ახალი ეპოქა ეპილეფსიის მკურნალობაში: ლონდონის სამეფო კოლეჯის, Mayo Clinic-ისა და UNEEG Medical-ის თანამშრომლობით, მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური, ხელოვნური ინტელექტის მქონე მინიატიურული იმპლანტი, რომელიც კანქვეშ თავსდება და რეალურ დროში აღრიცხავს ეპილეფსიურ შეტევებს.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Epilepsia-ში, ხაზს უსვამს შეტევების აღრიცხვის ტრადიციული მეთოდების ნაკლოვანებებს, რომლებიც სრულიად პაციენტების თვითაღრიცხვის უნარზეა დამოკიდებული. ასეთი მეთოდებით მეტწილად არასწორად ხდება შეტევების რაოდენობისა და კლასიფიკაციის განსაზღვრა.
sqEEG არის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე მოწყობილობა, რომელიც ტვინის აქტივობას უწყვეტად აკვირდება. ის მონეტის ზომისაა და კანქვეშ, ყურის უკან თავსდება. მისი თხელი მავთული შეტევის სიგნალებს იჭერს და უსადენოდ გადასცემს გარე ჩამწერ მოწყობილობას.
სისტემამ მნიშვნელოვნად აჯობა პაციენტების მიერ შეტევების აღრიცხვის ტრადიციულ მეთოდებს. კვლევის ფარგლებში, 15 თვის განმავლობაში ათი პაციენტის ჯამში 72,000 საათიანი ტვინის აქტივობა ჩაიწერა, რა დროსაც 754 შეტევა დაფიქსირდა.
აღმოჩნდა, რომ პაციენტებმა შეტევების მხოლოდ 48% აღრიცხეს ზუსტად. ასევე, იმ შემთხვევების 27%-ში, რომლებიც მათ შეტევად მიიჩნიეს, სინამდვილეში შეტევის ნიშნები საერთოდ არ გამოვლენილა. sqEEG სისტემამ კი შეტევების როგორც აღმოჩენაში, ისე მათ კლასიფიკაციაში ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა.
კვლევის ავტორების აზრით, sqEEG მოწყობილობას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეპილეფსიის მკურნალობა, რადგან ის შეტევებს ზუსტად აფიქსირებს. კვლევის წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა მარკ რიჩარდსონმა, აღნიშნა, რომ ეს ტექნოლოგია პაციენტებისთვის ეფექტური და კომფორტულია. ის თვითაღრიცხვის მეთოდის კარგი ალტერნატივაა.
მკვლევრები ახლა მოწყობილობის უფრო ფართომასშტაბიან ტესტირებას ითხოვენ. მათი აზრით, შეტევების მუდმივი და ზუსტი მონიტორინგი ექიმებს მკურნალობის კურსის უკეთ შერჩევაში დაეხმარება, რაც პაციენტების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
წყარო: Wiley

