სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, პირველადი სიმსივნეების დაახლოებით მეხუთედში (19%) და მეტასტაზური სიმსივნეების მეოთხედში (26%) დნმ-ის ისეთი ცვლილებები გვხვდება, რომლებზეც უკვე დამტკიცებული მიზნობრივი თერაპიები მოქმედებს. თუმცა ამ პოტენციურად სამიზნე ცვლილებების ნახევარზე მეტი იმ ტიპის სიმსივნეებში დაფიქსირდა, რომელთა სამკურნალოდაც შესაბამისი პრეპარატები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) დამტკიცებული არ აქვს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ადრეული კიბოს ინსტიტუტის მკვლევართა ხელმძღვანელობით, გუნდმა 17 000-ზე მეტი სიმსივნის გენომის სრული სეკვენირების მონაცემები გააანალიზა — 11 000 პირველადი სიმსივნე გაერთიანებული სამეფოს 100,000 Genomes Project-იდან და 6 000 მეტასტაზური სიმსივნე ნიდერლანდების Hartwig Medical Foundation-იდან. მკვლევრები ეძებდნენ როგორც FDA-ის მიერ უკვე დამტკიცებულ თერაპიებთან დაკავშირებულ ბიომარკერებს, ისე იმ გენეტიკურ ცვლილებებს, რომლებზე მოქმედი პრეპარატებიც ჯერ კიდევ შემუშავების ან კლინიკური კვლევების ეტაპზეა.
სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი შესაძლებლობები იმიტომ იკარგება, რომ გენომური ტესტირება და მიზნობრივი პრეპარატების დამტკიცება ხშირად სიმსივნის წარმოშობის ორგანოზეა აგებული და არა თავად სიმსივნის დნმ-ზე. მაგალითად, თუ საკვერცხის კიბოსთვის დამტკიცებული პრეპარატის სამიზნე მოლეკულური მექანიზმი პანკრეასის კიბოშიც გამოვლინდა, მედიკამენტს დამატებითი კლინიკური კვლევების გარეშე ვერ გამოიყენებენ; იშვიათი სიმსივნეების შემთხვევაში კი ავტორიზაციისთვის საჭირო რაოდენობის პაციენტების შეგროვებას, შესაძლოა, მრავალი წელი დასჭირდეს.
„პოტენციურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების მასშტაბი თვალში საცემია. გვაქვს დამტკიცებული პრეპარატები, რომლებიც, როგორც ვიცით, კონკრეტულ გენეტიკურ მუტაციებზე მოქმედებს, თუმცა თუ ეს მუტაციები არასწორი ტიპის კიბოში გვხვდება, მათ ვერ ვიყენებთ“, — აცხადებს კვლევის უფროსი ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის გენომური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, სერენა ნიკ-ზაინალი.
სტანდარტული გენეტიკური ტესტირებისგან განსხვავებით, რომელიც ცალკეულ მუტაციებს ეძებს, გენომის სრული სეკვენირება მთელი გენომის მასშტაბით დნმ-ის დაზიანების ისეთ კანონზომიერებებს ავლენს, რომლებიც ფუნდამენტური ბიოლოგიური პროცესების დარღვევაზე მიუთითებს, მაგალითად, ჰომოლოგიური რეკომბინაციის დეფიციტზე (უჯრედში დნმ-ის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი სისტემის მოშლა). ნიკ-ზაინალის თქმით, ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ერთი ტესტით მრავალი ტიპის გენომური ანომალიის გამოვლენა შეიძლება, მათ შორის ისეთებისაც, რომელთა ძებნასაც ჩვეულებრივ არ განიხილავენ.
ამის მიუხედავად, მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა პრეპარატი სხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ არ გამოდგება და არსებული თერაპიებით ყველა პაციენტი დაუყოვნებლივ ვერ ისარგებლებს. ავტორების შეფასებით, ნაშრომი ახალი კლინიკური კვლევების შესაძლებლობებს გამოკვეთს, რომლებმაც უნდა დაადგინოს, აისახება თუ არა ეს მიგნებები პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებზე და რამდენად ხარჯთეფექტიანია გენომის სრული სეკვენირების დანერგვა.
წყარო: Cambridge

