ახალმა, მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა, შესაძლოა, ახსნას კიბოს მეტასტაზების უჩვეულო ზრდა COVID-19-ის პანდემიის დროს. ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გრიპისა და SARS-CoV-2-ის ვირუსულ ინფექციებს, შესაძლოა, მიძინებული სიმსივნური უჯრედების გააქტიურება შეეძლოთ.
კვლევის იდეა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რეანიმაციული მედიცინის პროფესორს, ჰიუ მონტგომერის გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც მისი და, რომელიც მკერდის კიბოს მკურნალობის შემდეგ რემისიაში იყო, COVID-19-ით ინფიცირებიდან რამდენიმე თვეში კიბოთი გარდაიცვალა.
მონტგომერიმ და მისმა კოლეგებმა შეამჩნიეს, რომ პანდემიის პერიოდში მკვეთრად იმატა იმ პაციენტების რიცხვმა, რომლებსაც კიბოს შორსწასული ფორმები უვლინდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ეს ფაქტი სკრინინგისა და მკურნალობის შეფერხებას მიეწერებოდა, პროფესორს ეს ახსნა არადამაჯერებლად მიაჩნდა.
მეცნიერებმა კვლევა როგორც ცხოველურ მოდელებზე, ისე ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარეს.;
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს მიძინებული უჯრედები ფილტვებში გრიპის ვირუსით ან SARS-CoV-2-ით დაინფიცირებიდან რამდენიმე დღეში აქტიურდებოდა და ორ კვირაში მეტასტაზურ კერებად ყალიბდებოდა.
ადამიანის მონაცემების ანალიზმა, რომელიც UK Biobank-ისა და Flatiron Health-ის ბაზებს მოიცავდა, დაადასტურა ეს კავშირი. რემისიაში მყოფ პაციენტებს, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ, თითქმის 2-ჯერ მეტად იყვნენ კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის საფრთხის ქვეშ რისკი, ვიდრე ისინი, ვინც არ დაინფიცირებულა. ძუძუს კიბოს რემისიის მქონე ქალებში, COVID-19-ის შემდეგ, ფილტვებში მეტასტაზების განვითარების რისკი ისევ გაიზარდა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ეფექტი განპირობებულია ვირუსული ინფექციით გამოწვეული ანთებითი რეაქციით.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ მიძინებული სიმსივნური უჯრედების გააქტიურებაში საკვანძო როლს ასრულებს ციტოკინი ინტერლეიკინ-6 (IL-6). ეს ანთებითი მედიატორი, რომელიც ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება, სიმსივნური უჯრედების არსებობისას ხელს უწყობს მათ პროლიფერაციას და მეტასტაზების წარმოქმნას.
პროფესორი ჯეიმს დეგრეგორი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი გულისხმობს უკვე არსებული, მიძინებული სიმსივნური უჯრედების გაღვიძებას ანთებითი პროცესების მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ძირითადად COVID-19-სა და გრიპს მოიცავდა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კავშირი, შესაძლოა, ნებისმიერ მწვავე ვირუსულ ინფექციას ეხებოდეს, რომელიც ძლიერ ანთებას იწვევს.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კიბოსგან რემისიაში მყოფმა პირებმა უნდა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ინფექციის თავიდან ასაცილებლად. პროფესორი მონტგომერი დასძენს, რომ ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მწვავე ინფექციებს, შესაძლოა, გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის.
წყარო: JAMA