ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებაში: რომელი პოზიციებია საფრთხის ქვეშ?

გააზიარე

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ბევრ პროფესიას საფრთხეს უქმნის და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც მეცნიერებაა. ჟურნალმა Nature-მა გამოკითხა ოთხ ათეულზე მეტი მკვლევარი აკადემიური და ინდუსტრიული სფეროდან, რათა გაერკვია, რამდენად რეალურია AI-ს მიერ მეცნიერების ჩანაცვლების პერსპექტივა.

რომელი პოზიციებია საფრთხის ქვეშ?

მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ უკვე საგრძნობლად შეამცირა მოთხოვნა იმ სპეციალისტებზე, რომლებიც კოდის წერით ან მონაცემთა საბაზისო ანალიზით იყვნენ დაკავებულნი ანუ იმ დავალებებით, რომლებსაც ადრე, როგორც წესი, სტუდენტები და დამწყები მეცნიერები ასრულებდნენ. 

მაგალითად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ინჟინერი სუანჰე ჯაო აღნიშნავს, რომ კომპიუტერულ მოდელირებაში გარკვეული როლების გაქრობა უკვე რეალობაა, რადგან ტექნოლოგია ამ საქმეს თავს ბევრად ეფექტურად ართმევს. 

ეს ტენდენცია მეცნიერების მომიჯნავე სფეროებსაც შეეხო, კერძოდ, ტექნიკურ თარგმანს, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ამის დასტურია ამერიკის მთარგმნელთა ასოციაციაც, რომლის სამეცნიერო-ტექნიკურ განყოფილებაში წევრთა რაოდენობა ბოლო ორნახევარ წელიწადში 26%-ით შემცირდა.

რომელი პოზიციები რჩება „უსაფრთხო ზონაში“?

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოზიციები, რომლებიც ლაბორატორიულ მუშაობასა და უშუალო ექსპერიმენტების ჩატარებას მოითხოვს, ამ ეტაპზე უფრო დაცულია, რადგან რობოტიზებული სისტემები რთული ფიზიკური დავალებების შესრულებასა და შედეგების ადამიანური სიზუსტით ინტერპრეტაციას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ. 

შედარებით უსაფრთხოდ უფროსი მეცნიერების საქმიანობაც მიიჩნევა, რაც კვლევითი პროექტების ორგანიზებასა და კოორდინაციას გულისხმობს. თუმცა, ეკონომისტი ანტონ კორინეკი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ „წმინდა კოგნიტური ამოცანები“ დარტყმის ქვეშ პირველი აღმოჩნდება და მათ უახლოეს მომავალში სრულად ხელოვნური ინტელექტი გადაიბარებს.

„წმინდა კოგნიტური ამოცანები“ გულისხმობს ისეთ ინტელექტუალურ პროცესებს, რომლებიც მხოლოდ აზროვნებას, ლოგიკურ მსჯელობასა და ინფორმაციის დამუშავებას მოითხოვს და არ საჭიროებს ფიზიკურ ჩარევას.

მეცნიერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ თუ დამწყები სპეციალისტები და ტექნიკოსები საბაზისო სამუშაოების ავტომატიზაციის გამო ლაბორატორიებში ადგილს დაკარგავენ, ეს სამეცნიერო კარიერის კიბეზე განვითარების ჯაჭვს დაარღვევს.

ტეხასის უნივერსიტეტის ბიოლოგი კლაუს ვილკე მიიჩნევს, რომ მართალია, AI-ს წყალობით კვლევების რაოდენობა დროებით გაიზრდება, თუმცა ამის ფასი სამეცნიერო რესურსის კოლაფსი და სფეროს გრძელვადიანი დაღმასვლა იქნება.

სამომავლო პერსპექტივა

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია წარმატებით ართმევს თავს ტექსტების რედაქტირებასა თუ კოდის გენერირებას, მისი მთავარი ლიმიტი კვლავ ნოვატორული იდეების ნაკლებობაა. კვანტური ფიზიკოსი ჯონათან ოპენჰაიმი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი სასარგებლოა ნაშრომების კრიტიკული მიმოხილვისთვის, თუმცა მას დამოუკიდებლად სრულიად ახალი, ორიგინალური სამეცნიერო იდეების მოფიქრება ჯერჯერობით არ შეუძლია.

ექსპერტების შეფასებით, საბოლოო გამოსავალი ადაპტაციაშია. მეცნიერები თანხმდებიან, რომ AI კი არ აკნინებს მეცნიერის როლს, არამედ აიძულებს მას, გადაინაცვლოს ისეთ რთულ ამოცანებზე, სადაც ადამიანს ჯერ კიდევ აქვს „შედარებითი უპირატესობა“. როგორც მათემატიკოსი ტერენს ტაო განმარტავს, გარდაუვალ ცვლილებებთან შეგუება არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ ახალი ტიპის წარმატების მიღწევის წინაპირობაა.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები