ბრიტანეთში სოციალური მედიის გავლენაზე ბავშვებსა და მოზარდებში დისკუსია კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის წამყვანმა ექიმებმა განაცხადეს, რომ სოციალური მედიის ზიანი „მოწევის საფრთხეს უტოლდება“. განცხადება სამეფო სამედიცინო კოლეჯების აკადემიის “Academy of Medical Royal Colleges”-ის ანგარიშში გაკეთდა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის კონსულტაციის ფარგლებში მომზადდა. ექიმები აცხადებენ, რომ ისინი ყოველდღიურად ხედავენ ბავშვებს, რომელთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური ქსელების გავლენა პირდაპირ აისახება.
ანგარიშის მიხედვით, ასობით ექიმის გამოკითხვამ აჩვენა, რომ თითქმის ნახევარი ყოველ კვირას მაინც მკურნალობს ერთ ბავშვს ან მოზარდს, რომლის ფსიქოლოგიური ტრავმა, თვითდაზიანება, აგრესიული ქცევა ან ფიზიკური დაზიანება ონლაინკონტენტთან იყო დაკავშირებული. ექიმები „რადიკალიზებული ბავშვების ტალღაზე“ საუბრობენ, რომლებიც მუდმივად ექვემდებარებიან ძალადობრივ, ექსტრემისტულ და ემოციურად მძიმე მასალებს. განსაკუთრებულ პრობლემად ალგორითმები სახელდება, რომლებიც ბავშვებს უფრო და უფრო ექსტრემალური შინაარსისკენ მიმართავს, რათა პლატფორმებზე მათი ყოფნის დრო გაიზარდოს.
ამ ფონზე ბრიტანეთის ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს განიხილავს, მათ შორის 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას, აპლიკაციების ღამის „კომენდანტის საათს“ და ე.წ. „დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციების“ შეზღუდვას. ინიციატივის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სოციალური ქსელები ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც თამბაქო, და ბავშვების ტვინის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ვეს სტრიტინგი აცხადებდა, რომ „Big Tech“ იმავე მეთოდებს იყენებს რეგულაციების თავიდან ასარიდებლად, რასაც წარსულში თამბაქოს ინდუსტრია იყენებდა.
თუმცა საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სრული აკრძალვა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მათი თქმით, სოციალური მედია თავისთავად არ არის მთლიანად მავნე და პრობლემა უფრო მეტად პლატფორმების დიზაინს, ალგორითმებსა და ბავშვებზე გათვლილ მარკეტინგს უკავშირდება. ისინი მიზანმიმართულ რეკლამებზე, პერსონალიზებულ ალგორითმებზე და ე.წ. „დამოკიდებულების დიზაინზე“, რომელიც მომხმარებლებს საათობით აჩერებს ეკრანთან უფრო მკაცრ კონტროლს მოთხოვენ.
კვლევები ასევე აჩვენებს, რომ სოციალური მედიის ინტენსიური გამოყენება ხშირად მოწევასთან და ვეიპინგთანაც ასოცირდება. ერთ-ერთ ბრიტანულ კვლევაში ირკვევა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სოციალურ მედიას დღეში შვიდ საათზე მეტხანს იყენებდნენ, ბევრად უფრო ხშირად ეწეოდნენ სიგარეტს ან იყენებდნენ ელექტრონულ სიგარეტებს, ვიდრე ისინი, ვინც სოციალურ ქსელებს საერთოდ არ იყენებდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამას ხელს როგორც პირდაპირი რეკლამა, ისე ინფლუენსერების გავლენა უწყობს.
ბრიტანეთში გამართული დებატები გლობალურ ტენდენციადაც ყალიბდება. მსგავსი შეზღუდვები უკვე განიხილება ევროპის სხვა ქვეყნებში, ხოლო ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა უკვე ამოქმედდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მხოლოდ აკრძალვა საკმარისი არ იქნება, რადგან მოზარდები ხშირად ახერხებენ ასაკობრივი შეზღუდვების გვერდის ავლას. ამიტომ, ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მომავალი რეგულაციები უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ასაკობრივ ბარიერებს, არამედ თავად სოციალური მედიის ბიზნესმოდელების შეცვლასაც.

