ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები ამოქმედდება, მაგრამ უწყება რეგულაციის სრულ ლიბერალიზაციას არ გეგმავს.
მინისტრის განმარტებით, 2-კვირიანი მარაგის წესი პაციენტებისთვის დისკომფორტის შემცველი იყო, მაგრამ ამ რთულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა.
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული მათ შორის ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“, — აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
სარჯველაძის თქმით, კონტროლის გამკაცრებამდე 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს. სამინისტროს ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმო-ს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.
წყარო: Interpressnews

