კვლევა: ულტრადამუშავებული საკვები კოგნიტურ ფუნქციებს აზიანებს

გააზიარე

ავსტრალიის მონაშის (Monash), სან-პაულუსა და დიკინის (Deakin) უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევის თანახმად, ულტრადამუშავებული საკვების (UPF) მოხმარება ტვინის ფოკუსირების უნარზე უარყოფითად მოქმედებს და ზრდის დემენციის რისკ-ფაქტორებს. ჟურნალ Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ კოგნიტური დაქვეითება ფიქსირდება მაშინაც კი, თუ ადამიანი პარალელურად ჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.

კვლევაში 2,100-ზე მეტი საშუალო და უფროსი ასაკის (დემენციის არმქონე) ავსტრალიელი მონაწილეობდა. მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურ რაციონში ულტრადამუშავებული საკვების მხოლოდ 10%-იანი ზრდა, რაც დაახლოებით ჩიფსის ერთი სტანდარტული შეფუთვის ეკვივალენტურია იწვევს ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაზომვად და მკვეთრ დაქვეითებას. კლინიკურ ტესტებში ეს აისახა ვიზუალური ყურადღებისა და ინფორმაციის დამუშავების სისწრაფის სტაბილურად დაბალ მაჩვენებლებში. კვლევის მონაწილეები ყოველდღიური ენერგიის 41%-ს სწორედ ასეთი პროდუქტებისგან (გაზიანი სასმელები, შეფუთული სნექები, ნახევარფაბრიკატები) იღებდნენ.

მეცნიერების განმარტებით, პრობლემის არსი უშუალოდ ინდუსტრიული გადამუშავების ხარისხში მდგომარეობს. კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორ ბარბარა კარდოსოს განცხადებით, ულტრაგადამუშავება ანგრევს საკვების ბუნებრივ სტრუქტურას და მასში ქიმიურ ნივთიერებებს ამატებს. სწორედ ამიტომ, ნეგატიური ეფექტი ნარჩუნდება იმ პირებშიც კი, რომლებიც ზოგადად ჯანსაღ (მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირულ) დიეტას იცავენ.

ულტრადამუშავებული საკვების მოხმარება დემენციის ისეთ რისკ-ფაქტორებთან პირდაპირ არის დაკავშირებული, როგორიცაა, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა და სიმსუქნე, რომელთა პრევენციაც თავის ტვინის დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ ულტრადამუშავებულ საკვებსა და უშუალოდ მეხსიერების დაქვეითებას შორის პირდაპირი კავშირი არ დაადასტურა, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ კონცენტრაციის უნარი ტვინის ფუნდამენტური ფუნქციაა, რომელზეც დაშენებულია სწავლისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.

წყარო: ALZ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები