პარიზის ტვინის ინსტიტუტის (Paris Brain Institute – ICM) დაარსების 15 წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთის დედაქალაქმა ტვინის ჯანმრთელობის პირველ მსოფლიო ფორუმს (World Brain Health Forum) უმასპინძლა. ღონისძიება ინტერდისციპლინურ პლატფორმას წარმოადგენდა, რომელმაც ნეირომეცნიერების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საერთაშორისო პოლიტიკის წამყვანი ექსპერტები გააერთიანა.
ფორუმი სამი დღის განმავლობაში პარიზის ტვინის ინსტიტუტის, იუნესკოსა (UNESCO) და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის (Institut de France) სივრცეებში მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა სტრატეგიული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ტვინის ჯანმრთელობის, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი გლობალური გამოწვევის, პრიორიტეტულად აღიარებასა და საერთაშორისო დღის წესრიგში დამკვიდრებას.
ფორუმის ძირითადი ამოცანები და გლობალური ეპიდემიოლოგია
ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიშების თანახმად, ტვინის ჯანმრთელობა თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიოსამედიცინო და სოციალურ გამოწვევად იქცა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში ნერვული სისტემის ესა თუ ის პათოლოგია შეაწუხებს.
დღეისათვის ნევროლოგიური დარღვევები მსოფლიო მასშტაბით ინვალიდობისა და ფუნქციური შეზღუდვის გამომწვევ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სისტემების არსებული მდგომარეობის ფუნდამენტურ ცვლილებას მოითხოვს.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დემენციის პრევალენტობის საგანგაშო ზრდას დაეთმო. პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დემენციით დაავადებულთა რიცხვი 139 მილიონს მიაღწევს. არსებული ტენდენცია მოსახლეობის დაბერებასთან და ნეიროდეგენერაციული დაავადებების მართვის ეფექტური მეთოდების სიმცირესთან პირდაპირ კავშირშია. გამომდინარე აქედან, აღნიშნული გამოწვევა ფორუმის ერთ-ერთ ცენტრალურ სადისკუსიო თემას წარმოადგენდა.
ფორუმზე ხაზი ასევე ახალგაზრდა და სამუშაო ასაკის მოსახლეობაში მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციას გაესვა. ფსიქიკური დარღვევების ზრდა შრომისუნარიან კადრებში მწვავე სოციო-ეკონომიკური პრობლემაა. ამ კონტექსტში, მეცნიერები ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე შეთანხმდნენ: ტვინისა და მენტალური ჯანმრთელობის გამიჯვნა არ უნდა მოხდეს. ისინი, როგორც ერთიანი ბიოლოგიური ორგანოს ფუნქციონირების სხვადასხვა გამოვლინება, ისე განიხილება, რომელიც მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ინტეგრირებულ მიდგომებს საჭიროებს.
ღონისძიების მონაწილეთა შეფასებით, გლობალური ეპიდემიოლოგიური სურათი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირ აისახება. ფორუმზე წარმოდგენილი სტატისტიკით, მხოლოდ ევროპის მასშტაბით, ტვინის დაავადებებთან დაკავშირებული წლიური ხარჯები (პირდაპირი სამედიცინო და არაპირდაპირი სოციალური დანახარჯები) 1,000 მილიარდ ევროს აჭარბებს. აღნიშნული მაჩვენებელი ცალსახად მიუთითებს, რომ ნეირომეცნიერებაში ინვესტირება და პრევენციული სტრატეგიების დანერგვა გლობალური ეკონომიკური სტაბილურობის აუცილებელი პირობაა.
საქართველოს ხმა მსოფლიო ფორმუზე
საქართველოსთვის ფორუმის მთავარი მოვლენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნევროლოგ ალექსანდრე ცისკარიძის მონაწილეობა აღმოჩნდა. მისი გამოსვლა იუნესკოს დარბაზში, როგორც აკადემიური შინაარსით, ისე გეოპოლიტიკური კონტექსტით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო.
სესიის მოდერატორმა ქართველი მეცნიერი, როგორც ევროპისა და აზიის, გლობალური ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთაზე მყოფი უნიკალური პერსპექტივის მატარებელი და განვითარებად ქვეყნებში არსებული გამოწვევების გადაჭრის ხედვის მქონე სპეციალისტი, ისე წარადგინა.
პროფესორმა ცისკარიძემ იმ სტრატეგიულ ბარიერებსა და შესაძლებლობებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, ვრცლად ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე მეცნიერება დიდი ხანია იზოლირებული ლაბორატორიების ფორმატს გასცდა და დღეს წარმატების მიღწევა მხოლოდ ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობითაა შესაძლებელი. პროფესორი მიიჩნევს, რომ მულტიცენტრული კვლევები ერთადერთი გზაა ზუსტი და სანდო სამეცნიერო შედეგების მისაღებად.
პროფესორ ცისკარიძის აზრით, „ტვინების გადინების“ შესაჩერებლად საუკეთესო გზა ახალგაზრდა მკვლევარებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემაა. თუ სტუდენტებსა და რეზიდენტებს გლობალურ კვლევებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ, ისინი საკუთარი თავის რეალიზებას სამშობლოშივე შეძლებენ და ქვეყნიდან აღარ წავლენ.
პროფესორის თქმით, ბოლო 15 წელიწადში გენეტიკამ და იმუნოთერაპიამ ნეირომეცნიერება სრულად შეცვალა და მანამდე უკურნებელი სნეულებების დამარცხების იმედი გააჩინა. ცისაკარაძის აზრით, დღეს მაღალი ხარისხის შედეგის მიღწევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითაა შესაძლებელი, რადგან ასეთი მასშტაბის კვლევას ერთი ცალკეული ცენტრი დამოუკიდებლად ვეღარ გაუმკლავდება.
ჯონათან როზანდი: პრევენციული ნევროლოგიის ახალი სტანდარტი
ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომხსენებელი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის საერთო პროფილის ჰოსპიტალის პროფესორი, ნევროლოგი ჯონათან როზანდი გახლდათ. მან საზოგადოებას ინოვაციური სამეცნიერო ინსტრუმენტი: “Brain Care Score” (ტვინის მოვლის ქულა) წარუდგინა, რომელიც მიზნად პრევენციულ ნევროლოგიაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ისახავს.
პროფესორის განმარტებით, აღნიშნული მოდელი მრავალწლიან ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ეფუძნება და ადრეულ ეტაპზევე მძიმე ნევროლოგიური დაავადებების განვითარების რისკის შეფასებისა და მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა.
როზანდის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ნევროლოგიური პათოლოგიების მართვის პარადიგმას ფუნდამენტურად ცვლის. კვლევებმა აჩვენა, რომ ინსულტების 75% და დემენციის შემთხვევათა თითქმის ნახევარი (45%) ე.წ. მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებთან პირდაპირ კავშირშია.
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ამ დაავადებათა უდიდესი ნაწილი პრევენცირებადია, თუკი ცხოვრების წესისა და ბიოლოგიური მაჩვენებლების მიზანმიმართული კონტროლი მოხერხდება. პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “Brain Care Score” პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანებს საკუთარი ნევროლოგიური ჯანმრთელობის მართვაში ეხმარება.
პროფესორ როზანდის მოდელი სამ ძირითად ცვლადს ეფუძნება: ფიზიკურ მაჩვენებლებს (არტერიული წნევა, შაქრისა და ქოლესტერინის დონე), ცხოვრების წესსა (კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა) და სოციალურ-ემოციურ კეთილდღეობას.
ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში როზანდმა განსაკუთრებული ყურადღება მესამე კომპონენტს, სოციალურ კავშირებსა და სტრესის მართვას, დაუთმო. მისი თქმით, ადამიანური ურთიერთობები და ცხოვრების საზრისისა თუ მიზნის ქონა ტვინის ფუნქციური მდგრადობისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც მედიკამენტური თერაპია.
როზანდმა ყურადღება ტვინის ჯანმრთელობისა და სხეულის ზოგადი მდგომარეობის ურთიერთკავშირზეც გაამახვილა. მისი ხედვით, ტვინი იზოლირებული ორგანო არ არის და მისი დაცვა გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური სისტემების გაჯანსაღებას ავტომატურად გულისხმობს.
საბოლოო ჯამში, პროფესორის შეფასებით, ნევროლოგიის მომავალი დაავადებების აქტიურ და სისტემურ პრევენციაშია და ეს მიდგომა გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა გახდეს.
მოლეკულური რევოლუცია და რნმ-თერაპია: ემანუელე ბურატის ხედვა
ფორუმის სამეცნიერო სესიაზე ერთ-ერთი საკვანძო მომხსენებელი იყო გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის საერთაშორისო ცენტრის (ICGEB, იტალია) პროფესორი ემანუელე ბურატი.
ბურატი საკუთარ გამოსვლაში ნეიროდეგენერაციული დაავადებების მართვის სრულიად ახალ მიდგომებს შეეხო, რომელიც მოლეკულური პათოლოგიის ღრმა კვლევას ეფუძნება. მეცნიერმა ყურადღება იმ უჯრედულ მექანიზმებზე გაამახვილა, რომლებიც საფუძვლად ისეთ მძიმე დიაგნოზებს უდევს, როგორიცაა, მაგალითად, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ALS) და ფრონტოტემპორალური დემენცია.
პროფესორმა რნმ-ზე (RNA) დაფუძნებული თერაპიების პოტენციალზე ვრცლად ისაუბრა. აღნიშნული მიდგომა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მიმართულებად მიიჩნევა.
მისი განმარტებით, ტრადიციული მედიკამენტებისგან განსხვავებით, რომლებიც დაავადების სიმპტომებს ებრძვიან, რნმ-თერაპია მიზნად უშუალოდ პათოლოგიური ცილების სინთეზის ბლოკირებას ან უჯრედულ დონეზე გენეტიკური შეცდომების კორექციას ისახავს.
ბურატმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ნუკლეინმჟავების სტაბილურობისა და ტვინში მათი მიწოდების ტექნოლოგიების კუთხით მიღწეულმა პროგრესმა ადრე განუკურნებელად მიჩნეული დაავადებების ეფექტური მართვა რეალური გახადა.
ამ გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ცილების აგრეგაციის პროცესებსა და ნეირონების სიკვდილში მათ როლს დაეთმო. მეცნიერმა წარმოადგინა უახლესი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი მოლეკულური მარკერების გამოყენებით დაავადების დიაგნოსტირება მის კლინიკურ გამოვლენამდე წლებით ადრე.
ბურატის ხედვით, მომავლის ნევროლოგია სწორედ პერსონალიზებულ, მოლეკულურ დონეზე გათვლილ ინტერვენციებზე იქნება დაფუძნებული, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ დეგენერაციული პროცესი მანამ, სანამ ის ტვინის შეუქცევად დაზიანებას გამოიწვევს.
იტალიელი მეცნიერის მოხსენებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნეირომეცნიერება ფუნდამენტური ბიოლოგიური კვლევების გარეშე წარმოუდგენელია.
ემანუელემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ლაბორატორიებს შორის მონაცემთა გაცვლის აუცილებლობას, რათა RNA-ზე დაფუძნებული ინოვაციური მეთოდები ლაბორატორიული კვლევებიდან კლინიკურ პრაქტიკაში რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს და მთელ მსოფლიოში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
ნევროლოგიური განათლება: ელენა მოროს ხედვა
ფორუმის ფარგლებში გამართულ პოლიტიკურ და სოციალურ პანელზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ევროპის ნევროლოგიის აკადემიის (EAN) პრეზიდენტი, პროფესორი ელენა მორო იყო. ელენამ ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ სამეცნიერო პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ მას თან ახლავს ძლიერი სტრუქტურული მხარდაჭერა, ერთიანი საგანმანათლებლო სტანდარტები საერთაშორისო დონეზე.
პროფესორმა მორომ ნევროლოგიური დაავადებების „ტვირთის“ (Burden of Disease) შემცირების აუცილებლობაზე ვრცლად ისაუბრა. მისი აზრით, ამ ტვირთში უმთავრესად პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუარესება, ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სოციალური იზოლაცია მოიაზრება.
მოროს ხედვით, აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავების მთავარი იარაღი ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც კონტინენტის ნებისმიერ წერტილში ნევროლოგიური მომსახურების თანაბარ ხარისხს უზრუნველყოფს.
მის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება ადვოკატირების როლს დაეთმო. პროფესორმა აღნიშნა, რომ ნევროლოგიურმა საზოგადოებამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მთავრობებთან უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ტვინის ჯანმრთელობა ეროვნული ჯანდაცვის პრიორიტეტად იქცეს.
მოროს თქმით, ტვინის ჯანმრთელობა ყველას ეხება და აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა დაავადებების ადრეული პრევენცია და, რაც მთავარია, სტიგმის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდეს.
ევროპის ნევროლოგიის აკადემიის სახელით, ელენა მორომ მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა დაადგნენ სამედიცინო სერვისების მოდერნიზაციის გზას.
ფორუმის მთავარი გზავნილები
საბოლოო ჯამში, პარიზის ტვინის ინსტიტუტის 15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულმა ტვინის ჯანმრთელობის მსოფლიო ფორუმმა ნეირომეცნიერება გლობალურ პოლიტიკურ პრიორიტეტად დაასახელა.
იუნესკოსა და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ სესიებზე ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნევროლოგიური დარღვევები მსოფლიოში ინვალიდობის მთავარი მიზეზია, ხოლო მისგან გამოწვეული ეკონომიკური ტვირთი მხოლოდ ევროპაში წელიწადში ტრილიონ ევროს აჭარბებს.
მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ტვინისა და მენტალური ჯანმრთელობის გამიჯვნა წარსულს ჩაბარდა და გამოსავალი პრევენციულ ნევროლოგიასა და RNA-თერაპიის მსგავს ინოვაციებშია.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფორუმზე პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ შესანიშნავად დაიცვა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციაზე, რაც ქვეყანას უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებთან პირდაპირ წვდომას მისცემს.
საერთაშორისო პარტნიორობით ჩვენი ქვეყანა შეძლებს ნეირომეცნიერების მიღწევები მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის გამოიყენოს.
წყარო: paris brain institute

