back to top

ინფექციის კონტროლის მნიშვნელობა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ესთეტიკურ მედიცინაში

გააზიარე

2025 წლის 28 სექტემბერს, კვირას GAIA-ს ასოციაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაზე დარგის წამყვანი სპეციალისტები ერთიან პლატფორმაზე შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ესთეტიკური მედიცინისა და დაკავშირებული სფეროების მიმდინარე გამოწვევები და ახალი ტენდენციები, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში ყალიბდება. ესთეტიკური მედიცინა ბოლო ათწლეულებში სწრაფად მზარდ დარგად იქცა. ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურების ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად გაზარდა პაციენტთა ინტერესი, თუმცა, პარალელურად მოიმატა ინფექციური გართულებების რისკმაც. კანის ბარიერის დარღვევა, ნემსის გამოყენება და ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი ინფექციის გადაცემის პოტენციურ წყაროს ქმნის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ სამედიცინო ან პარამედიკურ პრაქტიკაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა პაციენტის უსაფრთხოების საფუძველია. ამიტომაც, სტატიის მიზანია, გამოკვეთოს ინფექციის კონტროლის მნიშვნელობა ესთეტიკურ მედიცინაში, წარმოაჩინოს არსებული გამოწვევები პროფესიონალიზმისა და რეგულაციების თვალსაზრისით და განიხილოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრაქტიკული ასპექტები.

ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპები მოიცავს შემდეგს:

    1. პერსონალური ჰიგიენა და ხელის ჰიგიენა: პროცედურამდე და მის შემდეგ ხელების დაბანა ან ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.
    2. ინსტრუმენტების სტერილიზაცია: მრავალჯერადი ინსტრუმენტები ყოველი პროცედურის შემდგომ საჭიროებენ სტერილიზაციას.
    3. ინექციური უსაფრთხოება: სტერილური ნემსების, შპრიცების და მედიკამენტების გამოყენება.
    4. საპროცედურო გარემოს ჰიგიენა: ზედაპირებისა და გარემოს დეზინფექცია, ვენტილაცია, წესრიგი.
    5. ნარჩენების მართვა: ბიოლოგიური ნარჩენების უსაფრთხო შეგროვება და განთავსება სპეციალურ ბასრი ნივთის კონტეინერებში („sharps container“).

საქართველოში და რიგ სხვა ქვეყნებში ესთეტიკური მედიცინის სფერო ჯერ კიდევ არ ექვემდებარება მკაცრ სახელმწიფო რეგულაციას. ამასთან, პრაქტიკაში ჩართულნი არიან სპეციალისტები, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო განათლება. ეს გარემოება ზრდის ინფექციური რისკების ალბათობას, რადგან: არ ხდება სტერილური გარემოს უზრუნველყოფა; მედიკამენტები ხშირად არასწორად ინახება ან გამოიყენება; პროცედურები ტარდება არასაკმარისი ცოდნის პირობებში. განსაკუთრებით პრობლემურია გამოყენებული შპრიცების „დეკორატიული“ მიზნებისთვის გამოყენება კაბინეტებში. ეს პრაქტიკა მკაცრად ეწინააღმდეგება უსაფრთხოების წესებს, წარმოადგენს ბიოლოგიურ საფრთხეს და ზრდის ჰეპატიტის, HIV-ის და სხვა ინფექციების გავრცელების რისკს.

ჩამოთვლილი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ, შესაძლოა გამოიწვიოს ლოკალური ინფექციები: მაგ.აბსცესი და ფლეგმონა; სისტემური გართულებები, როგორიცაა სეფსისი, ბაქტერიული შოკი; ვირუსული ინფექციები: ჰეპატიტი B, C, HIV; ესთეტიკური პრობლემები: ნაწიბურები, პიგმენტაცია, ხანგრძლივი რეაბილიტაცია; და ბოლოს იურიდიული შედეგები:  სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფინანსური სანქციები.

არსებული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ესთეტიკური მედიცინის სფერო საჭიროებს როგორც მკაცრ რეგულაციას, ისე პროფესიული სტანდარტების დანერგვას. საერთაშორისო გაიდლაინების (WHO, CDC, ECDC) ადაპტირება ადგილობრივ პრაქტიკაში გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს. გარდა ამისა, საჭიროა რეგულარული ტრენინგები, პერსონალის სერტიფიცირება და სახელმწიფო ზედამხედველობა.

ინფექციის კონტროლი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ესთეტიკურ მედიცინაში წარმოადგენს კრიტიკულ ფაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთა უსაფრთხოებას და პროფესიული საქმიანობის ხარისხს.

რადგან სფეროში ჩართულია ბევრი არაპროფესიონალი და რეგულაციები სუსტი რჩება, ინფექციის კონტროლის მნიშვნელობა ორმაგად მაღალია. აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება, ნარჩენების სწორი უტილიზაცია და მხოლოდ სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტების ჩართვა პრაქტიკაში.

ლიტერატურა:

  1. World Health Organization. Guidelines on Core Components of Infection Prevention and Control Programmes at the National and Acute Health Care Facility Level. Geneva: WHO; 2016.
  2. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Core Infection Prevention and Control Practices for Safe Healthcare Delivery in All Settings. Atlanta: CDC; 2020.
  3. European Centre for Disease Prevention and Control (ECDC). Infection prevention and control and preparedness for COVID-19 in healthcare settings. Stockholm: ECDC; 2020.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები