ნორვეგიის კრონპრინცესა მეტე-მარიტი, რომელიც 2018 წლიდან ფილტვის ფიბროზს ებრძვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ფონზე, ფილტვის გადანერგვის მომლოდინეთა ეროვნულ რეესტრში შეიყვანეს. ოსლოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს (Rikshospitalet) პულმონოლოგთა შეფასებით, დაავადების სწრაფი პროგრესირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შესაბამისად ოპერაცია ჩატარდება დაუყოვნებლივ, როგორც კი დონორი გახდება ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფილი იქნება დონორსა და მიმღებს შორის აუცილებელი ბიოლოგიური შესაბამისობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე პრინცესამ დროებით შეაჩერა ყველა ოფიციალური, სამეფო და საზოგადოებრივი საქმიანობა. ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე კრონპრინცი ჰოკონი საკუთარ ოფიციალურ განრიგს ცვლის, რათა მეტი დრო გაატაროს მეუღლესთან და მხარი დაუჭიროს მკურნალობის პროცესში. ამავე მიზეზით წყვილმა გადადო ქორწინების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები. ოჯახის მხარდასაჭერად მათი ქალიშვილი, პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა, რომელიც ამჟამად ავსტრალიაში სწავლობს, სასწავლო პროგრამას დროებით წყვეტს და ნორვეგიაში ბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ეროვნული სისტემა ორგანოთა ალოკაციის მკაცრ და გამჭვირვალე პრინციპებს ეფუძნება. ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად მეტე-მარიტის სამეფო სტატუსისა, იგი არ სარგებლობს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიებით. პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებების, დაავადების სიმძიმის, გადაუდებლობის ხარისხისა და დონორსა და მიმღებს შორის იმუნოლოგიური და ბიოლოგიური შესაბამისობის გათვალისწინებით.
ფილტვის ფიბროზი წარმოადგენს ქრონიკულ პროგრესირებად ინტერსტიციულ დაავადებას, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილში ვითარდება შეუქცევადი ფიბროზული ცვლილებები. შედეგად, მცირდება ფილტვების ელასტიკურობა და ირღვევა ჟანგბადის გაცვლის პროცესი, რაც დროთა განმავლობაში სუნთქვის უკმარისობის განვითარებას იწვევს. დაავადების მოწინავე სტადიაზე (განსაკუთრებით იდიოპათიური ფილტვის ფიბროზის) , როდესაც მედიკამენტური მკურნალობა (მაგალითად, ანტიფობროზული საშუალებები) ვეღარ უზრუნველყოფს საკმარის კლინიკურ ეფექტს, ფილტვის ტრანსპლანტაცია ხშირად სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთ შესაძლებლობად განიხილება.
მეტე-მარიტის შემთხვევამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორგანოთა დონაციის მნიშვნელობაზე, ტრანსპლანტოლოგიის თანამედროვე შესაძლებლობებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფი პაციენტები და მათი ოჯახები ყოველდღიურად დგანან.
წყარო: cnn.com

