ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის წესი მკაცრდება

გააზიარე

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომლებიც ძალაში დღეიდან, პირველი აპრილიდან შედის. ოფიციალური ინფორმაციით, რეფორმის მიზანი ფსიქოტროპული პრეპარატების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრება და მათი არამიზნობრივი გამოყენების პრევენციაა.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ახალი რეგულაციით განისაზღვრა მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა. კერძოდ, სრულწლოვანი პაციენტებისთვის რეცეპტი არაუმეტეს 14 დღის მარაგით გაიცემა, ხოლო არასრულწლოვნებისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.

ახალი წესით ასევე მკაცრად რეგულირდება დოზირება: პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. ამასთან, ექიმი ვალდებულია პაციენტის სამედიცინო ისტორიაში დაასაბუთოს მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა. რეგულაცია ასევე ითვალისწინებს სპეციალურ წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები უკავშირდება რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები ინიშნებოდა სათანადო დიაგნოსტირების გარეშე, გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე მედიკოსების მიერ. ცნობილია, რომ ამ დარღვევებისთვის პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დაეკისრა 10 ექიმს. უწყების ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის პროცესზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები