები იყენებენ სასიგნალო გზას, IL-33 ცილასა და IL1RL1 რეცეპტორს, რომ გამრავლდნენ, ქიმიოთერაპიას გაუძლონ და იმუნური სისტემა დაასუსტონ.
მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი, სპეციფიკური ანტისხეული, რომელიც ერთდროულად ბლოკავს IL-33/IL1RL1-ს და, კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად, ააქტიურებს ორგანიზმის T უჯრედებს. ასე მოახერხეს მათ კიბოს დამცავი ბარიერის გარღვევა.
ამ ორმაგი მოქმედების მკურნალობამ, პრეკლინიკური მონაცემებით, საგრძნობლად შეამცირა ლეიკემიური უჯრედები, გაააქტიურა იმუნური სისტემა და, ყოველგვარი სერიოზული გვერდითი ეფექტების გარეშე,გააუმჯობესა გადარჩენის მაჩვენებლები.
„ეს აღმოჩენა ლეიკემიას მის სათავესთან ებრძვის“, – განაცხადა დოქტორმა სოფი პაჩესნიმ, კვლევის ხელმძღვანელმა და ჰემატოლოგ-ონკოლოგმა. „IL-33/IL1RL1 კავშირის დარღვევით, ჩვენ არა მხოლოდ ვანადგურებთ ლეიკემიის ღეროვან უჯრედებს, არამედ ვააქტიურებთ იმუნურ სისტემას“.
ტრადიციული ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს და იწვევს მძიმე გვერდით ეფექტებსაც, ეს ახალი იმუნოთერაპია მიზანმიმართული მოქმედებით გამოირჩევა. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი კონკრეტულად უტევს კიბოს უჯრედებსა და მათ დამცავ გარემოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში AML-ის პაციენტებისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის ვარიანტები გახდება ხელმისაწვდომი.
AML კვლავაც სერიოზულ გამოწვევად რჩება, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში მკურნალობის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნებოდა. თუმცა, ეს გარღვევა ახალ იმედს აძლევს პაციენტებს, რომლებიც ამ რთულ დიაგნოზს ებრძვიან. კვლევითი ჯგუფი ახლა კლინიკური კვლევებისთვის ემზადება, რომ ადამიანებში თერაპიის უსაფრთხოება და ეფექტურობა შემოწმდეს.
წყარო: nature communications

