ინოვაცია ასთმის მკურნალობაში: მეცნიერებმა შეტევის წინასწარმეტყველების ზუსტი მეთოდი აღმოაჩინეს

გააზიარე

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადების, ასთმის, მართვა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. Mass General Brigham-ისა და კაროლინსკას ინსტიტუტის მეცნიერებმა ინოვაციურ მექანიზმს მიაგნეს, რომელიც ასთმის შეტევების პროგნოზირებას 90%-იანი სიზუსტით შეძლებს.

ასთმის შეტევა სასუნთქი გზების მკვეთრი შევიწროებაა, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს და ხშირად პაციენტის ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ამ სამეცნიერო მიღწევის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის ანალიზით ექიმები მოსალოდნელ საფრთხეს იმ პაციენტებშიც კი წინასწარ დაინახავენ, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ.

აქამდე კლინიცისტებს იმის განსაზღვრისთვის, თუ რომელ პაციენტს ემუქრებოდა ქრონიკული დაავადების გართულების რეალური საფრთხე, საიმედო ბიომარკერები არ ჰქონდათ. ახალი აღმოჩენა ექიმებს საშუალებას მისცემს დაავადების გამწვავებამდე მიიღონ შესაბამისი ზომები.

გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა მეტაბოლომიკის მეთოდს ეყრდნობა, რომლის გამოყენებითაც მეცნიერებმა 2 500-ზე მეტი ადამიანის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზმში არსებული ორი ტიპის მეტაბოლიტის: სფინგოლიპიდებისა და სტეროიდების რაოდენობის განსაზღვრა ასთმის კონტროლისთვის ყველაზე ზუსტი ინდიკატორია. 

ამ მეტაბოლიტების ბალანსის გაზომვით იმის წინასწარ განსაზღვრაა შესაძლებელი, თუ როდის შეიძლება დაემართოს პაციენტს შეტევა, ზოგ შემთხვევაში თითქმის ერთი წლით ადრეც კი.

ეს მიღწევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პერსონალიზებული მედიცინისკენ, რადგან ტესტი მარტივი გამოსაყენებელიცაა და ამავდროულად ხარჯთეფექტურიც. ამ ფაქტორების გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია მეთოდი სტანდარტულ ლაბორატორიულ პროცედურად იქცეს. 

მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი ჯერ კიდევ დამატებით კლინიკურ კვლევებს საჭიროებს, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ინოვაცია ასთმით დაავადებული 500 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები