ფარმაცევტული გიგანტი Eli Lilly 2027 წელს სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი თაობის პრეპარატ რეტატრუტიდის რეგისტრაციის განაცხადს წარადგენს

გააზიარე

სიმსუქნე XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ობსტრუქციული ძილის აპნოეს, ოსტეოართროზისა და ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს. ბოლო წლებში გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის (GLP-1) რეცეპტორის აგონისტებმა და ორმაგი მოქმედების ინკრეტინულმა მედიკამენტებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს სიმსუქნის ფარმაკოლოგიური მკურნალობის სტანდარტები. ამ სამეცნიერო და კლინიკური პროგრესის ფონზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო Eli Lilly-ის ექსპერიმენტულმა პრეპარატმა რეტატრუტიდმა (Retatrutide), რომელიც ერთდროულად სამ სხვადასხვა ჰორმონულ გზაზე მოქმედებს და შესაძლოა გახდეს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატი.

2026 წლის ივლისში Eli Lilly-მა გამოაქვეყნა რეტატრუტიდის III ფაზის კიდევ ორი კლინიკური კვლევის დადებითი შედეგები და განაცხადა, რომ პრეპარატის რეგისტრაციის განაცხადს აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას (FDA) 2027 წლის პირველ კვარტალში წარუდგენს. თავდაპირველად კომპანია განაცხადის შეტანას 2026 წელს გეგმავდა, თუმცა პროცესი გადაიდო არა პრეპარატის ეფექტიანობასთან ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების, არამედ საწარმოო პროცესებისა და ხარისხის კონტროლის შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვებისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო.

პირველ კვლევაში მონაწილეობდნენ სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრული პაციენტები. მკურნალობის 80 კვირის შემდეგ, რეტატრუტიდის მაქსიმალური დოზის გამოყენებისას, სხეულის მასის საშუალო შემცირებამ 20.8% შეადგინა, რაც დაახლოებით 50 ფუნტის (დაახლოებით 22.7 კგ) დაკლებას შეესაბამებოდა. აღსანიშნავია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებში წონის კლება, როგორც წესი, უფრო რთულად მიიღწევა, რის გამოც მიღებული შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთანავე, დაფიქსირდა გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
მეორე III ფაზის კვლევაში მონაწილეობდნენ სიმსუქნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები, როგორც ტიპი 2 დიაბეტით, ისე მის გარეშე. 80-კვირიანი მკურნალობის შემდეგ სხეულის მასის საშუალო შემცირებამ 22.6% შეადგინა, რაც დაახლოებით 55.8 ფუნტის (25.3 კგ)დაკლებას შეესაბამებოდა. გარდა წონის მნიშვნელოვანი კლებისა, კვლევამ აჩვენა გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების გაუმჯობესებაც, მათ შორის მეტაბოლური პარამეტრების გაუმჯობესება და კარდიომეტაბოლური რისკის შემცირების ტენდენცია.
უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა როგორც ამ ორი III ფაზის კვლევის, ისე რეტატრუტიდის წინა კლინიკური კვლევების შედეგებს. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა, დიარეა და ყაბზობა. აღნიშნული რეაქციები ძირითადად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო და შეესაბამებოდა GLP-1-ზე დაფუძნებული თერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს. კვლევებში პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი ან მოულოდნელი რისკები არ გამოვლენილა.

რეტატრუტიდი წარმოადგენს ე.წ. „Triple G“ (სამმაგი აგონისტი) კლასის პრეპარატს. იგი ერთდროულად ააქტიურებს GLP-1-ის, გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (GIP) და გლუკაგონის რეცეპტორებს. მოქმედების ეს მექანიზმი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამჟამად ფართოდ გამოყენებული პრეპარატებისგან. სემაგლუტიდი (Wegovy®)მოქმედებს მხოლოდ GLP-1-ის რეცეპტორზე, ხოლო ტირზეპატიდი (Zepbound®, Mounjaro®)ერთდროულად ააქტიურებს GLP-1-ისა და GIP-ის რეცეპტორებს. გლუკაგონის რეცეპტორის დამატებითი აქტივაცია, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ენერგეტიკული ცვლის გაძლიერებას, ენერგიის ხარჯვის ზრდასა და ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის გააქტიურებას, რაც შესაძლოა რეტატრუტიდის უფრო ძლიერ მეტაბოლურ ეფექტებს განაპირობებდეს.

ამჟამად რეტატრუტიდის შესახებ უკვე გამოქვეყნებულია III ფაზის ხუთი წარმატებული კლინიკური კვლევის შედეგები. მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე კომპანია მიიჩნევს, რომ დაგროვებული მონაცემები საკმარისია პრეპარატის რეგისტრაციისთვის არა მხოლოდ სიმსუქნის, არამედ მუხლის ოსტეოართროზთან დაკავშირებული ტკივილისა და ობსტრუქციული ძილის აპნოეს სამკურნალოდაც, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს პრეპარატის პოტენციურ კლინიკურ გამოყენებას.

რეტატრუტიდის კლინიკური კვლევების შედეგები მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს სიმსუქნის ფარმაკოთერაპიის შემდგომი განვითარების მიმართულებით. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ პრეპარატი უზრუნველყოფს სხეულის მასის 20%-ზე მეტ შემცირებას იმ პაციენტებშიც კი, რომლებშიც წონის კლება განსაკუთრებით რთულია, მათ შორის ტიპი 2 დიაბეტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობისას. ასეთი ეფექტურობა უახლოვდება ბარიატრიული ქირურგიის ზოგიერთი მეთოდით მიღებულ შედეგებს, რაც აფართოებს მედიკამენტური მკურნალობის შესაძლებლობებს სიმსუქნის მართვის სფეროში.

მიუხედავად ამისა, რეტატრუტიდი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ პრეპარატად რჩება და მისი ფართო კლინიკური გამოყენება შესაძლებელი გახდება მხოლოდ შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცების შემდეგ. რეგისტრაციის პროცესის ფარგლებში, აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA), ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) და სხვა მარეგულირებელი უწყებები შეაფასებენ პრეპარატის ეფექტიანობას, უსაფრთხოებასა და ხარისხს. თუ რეგისტრაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, რეტატრუტიდი შესაძლოა გახდეს სიმსუქნის მკურნალობის ახალი სტანდარტი და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების კომპლექსურ მართვაში.

წყარო: www.cnbc.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები