ხელოვნური ინტელექტი კარდიოგრამით გულის დაავადებებს ორ წამზე ნაკლებ დროში ამოიცნობს

გააზიარე

ექიმებმა შექმნეს „ზეადამიანური“ ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტი, რომელსაც გულის დაავადებების ამოცნობა ორ წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მილიონობით პაციენტის მონაცემებზეა დატრენინგებული, რუტინული ელექტროკარდიოგრამიდან (ECG) იმაზე მეტ ინფორმაციას კითხულობს, ვიდრე ადამიანს შეუძლია.

ტრადიციული კარდიოგრამა უკვე საუკუნეა ინფარქტისა და რიტმის დარღვევების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება, თუმცა მას გულის სტრუქტურული დაავადებების გამოვლენა არ შეუძლია. ამისთვის პაციენტებს ექოკარდიოსკოპიის (გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა) ჩატარება სჭირდებათ, რის გამოც კლინიკებში ხშირად თვეობით ლოდინი უწევთ.

ახალი AI ალგორითმი  გულის უკმარისობისა და სარქვლოვანი პათოლოგიების, გულის დაავადებების ორი ყველაზე გავრცელებული ფორმის, ნიშნებს ელვის სისწრაფით კითხულობს. ტექნოლოგიური გარღვევის შესახებ დეტალები მიუნხენში, კარდიოლოგთა ევროპული საზოგადოების (ESC) ყოველწლიურ, მსოფლიოში უდიდეს კარდიოლოგიურ კონგრესზე წარადგინეს.

აშშ-ში 67 000 პაციენტზე ჩატარებული მასშტაბური კლინიკური კვლევის ფარგლებში, ხელოვნურმა ინტელექტმა გულის უკმარისობის შემთხვევების 81%, ხოლო გულის სარქველის დაავადების მქონე პაციენტების 90% ზუსტად გამოავლინა. კვლევას ბრიტანეთის გულის ფონდის (BHF) დაფინანსებით ლონდონის საიმპერიო კოლეჯის (Imperial College London) მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის კარდიოლოგიის პროფესორის, ფუ სიონგ ნგ-ის განმარტებით, ტექნოლოგია სრულად ვერ ჩაანაცვლებს ექოკარდიოსკოპიას ანუ დამოუკიდებლად საბოლოო დიაგნოზს ვერ დასვამს, თუმცა ის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებასა და მათ პრიორიტეტიზაციაში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, ულტრაბგერით გამოკვლევაზე ბევრად სწრაფად მოხვდებიან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობას დროულად დაიწყებენ.

გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოდელი შესაძლოა საავადმყოფოს ერთიან ქსელში ჩაიტვირთოს და დაავადება იმ პაციენტებშიც გამოავლინოს, რომლებსაც კარდიოგრამა სულ სხვა მიზეზით გადაუღეს. გუნდის შემდეგი მიზანია, ექიმებისთვის ხელის, პორტატიული AI-კარდიოგრამის წამკითხველები შექმნან.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის კონგრესზე კიდევ ერთი საინტერესო ინოვაცია განიხილეს. ტოკიოს უნივერსიტეტისა და ტოკიოს მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევრებმა წარადგინეს AI სისტემა, რომელსაც პაციენტის სახის 5-წამიანი ვიდეოს ანალიზით არადიაგნოსტირებული მაღალი არტერიული წნევისა და მეორე ტიპის დიაბეტის სწრაფად და ზუსტად გამოვლენა შეუძლია.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები