მაღალი წნევა საფრთხეს უქმნის მილიარდზე მეტ სიცოცხლეს: ჯანდაცვის გლობალური კრიზისი

გააზიარე

WHO-ს 2024 წლის გლობალური ჰიპერტენზიის ანგარიში ცხადყოფს, რომ მსოფლიოში 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს მაღალი არტერიული წნევით, მაგრამ მათგან მხოლოდ 20%-საქვს მდგომარეობა სათანადოდ კონტროლირებული. ჰიპერტენზია არის ინფარქტის, ინსულტის, თირკმლის დაავადებებისა და დემენციის წამყვანი მიზეზი, რაც უზარმაზარ ტვირთს აკისრებს გლობალურ ჯანდაცვის სისტემებს.

გაეროს 80-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოქვეყნებული ეს ანგარიში ცხადყოფს უდიდეს სხვაობას ჰიპერტენზიით დაავადებულებსა და მათ შორის, ვინც სათანადო მკურნალობას იღებს. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, WHO-ს მიერ რეკომენდებულ წამლებზე სრული წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 28% აქვს, რაც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის კრიტიკულ პრობლემებზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არტერიული წნევის პრევენცია და მართვა შესაძლებელია, ის ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს. 2011-2025 წლებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის ჰიპერტენზია, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ეკონომიკას დაახლოებით 3.7 ტრილიონი დოლარით დააზარალებს – რაც მათი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი)-ის თითქმის 2%-ს შეადგენს.

ჯანმოს გენერალური დირექტორი, Dr. Tedros Adhanom Ghebreyesus აღნიშნავს: „მაღალი არტერიული წნევის გამო ინსულტითა და ინფარქტით ყოველ საათში 1,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, და ამ სიკვდილის უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელია. პოლიტიკური ნებისა და ინვესტიციების მეშვეობით, ქვეყნებს მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.“

დაბრკოლებები და უთანასწორობა: რატომ რჩება ჰიპერტენზია უკონტროლო?

უსაფრთხო, დაბალფასიანი მედიკამენტების არსებობის მიუხედავად, მრავალი ქვეყნისთვის ჰიპერტენზიის მართვა რთულია. პრობლემებს ქმნის სუსტი მიწოდების ქსელები, მაღალი ხარჯები და პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების დეფიციტი. ასევე, ბევრ რეგიონში მწირია სანდო წნევის საზომი ხელსაწყოები, ხოლო პრევენციას აფერხებს არასტაბილური პოლიტიკა თამბაქოს, ალკოჰოლის, მარილისა და ფიზიკური აქტივობის რეგულირების კუთხით.

195 ქვეყნის ანალიზმა აჩვენა, რომ მათგან თითქმის ნახევარში ჰიპერტენზიის კონტროლის მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება. ყველაზე მძიმედ დაზარალებული კი დაბალრესურსიან გარემოში მცხოვრები მოსახლეობაა. ეს ფაქტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოლოსალურ წარუმატებლობაზე მიუთითებს, ვინაიდან ეფექტური მართვის სტრატეგიები დღესდღეობით აღარ წარმოადგენს პრობლემას.

საბედნიეროდ, რამდენიმე ქვეყანა ამ ფონზე წარმატებულ მოდელებს გვთავაზობს. ბანგლადეშმა კონკრეტულ რეგიონებში ჰიპერტენზიის კონტროლის მაჩვენებელი 15%-დან 56%-მდე გაზარდა, საყოველთაო ჯანდაცვაში (UHC) მართვის ინტეგრირებისა და საზოგადოებრივი სკრინინგის გაძლიერების ხარჯზე. ფილიპინებში WHO-ს HEARTS ტექნიკური პაკეტის დანერგვით თემებში მომსახურება გაუმჯობესდა. სამხრეთ კორეამ კი 59%-იან კონტროლის მაჩვენებელს ჯანდაცვის სისტემის რეფორმებითა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით მიაღწია.

მილიონობით ნაადრევი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, WHO მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომ ჰიპერტენზიის კონტროლი საყოველთაო ჯანდაცვის (UHC) რეფორმების განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნების გაძლიერება და მეტი ინვესტიცია. ეს ნიშნავს მედიკამენტების საიმედო მიწოდებას, მასშტაბურ სკრინინგს, მკურნალობის სტანდარტიზებულ პროტოკოლებს და პროგრესის მონიტორინგისთვის მონაცემთა ეფექტურ სისტემებს. 

ასევე, უნდა გააქტიურდეს ჯანმრთელობის ხელშემწყობი კამპანიები, რომლებიც მიმართულია ძირითადი რისკ-ფაქტორების (როგორიცაა თამბაქოს მოხმარება და მარილის შემცირება) წინააღმდეგ. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს გლობალური კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ქვეყნებმა შეძლონ ბარიერების გადალახვა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

წყარო: WHO

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები