ჰემატოლოგიის ამერიკული საზოგადოების შეხვედრის მთავარი გზავნილები

გააზიარე

ჰემატოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASH) 67-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე (ორლანდო, 2025 წლის 6 დეკემბერი) წარმოდგენილმა ოთხმა უმნიშვნელოვანესმა კვლევამ რადიკალურად შეცვალა სისხლის დაავადებების მართვის მიმდინარე მიდგომები. კვლევის თემები მოიცავდა ფართო სპექტრს: ანემია ორსულობის დროს, ინფექციური პროცესების მართვა, ლეიკემის მქონე პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლები და ონკოლოგიურ დაავადებათა მართვის ფინანსური ტვირთი. 

ინტრავენური რკინის უსაფრთხოება ინფექციების ფონზე:

ათწლეულების განმავლობაში, კლინიცისტები თავს იკავებდნენ ინტრავენური (IV) რკინის გამოყენებისგან მწვავე ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებში. ეს მიდგომა განპირობებული იყო ჰიპოთეზით, რომ თავისუფალი რკინა შესაძლოა  აძლიერებდეს ბაქტერიების ზრდას (პროლიფერაციას უწყობდეს ხელს) და ამძიმებდეს დაავადების მიმდინარეობას. მიუხედავად ლაბორატორიული (in vitro) მინიშნებებისა, ადამიანებზე დაფუძნებული მკაფიო კლინიკური მტკიცებულება არ არსებობდა.

კვლევა ეფუძნებოდა აშშ-ის 85,000-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული პაციენტის (2000–2024 წწ.) მონაცემების ფართომასშტაბიან ანალიზს. პაციენტებს აღენიშნებოდათ რკინადეფიციტური ანემია და გავრცელებული ინფექციები, როგორებიცაა: პნევმონია (27,000+), საშარდე გზების ინფექციები (UTIs, 23,000+), MRSA ინფექციები (15,000+), ცელულიტი (13,000+), კოლიტი (7,000+) და მენინგიტი (143).

ინტრავენური რკინით მკურნალობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კლინიკური შედეგები: ინფექციების აბსოლუტური უმრავლესობის დროს დაფიქსირდა სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება როგორც ადრეულ (14-დღიან), ისე გრძელვადიან (90-დღიან) პერიოდებში.

ყველაზე შთამბეჭდავი შედეგები აღინიშნა ისეთი მძიმე ინფექციების დროს, როგორიცაა: პნევმონია, MRSA(მეთიცილინ-რეზისტენტული სტრეპტოკოკოკი) სეფსისი და კოლიტი. ამასთან, IV რკინა არამარტო ამცირებდა სიკვდილიანობას, არამედ აუმჯობესებდა ჰემოგლობინის დონეს, უფრო მეტადაც კი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა გაიზარდა მხოლოდ 4−6 საათით, რაც კლინიკურად უმნიშვნელო გვერდითი ეფექტია.

მენინგიტის მქონე პაციენტებში შედეგი ნეიტრალური იყო (ნიმუშის მცირე ზომის გამო). მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ობსერვაციული კვლევა და ვერ ამტკიცებს უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მისმა შედეგებმა უნდა დაგვაფიქროს მოქმედ კლინიკურ გაიდლაინებზე. ამ დასკვნების საბოლოო ვალიდაციისთვის აუცილებელია რანდომიზებული კონტროლირებადი ცდები (RCTs).

რკინის დეფიციტი ორსულობის დროს: 

ორსულობის პერიოდში რკინაზე მოთხოვნა ფიზიოლოგიურად მკვეთრად იზრდება. რკინის დეფიციტი ზრდის ისეთ სერიოზულ გართულებათა რისკებს, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის დაბალი წონა და ნეირო-კოგნიტური განვითარების შეფერხება. თუმცა, რუტინული სკრინინგი ხშირად არასისტემურია და შემოიფარგლება მხოლოდ ანემიის (ჰემოგლობინი<11 გ/დლ) გამოვლენით.

მეიოს კლინიკის ინოვაციური პროექტით, მოხდა ფერიტინის დონის ტესტირების სტანდარტიზაცია ორსულობის 8-12 და 24-28 კვირაზე. თერაპიული სტრატეგია მოიცავდა ორალური რკინის დანიშვნას ადრეული დეფიციტის შემთხვევაში, ხოლო მოგვიანებით – ინტრავენური (IV) დექსტრანის გამოყენებას.

ერთწლიანი მონაცემებით: სკრინინგის მაჩვენებელი 10%-დან 63%-მდე გაიზარდა. ამასთან, მონაწილეთა ორ მესამედს დაუდასტურდა რკინის დეფიციტი. IV ინფუზიების რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა (21%-მდე). შედეგად, ჰემოგლობინის საერთო დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა10.7 გ/დლ-დან 11.8 გ/დლ-მდე; არაანემიურ პაციენტებში კი 12 გ/დლ-დან 12.8 გ/დლ-მდე. ამ გაუმჯობესების ფონზე, სისხლის ტრანსფუზიების საჭიროება ოდნავ, 3.1%-დან 2.7%-მდე შემცირდა.

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მარტივი, სტანდარტიზებული სკრინინგის დანერგვა ეფექტურად ახდენს ანემიის პრევენციას და აუმჯობესებს დედათა და ნაყოფის ჯანმრთელობის პარამეტრებს.

უთანასწორობა ლეიკემიის მართვაში

ეროვნული კიბოს ინსტიტუტის (NCI) მიერ 1984–2019 წლებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევების ანალიზმა გამოავლინა AML-ის მქონე შავკანიან პაციენტებში (184 სუბიექტი) კლინიკური შედეგების მკვეთრი უთანასწორობა თეთრკანიან პაციენტებთან (3,469 სუბიექტი) შედარებით:

დიაგნოსტიკის ასაკი: შავკანიანი პაციენტები დიაგნოზს საშუალოდ 5.6 წლით ადრე იღებდნენ.

სიკვდილიანობის რისკი: მათ აღენიშნებოდათ 31%-ით მაღალი ლეიკემიით გამოწვეული ლეტალური გამოსავლის რისკი და 21%-ით მაღალი საერთო სიკვდილიანობა.

პროგნოზი: NPM1 მუტაციის მქონე შავკანიანი პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ნაკლები იყო (8.9 თვე 19.1 თვის წინააღმდეგ), მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მოლეკულური პროფილი (მუტაციების სპექტრი) მსგავსი იყო.

მკურნალობაზე წვდომა: შავკანიან პაციენტებს ნაკლებად უტარდებოდათ დონორის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (37% 48%-ის წინააღმდეგ).

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ბიოლოგიურად მსგავსი დაავადებაც კი განსხვავებულად პროგნოზირდება რასობრივი კუთვნილების მიხედვით, რაც მიუთითებს ჯანდაცვის სისტემაში სიღრმისეულ სტრუქტურულ ხარვეზებზე.

პედიატრიული ლეიკემია (ALL) და სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი

პედიატრიული მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (ALL) დიაგნოზი უკავშირდება ოჯახებისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთს. 422 ოჯახის მონაცემების კვლევამ გამოავლინა “ფინანსური ტოქსიკურობის” კრიტიკული დონე:

ძირითადი საცხოვრებელი საჭიროებები: ოჯახების 30% იბრძოდა საცხოვრებლის, საკვებისა და კომუნალური გადასახადების უზრუნველყოფისთვის.

შემოსავლის კლება: მკურნალობის დაწყებიდან 24 თვის განმავლობაში, ოჯახების 31.5%-მა დაკარგა შემოსავლის 25% ან მეტი.

ახალი ფინანსური სირთულეები: იმ ოჯახების 24%, რომლებიც მკურნალობის დაწყებამდე ფინანსურად სტაბილურად ითვლებოდნენ, შემდგომ ეტაპზე გადასახადებთან დაკავშირებით ახალ დაბრკოლებებს შეჯახნენ.

სოციალური რისკის ჯგუფები: ფინანსური სიდუხჭირის მაღალი ალბათობა აღენიშნებოდათ ლათინო-მირეკელებს/შავკანიანებს, დაბალშემოსავლიან, მარტოხელა მშობლის ოჯახებს და სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის (Medicaid) მომხმარებლებს.

როგორც ჰემატოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASH) მოდერატორმა, დოქტორმა ადამ კუკერმა აღნიშნა: “კლინიკური პრაქტიკის გადაფასებაზე ორიენტირებული კვლევები უშუალო და რეალურ სარგებელს მოუტანს პაციენტთა პოპულაციას.” შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია კლინიკური გაიდლაინების ოფიციალური ცვლილება, ინტენსიური ბრძოლა თანასწორობის უზრუნველსაყოფად და მილიონობით პაციენტის სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

წყარო: American Society of Hematology

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები