ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალი ანგარიშის თანახმად, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში მიღწეული სამეცნიერო პროგრესის მიუხედავად, მილიონობით პაციენტისთვის გლობალურად რეალობა თითქმის არ შეცვლილა.
ორგანიზაცია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ კიბოს შემთხვევები მსოფლიოში საგანგაშოდ იზრდება, ხოლო პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის მხრივ ქვეყნებს შორის კვლავ მზარდი უთანასწორობა ფიქსირდება.
ანგარიშის მიხედვით, დედამიწის ყოველი მეხუთე მცხოვრები ცხოვრების განმავლობაში ავადდება კიბოთი, ხოლო ეს დაავადება, საკუთარი დიაგნოზის ან ოჯახის წევრის ავადმყოფობის სახით, გლობალურად მოსახლეობის 92%-ს შეეხება.
მსოფლიოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 20.6 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10 მილიონს აღწევს. სპეციალისტების პროგნოზით, 2050 წლისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და გლობალურად დაავადების შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, თითქმის 35 მილიონამდე გაიზრდება.
ამასთანავე, ანგარიში მიუთითებს მზარდ უთანასწორობაზეც. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ძუძუსა და ბავშვთა ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა 85% დიაგნოზის დასმიდან მინიმუმ 5 წელს ცოცხლობს, მაშინ როცა დაბალი შემოსავლის მქონე რეგიონებში ეს მაჩვენებელი 30%-ზე ნაკლებია. გლობალურ დისბალანსზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს 23 ქვეყანაში ამჟამად საერთოდ არ არსებობს რადიაციული თერაპიის (სხივური თერაპიის) აპარატურა.
კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნების ორ მესამედში კიბოს მკურნალობა არ არის შესული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში. კოლოსალური ხარჯების გამო, ზოგიერთ რეგიონში პაციენტების 90%-მდე იძულებულია შეწყვიტოს მკურნალობა. გარდა ამისა, სოციალური სტიგმის გამო, ზოგიერთი ქალი მასტექტომიას (მკერდის მოკვეთას) სიკვდილს ამჯობინებს.
ნეგატიური პროგნოზების ფონზე, ანგარიში პოზიტიურ ტენდენციებზეც ამახვილებს ყურადღებას. მკვეთრად წინ მიდის საშვილოსნოს ყელის კიბოს სრული აღმოფხვრის პროცესი, ასევე მსოფლიოში კლებულობს თამბაქოს მოხმარება. ქვეყნების უმეტესობას უკვე აქვს შემუშავებული კიბოსთან ბრძოლის ეროვნული გეგმა.
სპეციალისტების განცხადებით, ახალი შემთხვევების 40% დაკავშირებულია ისეთ რისკ-ფაქტორებთან, რომელთა მართვაც შესაძლებელია. ესენია: თამბაქო, ინფექციები, ალკოჰოლი და ჭარბი წონა.
ჯანმოს ექსპერტები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობასა და მთავრობებს, რომ პაციენტზე ზრუნვა ისევე დააფასონ, როგორც თავად განკურნების პროცესი და სრულად დააფინანსონ კიბოს სერვისები — პრევენციიდან და დიაგნოსტიკიდან დაწყებული, რეაბილიტაციით დასრულებული.
წყარო: WHO

