კვლევა: როგორ უწყობს ხელს წონის დაკლება ცხიმოვანი ქსოვილის გაჯანსაღებას

გააზიარე

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის (SDU) ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა, პასუხობს ფუნდამენტურ კითხვას: შეუძლია თუ არა ცხიმოვან ქსოვილს სრულად გაჯანსაღება წონის კლების შემდეგ.

ცნობილია, რომ სიმსუქნე იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის ანთებას და დისფუნქციას, რაც ზრდის დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. აქამდე მეცნიერებისთვის ბუნდოვანი იყო, რჩება თუ არა ცხიმოვან უჯრედებში სიმსუქნის პერიოდის „მეხსიერება“, რომელიც წონის დაკლების შემდეგაც ინარჩუნებს დაავადებების რისკს, თუ ქსოვილი სრულად „ახლდება“.

რა მეთოდოლოგია გამოიყენეს მეცნიერებმა?

ATLAS-ის ცენტრის მკვლევრებმა გამოიყენეს მოწინავე ერთუჯრედიანი ანალიზის მეთოდი (single-cell analysis), რომელიც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ქსოვილი არა ზოგადად, არამედ თითოეული ინდივიდუალური უჯრედის დონეზე შეისწავლონ. ამ ტექნოლოგიით მათ დაინახეს მოლეკულური ცვლილებები იმ უჯრედებში, რომლებიც სიმსუქნისა და წონის კლების პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. კვლევის ფარგლებში პაციენტების ცხიმოვანი ქსოვილი სამ კრიტიკულ ეტაპად გაანალიზდა:

  1. კუჭის შუნტირების ოპერაციამდე (მძიმე სიმსუქნის ფაზა).
  2. დიეტის შედეგად მიღწეული 5–10%-იანი კლების შემდეგ.
  3. ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ, როდესაც პაციენტებმა წონის 20–45% დაიკლეს.

კვლევის შედეგები

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წონის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ (20-45%), ცხიმოვანი ქსოვილი სტრუქტურულ ტრანსფორმაციას განიცდის და პრაქტიკულად ახლებურად ყალიბდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იმუნური უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაა. კლების შემდეგ მათი დონე იმ ნიშნულამდე ეცემა, რაც ჩვეულებრივ გამხდარ ადამიანებში გვხვდება. ეს გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან სწორედ ჭარბი იმუნური უჯრედები იწვევენ ქსოვილში ქრონიკულ ანთებას და ამცირებენ ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, რაც დროთა განმავლობაში ტიპი ორი დიაბეტის განვითარების რისკ ფაქტროია.

ამავდროულად, მეცნიერებმა ცხიმოვან ქსოვილში ვასკულარიზაციის  ზრდა დააფიქსირეს. ეს პროცესი ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას, რადგან განახლებული სისხლძარღვთა ქსელი უჯრედებს ჟანგბადითა და საჭირო საკვები ნივთიერებებით ბევრად უფრო ეფექტურად ამარაგებს. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ქსოვილის ჯანსაღი ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

გარდა სტრუქტურული ცვლილებებისა, მოხდა გენური ნორმალიზაციაც. კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ტიპის უჯრედში გენების აქტივობა დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელიც დამახასიათებელია ჯანმრთელი, გამხდარი ადამიანებისთვის. ეს ნიშნავს, რომ უჯრედულ დონეზე ქსოვილმა სრულად „დაივიწყა“ სიმსუქნის პერიოდი და დაუბრუნდა ფუნქციონირების ბუნებრივ, ჯანსაღ რიტმს.

საბოლოო ჯამში, სიმსუქნის ე.წ. „მეხსიერება“ ქსოვილში არ აღმოჩნდა ისეთი მყარი, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. წონის მნიშვნელოვანი დაკლების შემდეგ, ცხიმოვანი ქსოვილი პრაქტიკულად აღარ განსხვავდება ჯანმრთელი, გამხდარი ადამიანის ქსოვილისგან. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ წონის კლება არის ორგანიზმის უჯრედულ დონეზე „გადატვირთვისა“ და მეტაბოლური დაავადებებისგან თავის დაღწევის ეფექტური გზა.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები