მეცნიერებმა ორი მასშტაბური საერთაშორისო კვლევით დაადგინეს, რომ არაინვაზიური ტესტებით ღვიძლის მეტაბოლური დაავადებების (MASLD და მისი მძიმე ფორმა — MASH) და შორსწასული ფიბროზის გამოვლენა მაღალი სიზუსტით ხერხდება. The Lancet-სა და Nature Medicine-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, ეს მიდგომა ღვიძლის ინვაზიური ბიოფსიის საჭიროებას მკვეთრად ამცირებს.
ორივე ნაშრომი ღვიძლის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტების შეფასების ყველაზე დიდი საერთაშორისო პროგრამის, LITMUS-ის ნაწილია. მკვლევრებმა სისხლის, ვიზუალიზაციისა და ელასტოგრაფიის ათობით რუტინული თუ უახლესი ბიომარკერი შეისწავლეს, მათი სიზუსტე კი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ღვიძლის ბიოფსიის შედეგებს შეადარეს. The Lancet-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერებმა 1 500-ზე მეტ პაციენტში სისხლისა და ულტრაბგერითი ტესტების ეფექტიანობა გააანალიზეს, ხოლო Nature Medicine-ის კვლევაში — 350-ზე მეტ პაციენტში თანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და ელასტოგრაფიული ტექნიკები შეაფასეს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შორსწასული ფიბროზისა და ციროზის დროს უმაღლეს სადიაგნოსტიკო სიზუსტეს პროტეომიკული პანელით (SOMAScan), მაგნიტურ-რეზონანსული ელასტოგრაფიითა (MRE) და FibroScan-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტებით (მათ შორის, Agile 3+ ქულით) აღწევენ. ამასთან, ვიზუალიზაციის მეთოდების შედარებისას MRE-ით უკეთესი შედეგი მიიღეს, ვიდრე FibroScan-ით. უშუალოდ ციროზის გამოვლენისას კი სისხლის ტესტების — ELF-ისა და ADAPT-ის მაჩვენებლებმა წინასწარ განსაზღვრულ სადიაგნოსტიკო ზღვარს გადააჭარბა.
ავტორებმა მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოკვეთეს პირველადი სკრინინგის მიმართულებითაც: რუტინულ პრაქტიკაში დაავადების საწყისი შეფასებისას იაფი და მარტივი gamma-GT სისხლის ტესტით უფრო ზუსტი შედეგი მიიღეს, ვიდრე ფართოდ გავრცელებული FIB-4 ინდექსით. რაც შეეხება „მაღალი რისკის MASH“-ის იდენტიფიცირებას, რომელიც კლინიკური კვლევების მთავარი სამიზნე ჯგუფია, მეცნიერებმა დადგენილი სიზუსტის ზღვარი მხოლოდ SOMAScan პანელის გამოყენებით დააკმაყოფილეს. ვინაიდან მარეგულირებელი ორგანოები კვლევების გვიანდელ ფაზაში პაციენტების ჩასართავად ამ დიაგნოზის ზუსტ დადასტურებას ითხოვენ, კლინიკურ კვლევებში ბიოფსია დროებით კვლავ საჭირო იქნება, მაგრამ SOMAScan-ის მაჩვენებლები მის სამომავლო პოტენციალზე მეტყველებს.
ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორისა და კონსორციუმ LITMUS-ის კოორდინატორის, კვენტინ ანსტის განმარტებით, ეს ორი კვლევა სრულყოფილ სურათს გვაძლევს იმის შესახებ, თუ რომელი სადიაგნოსტიკო ტესტი მუშაობს რეალურად. მისივე თქმით, შორსწასული ფიბროზისა და ციროზის დროს ექიმებს არსებული არაინვაზიური ინსტრუმენტების გამოყენება უკვე სრული ნდობით შეუძლიათ, მაგრამ ღვიძლის აქტიური ანთების გამოვლენა კვლავ გამოწვევად რჩება.
მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ავტორები კლინიკებს გამარტივებულ სადიაგნოსტიკო ალგორითმს სთავაზობენ: პირველადი სკრინინგისთვის gamma-GT ტესტის გამოყენებას, დაავადების სიმძიმის დასადასტურებლად, ELF ან FibroScan მეთოდებს, ხოლო რთულ შემთხვევებში, სპეციალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ ვიზუალიზაციას.
ამ ახალი მიდგომით მედიკოსები პაციენტებს მტკივნეულ ბიოფსიას აარიდებენ, სპეციალიზებულ სამედიცინო რესურსებს კი იქ მიმართავენ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა. ამასთან, რადგან კლინიკურ პრაქტიკაში MASH-ის სამკურნალო პირველ ლიცენზირებულ პრეპარატებს უკვე ნერგავენ, დაავადების ზუსტი, არაინვაზიური დიაგნოსტიკა და მონიტორინგი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.
ცნობისთვის, MASLD მსოფლიოში ყოველ მესამე ზრდასრულს, ხოლო ჭარბი წონის ან ტიპი 2 დიაბეტის მქონე 10-დან 7 ადამიანს აწუხებს.
წყარო: MedicalXpress

