სამეცნიერო ჟურნალში Journal of Cosmetic and Laser Therapy გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კლინიკურმა კვლევამ, რომელიც 16 900 მონაწილეს აერთიანებს, ლაზერული ეპილაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უახლესი შედეგები აჩვენა – პროცედურის დროს გართულებების საერთო მაჩვენებელი 0,69%-ს შეადგენს.
კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად:
- გართულებების მინიმალური მაჩვენებელი 100 პროცედურიდან ერთია;
- პროცედურის ჩატარებისას უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებელი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას კვალიფიციური სპეციალისტები წარმართავენ თანამედროვე აპარატებით;
- გაგრილების სისტემის მნიშვნელობა: კვლევა ხაზს უსვამს, რომ ეპიდერმისის (კანის ზედა შრის) თანამედროვე გაგრილების პროტოკოლების გამოყენება პრაქტიკულად გამორიცხავს კანის სერიოზულ დაზიანებასა და გრძელვადიან უარყოფით შედეგებს;
- გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების კომპონენტი: 948 პაციენტზე ჩატარებულმა გრძელვადიანმა მონიტორინგმა (11.5 წლამდე პერიოდში) დაადასტურა, რომ ლაზერულ ეპილაციას არ ახასიათებს არანაირი სისტემური ან შეუქცევადი, მუდმივი გვერდითი ეფექტი.
ამასთან, სტატია (Laser Hair Removal: An Update and Literature Review) ლაზერული ეპილაციის უსაფრთხოების ასპექტებსა და რისკებზე აერთიანებს მიგნებებს, კონკრეტულად რა მიდგომით უნდა ჩატარდეს პროცედურა, რა ტიპის გვერდითი ეფექტები შეიძლება ახლდეს მას და რა ფაქტორებმა შეიძლება შეუშალოს ხელი მის ეფექტიანობას.
პროცედურის წარმართვისას უსაფრთხოების მთავარი პირობა აპარატის კანის ტიპის მიხედვით სწორად შერჩევაა. კვლევის თანახმად, ნეოდიუმის ლაზერი (Nd:YAG) ყველაზე უსაფრთხოა მუქი კანისთვის (IV–VI), რადგან ეპიდერმისში მელანინი სხივს მინიმალურად იწოვს. შესაბამისად, პიგმენტაციის ცვლილებების რისკი ყველაზე დაბალია (შედარებითი რისკის კოეფიციენტი 0,23 ალექსანდრიტის ლაზერთან შედარებით). თავის მხრივ, ალექსანდრიტის ლაზერის (755 ნმ) გამოყენება უსაფრთხოა ღია (I–III) კანის ტიპებზე, სათანადო გაგრილების პირობებში.
რაც შეეხება შესაძლო გვერდით ეფექტებს, პროცედურისთვის დამახასიათებელია დროებითი სიწითლე (ერითემა) და ფოლიკულური შეშუპება, რაც, როგორც წესი, სწრაფად ქრება. ამასთან, თანამედროვე კონტაქტური და ეპიდერმული გაგრილების სისტემები პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს თერმული დამწვრობისა და კანის სერიოზული დაზიანების რისკს.
კვლევაში საუბარია პარადოქსულ ჰიპერტრიქოზზე, რაც ლაზერული ეპილაციის გამოწვევას წარმოადგენს – ასეთ დროს, ლაზერით დამუშავებულ ზონაში (უფრო მეტად – სახესა და კისერზე) თმის ზრდა სტიმულირდება. ძირითად რისკ-ფაქტორებად სახელდება მუქი კანის ტიპები, ლაზერის სხივის არასაკმარისი ენერგეტიკული სიმძლავრე და ჰორმონალური ფაქტორები.
რაც შეეხება ეფექტიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰორმონალური დარღვევები (როგორიცაა PCOS) ან იტარებენ ესტროგენ/ანტიანდროგენულ თერაპიას, იცვლება თმის ზრდის დინამიკა. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ასეთი შემთხვევები ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს – ერთი მხრივ, ეფექტიანობის ზრდისთვის და, მეორე მხრივ, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.
რა სტანდარტებს იცავენ ესთეტიკური ცენტრები საქართველოში და რამდენად გათვალისწინებულია აპარატურისა და სპეციალისტის სერტიფიცირების კომპონენტები?
საქართველოში ლაზერული ეპილაციის აპარატურას ან სპეციალისტთა კვალიფიკაციას სახელმწიფო არ აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაზიანების რისკები (მაგალითად, დამწვრობა) არსებობს. ამასთან, პროცედურის ღირებულებაში სალონებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რაც შესაძლოა სერვისის ხარისხით აიხსნას.
როგორც „მედსკრიპტუმს“ რამდენიმე მსხვილმა ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა განუცხადა, ქართულ ბაზარზე კვლავ არსებობს გამოწვევები აპარატურის ხარისხთან და წარმომავლობასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, ამავდროულად, ოპერირებს ისეთი სილამაზის ცენტრებიც, სადაც მხოლოდ სერტიფიცირებული ლაზერული აპარატებით მუშაობენ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენაც შეუძლიათ.
როგორც ისინი აღნიშნავენ, ჯანმრთელობის რისკებთან ერთად დამატებითი გამოწვევაა ისიც, რომ საეჭვო წარმომავლობის აპარატების ეფექტი მკვეთრად დაბალია და პაციენტებს წლების განმავლობაში უწევთ პროცედურის ჩატარება, მაშინ, როცა პროტოკოლის დაცვის შემთხვევაში, ხარისხიანი აპარატით შედეგი გაცილებით მოკლე დროში მიიღწევა.
კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი-კოსმეტოლოგი იაკო სირაძე-ტარნავა განმარტავს, რომ როდესაც კლინიკა ოფიციალური მომწოდებლისგან შეძენილ აპარატს იყენებს, პარტნიორი ამავდროულად უზრუნვეყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის გეგმურ სერვისსა და პრობლემების დროულად აღმოფხვრას, რაც მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის უსაფრთხოებისა და შედეგისთვის.
„თანამედროვე ლაზერულ აპარატებში გამოიყენება გაგრილების უფრო სრულყოფილი სისტემები, მათ შორის – ორმაგი კონტაქტური გაგრილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცედურის უსაფრთხოებისთვის.
ხარისხიანი გაგრილების სისტემა ამცირებს დამწვრობის რისკს; იცავს ეპიდერმისს გადახურებისგან; ამცირებს ტკივილს, დისკომფორტს და პოსტინფლამატორული პიგმენტაციის განვითარების რისკს. რომ შევაჯამოთ, ერთი მხრივ, ხარისხიანი გაგრილების სისტემა იცავს კანს, ხოლო ლაზერის ენერგია მიზანმიმართულად მოქმედებს თმის ფოლიკულზე. კლინიკისთვის ლაზერული აპარატის შერჩევისას გაგრილების სისტემა უნდა შეფასდეს არა როგორც დამატებითი კომფორტის ფუნქცია, არამედ როგორც აპარატის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური კომპონენტი“, – განმარტა კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმმა-კოსმეტოლოგმა იაკო სირაძე-ტარნავამ.
კლინიკა „ლუარის“ ლაზერული ეპილაციის სპეციალისტი, ინექციონისტი ნატალია ქურასბედიანი „მედსკრიპტუმთან“ საუბრობს ლაზერული ეპილაციის აპარატის რისკებსა და უსაფრთხოების სტანდარტებზე, რაც პროცედურისას უნდა იყოს დაცული:
„ლაზერული ეპილაციის გართულებების რისკი დამოკიდებულია აპარატის ტექნიკურ გამართულობაზე, სწორ პარამეტრებსა და სპეციალისტის კვალიფიკაციაზე. უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს დამწვრობის, პიგმენტაციის ცვლილებებისა და სხვა გვერდითი ეფექტების რისკს. უსაფრთხოებაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ლაზერული ეპილაციის სხივი აღწევს კანის დერმის ზედაპირულ ფენებამდე, თმის ფოლიკულამდე და არ ვრცელდება შინაგან ორგანოებამდე. შესაბამისად, სწორად ჩატარებული პროცედურის შემთხვევაში, შინაგანი ორგანოების დაზიანებისა და ჰორმონალურ სისტემაზე პირდაპირი ზემოქმედების საფუძველი არ არსებობს. სამუშაო პარამეტრების სიზუსტეს აპარატის კალიბრაცია უზრუნველყოფს. კალიბრაცია ნიშნავს აპარატის ენერგიისა და სამუშაო პარამეტრების სიზუსტის შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათ კორექტირებას, რათა პროცედურა უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩატარდეს. დანადგარი რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ტექნიკოსის მიერ. პაციენტს უფლება აქვს, მოითხოვოს შესაბამისი სერტიფიკატი, რათა პროცედურის უსაფრთხოებაში დარწმუნდეს“, – განმარტა სპეციალისტმა.
მისივე თქმით, პროცედურის უსაფრთხოდ ჩატარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გაგრილების სისტემის ეფექტიანობაზე:
„ეფექტურობა დამოკიდებულია აპარატის ტიპსა და სწორ პარამეტრებზე. პროცედურის დასრულების შემდეგ კანზე ხშირად შეინიშნება მსუბუქი სიწითლე ან ფოლიკულური შეშუპება, რაც ნორმალურ რეაქციად მიიჩნევა“, – განმარტა ლაზერული ეპილაციის სპეციალისტმა, ინექციონისტმა ნატალია ქურასბედიანმა.
აღსანიშნავია, რომ ლაზერული ეპილაციის აპარატების მონიტორინგის მექანიზმი ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ პროცედურის უსაფრთხოდ ჩატარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პაციენტის ინფორმირებულობასა და ესთეტიკური ცენტრის თვითრეგულირებაზე.
წყარო: jcrm.jams.pub

