ორსულობისას ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტების მიღება ბავშვებში განვითარების დარღვევებთან კავშირში არ არის

გააზიარე

ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობისას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) სამკურნალო მედიკამენტებს იღებდნენ, არ აქვთ ნეიროგანვითარებითი დარღვევების, მაგალითად: აუტიზმის, ADHD-ის, ინტელექტუალური შეზღუდვისა და დასწავლის სირთულეების გაზრდილი რისკი. შესაბამისი შედეგები The BMJ-ის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური სკანდინავიური კვლევით გამოვლინდა.

მკვლევრების თქმით, შედეგები „ძირითადად დამაიმედებელია და ორსულობისას ADHD-ის მედიკამენტების შეწყვეტას არ ამართლებს“.

რეპროდუქციული ასაკის ქალებში ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტების გამოყენების ზრდის მიუხედავად, ორსულობისას აქამდე არსებული შეზღუდული მტკიცებულებების გამო ბევრი ქალი მედიკამენტების მიღებას წყვეტს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ოჯახის სტაბილურობაზე. ამ თემაზე კანადასა და დანიაში ჩატარებული ადრეული კვლევები მკვლევართათვის დამაიმედებელი იყო, თუმცა დეტალები აკლდა კონკრეტულ მედიკამენტებზე ან დარღვევების უფრო ფართო სპექტრზე.

სწორედ ამ ხარვეზის შესავსებად მკვლევრებმა გამოიყენეს დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ჯანდაცვის რეესტრები, რათა შეესწავლათ კავშირი ADHD-ის მედიკამენტების პრენატალურ ზემოქმედებასა და შთამომავლობის ნეიროგანვითარებით შედეგებს შორის.

მათი შედეგები ეფუძნება 2000-2021 წლებში დაბადებულ 3 643 376 ბავშვს, რომლებსაც აკვირდებოდნენ საშუალოდ ცხრა წლის განმავლობაში. მათგან 7 595 (0,2%) ორსულობისას განიცდიდა ADHD-ის მედიკამენტების ზემოქმედებას, ხოლო 2 389 (0,1%) – მეორე ან მესამე ტრიმესტრში.

ყველაზე გავრცელებული ADHD-ის მედიკამენტი იყო მეთილფენიდატი (69%), რომელსაც მოჰყვებოდა ამფეტამინები (20%) და შემდეგ ატომოქსეტინი (7%), ხოლო ორსულობის ნებისმიერ პერიოდში ერთზე მეტი სახის ADHD-ის მედიკამენტს მხოლოდ 4% იყენებდა. გათვალისწინებული იყო სხვა პოტენციურად გავლენის მქონე ფაქტორებიც, მათ შორის ბავშვის სქესი და დაბადების წელი, დედის ასაკი, დაბადების ქვეყანა, განათლება, ორსულობისას მოწევა, ADHD-ის დიაგნოზი და სხვა მედიკამენტების მოხმარება.

ამ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, არც ორსულობის ნებისმიერ დროს და არც მეორე ან მესამე ტრიმესტრში ADHD-ის მედიკამენტების ზემოქმედება – როგორც საერთო ჯამში, ისე მედიკამენტის ტიპის მიხედვით, არ ასოცირდებოდა რაიმე ნეიროგანვითარებითი დარღვევის, ქცევითი და ემოციური დარღვევების ან ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური განვითარების დარღვევების გაზრდილ რისკთან.

გარკვეული პრეპარატების შემთხვევაში, მეორე და მესამე ტრიმესტრში მომატებული რისკი დაფიქსირდა, თუმცა ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს შედეგები შესაძლოა შემთხვევითობით იყოს განპირობებული.

მკვლევრები საუბრობენ კვლევის შეზღუდვებზეც. მათი თქმით, არსებობს გაუზომავი ფაქტორებიც, მაგალითად ADHD-ის სიმძიმე ან გენეტიკა, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა შედეგებზე, ხოლო ზემოქმედების დაბალი მაჩვენებლები და შემთხვევების მცირე რაოდენობა ზღუდავდა მათ შესაძლებლობას, ზოგიერთ მდგომარეობაზე მყარი დასკვნები გამოეტანათ.

თუმცა თანმიმდევრული მგრძნობელობის ანალიზები, დიდი შერჩევა, ხანგრძლივი დაკვირვება და დეტალური ინფორმაცია დიაგნოზების, გაცემული რეცეპტებისა და პოტენციურად გავლენის მქონე ფაქტორების შესახებ მიუთითებს, რომ შედეგები სანდოა.

წყარო: medicalxpress.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები