„მძიმეა იმ ადამიანის დაკარგვა, რომლის ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული ერთგულება განსაკუთრებული მაგალითია”

გააზიარე

„მძიმეა იმ ადამიანის დაკარგვა, რომლის ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული ერთგულება განსაკუთრებული მაგალითია. ვემშვიდობებით ჩვენს პედაგოგს, აკადემიკოს რომან შაქარიშვილს — გამორჩეულ ექიმს, მეცნიერს, რომლის სახელი და საქმიანობა ქართული ნევროლოგიის განვითარების განუყოფელი ნაწილია.

მისი უშუალო მონაწილეობით, სამეცნიერო საქმიანობითა და მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობით, ქართულმა ნევროლოგიურმა სკოლამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას მიაღწია. განუზომელია მისი წვლილი დარგის განვითარებაში, ახალი სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერებაში, ახალგაზრდა თაობების პროფესიულ ზრდასა და სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებაში. დიდი ადამიანები მხოლოდ სიცოცხლით არ ფასდებიან, არამედ იმ კვალით, რომელსაც ამ სამყაროში ტოვებენ.

არიან ადამიანები, რომელთა წასვლით მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლე კი არ სრულდება, არამედ დიდი ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და მომავლის ხედვის განსაკუთრებული სამყაროც გვაკლდება. ბატონი რომანი სწორედ ასეთი ადამიანი იყო — გამორჩეული არა მარტო ღრმა სამედიცინო განათლებით და პროფესიული ცოდნით, არამედ ფართო საერთო განათლებით და აზროვნების სიღრმით. ბატონი რომანის ნოვატორული იდეები, არასტანდარტული ხედვა და მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ მის პროფესიულ სახეს განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა. რომან შაქარიშვილის პროფესიული მემკვიდრეობა მხოლოდ ასობით სამეცნიერო ნაშრომითა და მიღწეული შედეგებით არ განისაზღვრება.

ის გაგრძელდება იმ ადამიანებში, რომლებსაც პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა და რომელთა ჩამოყალიბებისა და განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო ქართული მედიცინის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“ — ნათქვამია საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის განცხადებაში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები