ფილტვის კიბო კვლავ რჩება სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად საქართველოში. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე მწირი ინფორმაცია იყო იმის შესახებ, როგორი მახასიათებლები აქვს ქართველ პაციენტთა დემოგრაფიას, რაც ართულებდა ადრეული გამოვლენის სტრატეგიების შემუშავებას და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრის გუნდმა, ონკოლოგ ივანე კილაძეს ხელმძღვანელობით, ჩაატარა პირველი მასშტაბური კვლევა. დაკვირვების ფაზა 2023 წლის იანვრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა. ექიმებმა ახლად დიაგნოსტირებული ფილტვის კიბოს შემთხვევები შეისწავლეს.
კვლევამ მოიცვა 270 პაციენტი და ნათლად აჩვენა, თუ როგორ ვლინდება დაავადება საქართველოში. აღმოჩნდა, რომ პაციენტთა უმრავლესობა ასაკოვანი მამაკაცი იყო, რომელთა უდიდესი ნაწილი 88% ამჟამინდელი ან ყოფილი მწეველები არიან, მათგან 46 % კი თამბაქოს ჭარბად მოიხმარდა. საგანგაშოა, რომ თითქმის 70%-ს დაავადება უკვე გვიან სტადიაზე აღმოაჩნდა, მაშინ როცა მხოლოდ 5% იყო ადრეულ ეტაპზე. ყველზე ხშირად მეტასტაზები მეორე ფილტვში ან ძვალში აღმოჩნდა. ასეთი დაგვიანებული დიაგნოზი მნიშვნელოვნად ზღუდავს მკურნალობის შესაძლებლობებს და განაპირობებს მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.
ექიმებმა ასევე შეისწავლეს აღმოჩენილი კიბოს ტიპები. ყველაზე ხშირი აღმოჩნდა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო, განსაკუთრებით ადენოკარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა.შედარებით მცირე რაოდენობას უფრო აგრესიული, წვრილუჯრედოვანი ტიპი აღენიშნებოდა. თანამედროვე ონკოლოგიური მკურნალობა ხშირად დამოკიდებულია სპეციალურ მოლეკულურ ტესტებზე, რომლებიც ავლენენ გენეტიკურ „მარკერებს“ (მაგალითად EGFR ან ALK მუტაციებს) და ექიმებს აძლევენ საშუალებას სწორი, მიზანმიმართული თერაპია დაიწყონ. ამ კვლევაში ზოგ პაციენტს მართლაც აღმოაჩნდა მსგავსი მარკერები, თუმცა ტესტები საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულად გამოიყენება მაღალი ფასის და პაციენტთა ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო.
ძირითადი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია: ფილტვის კიბო ჩვენს ქვეყანაში უმეტესად გვიან დიაგნოსტირდება, როცა მკურნალობის არჩევანი უკვე შეზღუდულია და შედეგები ცუდია. ავტორები ხაზს უსვამენ სასწრაფო საჭიროებას შემუშავდეს ეროვნული სკრინინგის პროგრამა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით მწეველებისთვის. ასევე აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სიმპტომებზე, როგორიცაა ხანგრძლივი ხველა ან აუხსნელი ქოშინი, და თანამედროვე დიაგნოსტიკური ტესტებისა და თერაპიების ფართო ხელმისაწვდომობა.
ეს კვლევა მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ეს არის სიგნალი. თუ საქართველო შეძლებს ადრეული გამოვლენის პროგრამების დანერგვას და თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, სიკვდილიანობის შემცირება ნამდვილად შესაძლებელია. ამ კვლევით პირველად მივიღეთ მტკიცებულება, რომლებიც შესაძლოა სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას დაედოს საფუძვლად

