ინოვაციური იმპლანტი სტენოკარდიის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებს ტკივილისგან ათავისუფლებს: ახალი კვლევა

გააზიარე

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, გულის ინოვაციური იმპლანტი რეფრაქტერული სტენოკარდიის მქონე პაციენტებს მძიმე სიმპტომებისგან ათავისუფლებს და ნორმალური ცხოვრების საშუალებას აძლევს. კვლევამ აჩვენა, რომ პროცედურიდან 6 თვეში პაციენტების 75%-ს გულმკერდის არეში ტკივილები მნიშვნელოვნად შეუმცირდა.

რეფრაქტერული სტენოკარდია გულის დაავადების ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ტკივილი მედიკამენტების, სტენტებისა და შუნტირების გამოყენების მიუხედავადაც ნარჩუნდება. ახალი მეთოდი ქვიშის საათის ფორმის პატარა მოწყობილობის (კორონარული სინუსის რედუქტორის) გამოყენებას გულისხმობს, რომელიც პაციენტის კისრიდან, მცირე ქირურგიული ჩარევით გულის მახლობლად თავსდება. იმპლანტი გულის უკანა ნაწილში ვენას ავიწროებს, რაც სისხლის ნაკადს გულის კუნთის იმ ნაწილებისკენამისამართებს, რომლებიც ჟანგბადის მწვავე ნაკლებობას განიცდიან.

ერთ-ერთი პაციენტი, 64 წლის კრისტიან ჯენსენი, რომელსაც კვირაში 5 მძიმე შეტევა ჰქონდა და ფიზიკურ აქტივობას ერიდებოდა, ამბობს, რომ იმპლანტმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ახლა მას შეტევა კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ აქვს, თავისუფლად გადაადგილდება და აღარ ეშინია, რომ ტკივილი მორიგი მიოკარდიუმის ინფარქტის მანიშნებელია.

კვლევა, რომელიც 2014-2024 წლებში ინგლისისა და შოტლანდიის 19 საავადმყოფოში 491 პაციენტზე დაკვირვებას მოიცავდა, ადასტურებს, რომ სერიოზული გართულებები იშვიათია და პაციენტების უმეტესობა კლინიკიდან იმავე ან მომდევნო დღეს ეწერება.

მიუხედავად თვალსაჩინო წარმატებისა და იმისა, რომ იმპლანტი პაციენტებს ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობას უბრუნებს, ის ჯერჯერობით ექსპერიმენტულ მკურნალობად მოიაზრება. ექიმების თქმით, იმისთვის, რომ ეს მოწყობილობა სტანდარტულ სამკურნალო პრაქტიკად იქცეს, დამატებითი კლინიკური კვლევები და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) მხრიდან სათანადო დაფინანსების დამტკიცებაა საჭირო.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები