ციურიხისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ინოვაციური ულტრაბგერითი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ტვინის რამდენიმე უბნის ერთდროული სტიმულირება, რაც უდიდესი პროგრესია ტვინის არაინვაზიური მოდულაციის სფეროში.
ადრინდელი ტექნიკისგან, რომელიც ერთ წერტილზე იყო ორიენტირებული, ახალი მეთოდი იყენებს ჰოლოგრამის მსგავს ულტრაბგერით ტალღებს იმ მიზნით, რომ სამიდან ხუთამდე სამიზნე უბანს მიწვდეს. ტექნოლოგია მუშაობს მნიშვნელოვნად დაბალი ინტენსივობით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს გადახურების, სისხლძარღვოვანი დაზიანების ან უკონტროლო ნერვული აქტივაციის რისკს. შედეგად, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ტვინის აქტივობაზე ზემოქმედების გაცილებით უსაფრთხო და ზუსტ საშუალებას.
მოწყობილობა მუშაობს ქირურგიული ჩარევის საჭიროების გარეშე. თაგვებზე ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს, მკვლევრებმა ცხოველების თავი მოათავსეს ჩაფხუტის მსგავს სტრუქტურაში, რომელიც აღჭურვილი იყო ასობით ულტრაბგერითი გარდამქმნელით ე.წ ტრანსდიუსერით.
ეს გარდამქმნელები ასხივებდნენ სინქრონიზებულ, დაბალი ინტენსივობის იმპულსებს, რომლებიც ერთმანეთთან ინტერფერენციას განიცდიდნენ, რითაც ტვინის სიღრმეში წარმოქმნიდნენ სტიმულაციის მრავალ, წვრილად ფოკუსირებულ წერტილს. რადგან ტვინი რთული ქსელის სახით ფუნქციონირებს, რამდენიმე რეგიონის ერთდროული სტიმულაცია იძლევა ამ ქსელების უფრო ეფექტური აქტივაციის საშუალებას, თანაც ბევრად დაბალი ულტრაბგერითი სიმძლავრის გამოყენებით, ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი.
ახალი სისტემა უზრუნველყოფს ტვინის აქტივობის რეალურ დროში ვიზუალიზაციას, რაც საშუალებას აძლევს მკვლევრებს, უშუალოდ დააკვირდნენ ნერვული ქსელების მოდულაციის პროცესს. ეს პირდაპირი მონიტორინგი ფასდაუდებელია ულტრაბგერისა და ნერვული წრედების ურთიერთქმედების მექანიზმების შესასწავლად. მიჩნეულია, რომ დაბალი ინტენსივობის ულტრაბგერითი პულსები ნეირონების ზედაპირზე არსებულ იონური არხის ცილებზე ზემოქმედებს, რითაც ცვლის ნერვული უჯრედების ელექტრული სიგნალების ტრანსდუქციას (გადაცემას).
მიუხედავად იმისა, რომ „Nature Biomedical Engineering“-ში გამოქვეყნებული მიმდინარე კვლევა ფოკუსირებული იყო ტექნოლოგიის შემუშავებასა და ვალიდაციაზე, მიღებული მონაცემები ფართო თერაპიულ პოტენციალზე მიუთითებს.
მკვლევრები გეგმავენ ამ ინოვაციური ტექნიკის შემდგომ ტესტირებას ნევროლოგიურ დაავადებებზე, მათ შორის ალცჰაიმერის, ეპილეფსიის, ესენციური ტრემორის, პარკინსონის და დეპრესიის სამკურნალოდ.
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული მიდგომა შეიძლება იქცეს არაინვაზიური მკურნალობის ახალ მეთოდად, რომელიც ტვინის მუდულაციას შეძლებს ქირურგიული ჩარევის და მაღალი რისკის შემცველი სტიმულაციის მეთოდების საჭიროების გარეშე.
წყარო: Neuroscience