ფილტვის კიბო თანამედროვე ონკოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. საქართველოში, ის წარმოადგენს სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს. ყოველწლიურად, ვლინდება 1500-ზე მეტი შემთხვევა, ხოლო სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის თითქმის 14%-ს სწორედ ფილტვის კიბო შეადგენს. მიუხედავად ონკოლოგიური მკურნალობის მნიშვნელოვანი განვითარებისა, საქართველოში, პაციენტთა უმრავლესობაში დაავადების დიაგნოსტირება კვლავ მოგვიანებით სტადიაზე ხდება, რაც რადიკალური მკურნალობის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გვიზღუდავს.
ბოლო წლების განმავლობაში, ფილტვის კიბოს მკურნალობა, მხოლოდ ქიმიოთერაპით მკურნალობის ეპოქიდან გადავიდა პერსონალიზირებულ ანუ მიზანმიმართული მკურნალობის ეპოქაში. ბიომარკერებზე დაფუძნებული მიზანმიმართული თერაპია და იმუნოთერაპია, ანუ ე.წ „ჭკვიანი წამლები“, მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხს. თუმცა, მოლეკულურ დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია მრავალი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
პოპულაცია-სპეციფიკური მონაცემები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფილტვის კიბოს კლინიკო-პათოლოგიური და მოლეკულური მახასიათებლები სხვადასხვა პოპულაციაში განსხვავდება. ვინაიდან თანამედროვე მკურნალობის რეკომენდაციები ძირითადად საერთაშორისო კლინიკურ კვლევებზე არის დაფუძნებული, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად შეესაბამება ქართველი პაციენტების დაავადების პროფილი მსოფლიო მონაცემებს ან არსებობს თუ არა ისეთი თავისებურებები, რომლებიც ახდენს გავლენას ქართველი პაციენტების მკურნალობის ტაქტიკაზე.
ამ ცოდნის გასამყარებლად, ჩვენმა სამეცნიერო გუნდმა, შეისწავლა საქართველოს ყველაზე დიდი რეფერალური ცენტრის 270 პაციენტის კლინიკო-პათოლოგიური და მოლეკულური მახასიათებლები, რომლებსაც მორფოლოგიურად დადასტურებული აქვთ ფილტვის კიბოს დიაგნოზი. მიღებული რეალური კლინიკური მონაცემები, წარმოადგენს ფილტვის კიბოს ქართულ პოპულაციაში პირველ ყოვლისმომცველ ანალიზს, რომელიც გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას დაავადების თავისებურებების და პერსონალიზირებული მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ.
მსოფლიო ტენდენციების მსგავსად, საქართველოშიც, ფილტვის კიბო ძირითადად ხანდაზმულ, ანამნეზში თამბაქოს მოხმარების მქონე პირებს შორის გვხვდება. ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაში, დიაგნოზის დასმის საშუალო ასაკი 67 წელი იყო, პაციენტების 86% იყო მამაკაცი, ხოლო ამ პაციენტების 88% ამჟამინდელი ან ყოფილი მწეველი გახლდათ. ყველაზე ხშირი საწყისი სიმპტომები იყო ხველა, ქოშინი და ძლიერი საერთო სისუსტე ,თუმცა პაციენტების თითქმის ორ მესამედს დაავადება მხოლოდ მას შემდეგ დაუდგინდა, რაც მეტასტაზური ანუ შორსწასული გახდა. ადრეული სტადიის შემთხვევები იშვიათი იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, დროული მიმართვიანობისა და მაღალი რისკის მქონე პირებისთვის ფილტვის კიბოს ეროვნული სკრინინგ-პროგრამის მნიშვნელობას.
ჩვენმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოში, ფილტვის კიბოს პათოლოგიური პროფილი მსოფლიო ტენდენციებს შეესაბამება. შემთხვევების უმრავლესობა წარმოადგენდა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს, რომლის ყველაზე გავრცელებული ჰისტოლოგიური ქვეტიპი იყო ადენოკარცინომა. აღსანიშნავია, რომ ადენოკარცინომა უფრო ხშირად გვხვდებოდა არამწეველ პაციენტებში, რაც მიუთითებს, რომ ფილტვის კიბო აღარ უნდა ჩაითვალოს როგორც მხოლოდ მწეველთა დაავადებად. ეს შედეგები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ფილტვის კიბოზე ეჭვი უნდა არსებობდეს იმ პაციენტებშიც, რომლებიც კლასიკური რისკ-ფაქტორების ქვეშ არ არიან მოცულნი.
ფილტვის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის მოლეკულური დიაგნოსტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ტოქსიურობის გამო ჩვენი კოჰორტის მხოლოდ მცირე ნაწილს ჩაუტარდა მოლეკულური კვლევა (EGFR მუტაცია განესაზღვრა 64 პაციენტს, ALK მუტაცია– 59 პაციენტს, PD-L1– 81 პაციენტს), ნანახი იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები არსებული ბიომარკერების გამოვლენის რაოდენობაში. კერძოდ, EGFR მუტაცია აღენიშნებოდა პაციენტების 15.6%-ს, ALK – 10%-ს, ხოლო PD-L1-ის მაღალი ექსპრესია (TPS ≥50%) – 28%-ს. ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ქართველი პაციენტების ამ ნაწილს შეუძლია მიიღოს სარგებელი მიზანმიმართული თერაპიისა და იმუნოთერაპიისგან. ტრადიციული, ყველასთვის ერთნაირი ქიმიოთერაპიის გამოყენების ნაცვლად, მოლეკულურ მარკერებზე დაფუძნებული მკურნალობა პერსონალიზირებული თერაპიის შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხის და ამცირებს მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებს. თუმცა, ამ თერაპიული მიღწევების სრული სარგებლობისთვის, აუცილებელია პაციენტებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ისარგებლონ როგორც სრულყოფილი მოლეკულური ტესტირებით, ასევე შესაბამის სამიზნე და იმუნოთერაპიული მკურნალობით.
მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, გვიანი დიაგნოსტიკა, მოლეკულურ კვლევებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და თანამედროვე თერაპიებზე არასრულყოფილი ხელმისაწვდომობა, საქართველოში ფილტვის კიბოს მართვა თანდათან იცვლება. ფილტვის კიბოს ეროვნული სკრინინგ-პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაავადების ადრეული გამოვლენისა და გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიმართულებით. ბიომარკერული კვლევების ხელმისაწვდომობის გაფართოება, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება და პერსონალიზირებული ონკოლოგიის დანერგვა რეალურ იმედს იძლევა, რომ მომავალში უფრო მეტი პაციენტი მიიღებს ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობას და მიაღწევს უკეთეს გრძელვადიან შედეგებს. თანამედროვე სამიზნე თერაპიასა და იმუნოთერაპიაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს იმისათვის, რომ პერსონალიზებული ონკოლოგიის პოტენციალი, სრულად აისახოს საქართველოს პაციენტების ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში. ჩვენი რეალური კლინიკური მონაცემები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ამ პროცესის გასაძლიერებლად და საქართველოში ფილტვის კიბოს მკურნალობის შემდგომი განვითარებისათვის.
ავტორი:ანა გეგუჩაძე, MD
სამედიცინო ონკოლოგი, კლინიკური კვლევების კოორდინატორი, სამედიცინო გენეტიკის მოწვეული ლექტორი
კავკასიის მედიცინის ცენტრი, ევროპის უნივერსიტეტი,

