მსოფლიოში პირველად ზურგის ტვინის სიმსივნე პაციენტს თვალბუდიდან ამოკვეთეს

გააზიარე

სრულად ინოვაციური მიდგომით, მსოფლიოში პირველად, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა  ახალგაზრდა ქალს თვალბუდიდან ზურგის ტვინის სიმსივნე, წარმოუდგენელი სიზუსტით, ამოკვეთეს.  ეს გზა აქამდე არასდროს გამოუყენებიათ ხერხემლის საოპერაციოდ.

პაციენტი იყო 19 წლის კარლა ფლორესი, რომელსაც იშვიათი და აგრესიული ქორდომა (chordoma) ჰქონდა. სიმსივნე კისრის მალებზე იყო შემოხვეული და ზეწოლას ახდენდა ზურგის ტვინზე, რაც მის სიცოცხლეს რეალურად ემუქრებოდა.

სტანდარტული ქირურგიული მეთოდები სერიოზულ რისკებს შეიცავდა. ზურგის ტვინის ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანების შანსი ძალიან მაღალი იყო. ამიტომ მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგმა, მუჰამედ ლაბიბმა, კოლეგებთან ერთად, სრულიად ახალი გზა მოიფიქრა – სიმსივნის ამოღება თვალის ბუდიდან, ანუ ტრანსორბიტული მეთოდით.

ეს მიდგომა წარსულში მხოლოდ ტვინის ზოგიერთი ტიპის სიმსივნეებისთვის გამოიყენებოდა. ახლა პირველად გახდა შესაძლებელი მისი spine-მდე გაგრძელება.  ოპერაცია ჩატარდა მინიმალური ჩარევით, გარეგანი ნაწიბურებისა  და ნერვების დაზიანების რისკის გარეშე.

ამ ინოვაციური მიდგომით შენარჩუნდა ძირითადი ნევროლოგიური ფუნქციები და შესაძლებელი გახდა სიმსივნის სრულად მოცილება. შემდეგ ეტაპზე კარლა  ფლორესს ჩაუტარდა პროტონული გამოსხივება და ხერხემლის სტაბილიზაციის ოპერაცია( სპინალური ფიქსაცია).

„კარლა ძალიან კარგადაა. მოხარული ვარ, რომ კოორდინირებული მულტიდისციპლინური გუნდური ძალისხმევით მას ასეთი წარმატებული შედეგი აქვს“, – თქვა ექიმმა ლაბიბმა და აღნიშნა, რომ ახლა კარლას მხოლოდ მარცხენა თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ტრანსორბიტალური ტექნიკა, რომელიც ადრე თავის ტვინის სიმსივნეების საოპერაციოდ გამოიყენებოდა, დაიხვეწა გვამებზე დაფუძნებული საკმაოდ მასშტაბური კვლევის შედეგად. 2023 წლის ოქტომბერში, „ნეიროქირურგიის ჟურნალში“ გამოქვეყნებულ წინასწარ კვლევაში, რომელიც ძნელად მისადგომი თავის ქალის ფუძის სიმსივნეების წვდომის ახალ გზებს ეხებოდა, ნეიროქირურგმა მუჰამედ ლაბიბმა თვალის ბუდეს „მესამე ნესტო“ უწოდა და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა გზა.

ეს სიახლე უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია მინიმალურად ინვაზიური ნეიროქირურგიის სფეროში.

ეს ოპერაცია არა მხოლოდ ტექნოლოგიისა და ანატომიის ცოდნის შერწყმის საუკეთესო მაგალითია, არამედ გვიჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, როცა საუკეთესო შედეგების მისაღწევად მედიცინა გაბედულად არღვევს ჩარჩოებს და არ უშინდება, ერთი შეხედვით, სრულიად წარმოუდგენელ სიახლეებს.

დღეს, ერთი წლის შემდეგ, კარლა ფლორესი სრულიად თავისუფალია კიბოსგან და გამოჯანმრთელების გზაზეა.

წყარო: University of Maryland

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები