„საინფორმაციო პორტალების ცნობით, რამდენიმე დღის წინ ქალაქ ირკუტსკში, რომელიც მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ე.წ. „შავი ჭირის საწინააღმდეგო“ ინსტიტუტში თანამშრომელს დაუზიანდა შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის (Yersinia pestis) კულტურის შემცველი კონტეინერი, რის შედეგადაც დაინფიცირდა შავი ჭირის ფილტვის (პნევმონიური) ფორმით და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თითქმის 200 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ საწყის ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი სუბიექტები არიან, იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს სიმპტომები, თუმცა არ არის ცნობილი, რა ტიპის სიმპტომებზეა საუბარი და არის თუ არა ეს სიმპტომები კავშირში შავ ჭირთან.
1972 წელს საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა ბიოლოგიური იარაღის კონვენციას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს. ამის შემდეგ, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიმართულებით კვლევები, რა თქმა უნდა, გრძელდებოდა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე ამ იარაღის მფლობელ სხვა სახელმწიფოებშიც, ოღონდ უკვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შირმით. საბჭოთა კავშირში მსგავსი კვლევითი ინსტიტუტების ერთი ნაწილი ცნობილი იყო როგორც ე.წ. „შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ცენტრები“. ამ ცენტრების სამუშაო მიმართულებები და სპეციფიკა განსხვავებული იყო: ზოგიერთი მათგანი მართლაც თავდაცვით და ეპიდემიების კონტროლის საკითხებზე კონცენტრირდებოდა, თუმცა სხვები მუშაობდნენ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე. ამ მხრივ საინტერესო დაავადებებს წარმოადგენდნენ შავი ჭირი, ჯილეხი, ყვავილი, მარბურგის ვირუსით გამოწვეული დაავადება და სხვა. ბიოლოგიური იარაღისთვის პერსპექტიული მიმართულებები იყო პათოგენის ვირულენტობის (ანუ დამაზიანებლობის) გაზრდა, ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის გამომუშავება, ჰაერით ან აირ-წვეთოვნად გადაცემის პოტენციალის გაუმჯობესება და სხვა. სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა მუშაობა შავ ჭირთან დაკავშირებითაც.
შავი ჭირი გამოწვეულია ბაქტერიით Yersinia pestis, რომელიც წარმოადგენს მაღალი ლეტალობის პოტენციის მქონე ინფექციას. ის ბუნებრივად ვრცელდება ინფიცირებული მღრღნელებიდან ადამიანებზე რწყილების მეშვეობით. შუა საუკუნეებში სწორედ შავმა ჭირმა იმსხვერპლა ევროპის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცნობილი ეპიდემიების დროს. რწყილით გადაცემისას ის ტიპიურად იწვევს ე.წ. ბუბონურ ჭირს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ლიმფური კვანძების გადიდება (ე.წ. ბუბონები), დაჩირქება, სისტემური გავრცელება, სეფსისი და სიკვდილი. დისემინირებული ინფექციის დროს პაციენტების ნაწილს უვითარდება ფილტვის ფორმაც, რა დროსაც დაავადებამ უკვე შესაძლოა მიიღოს აირ-წვეთოვანი ან ჰაერით გადაცემის პოტენციალიც. ბუნებრივი ეპიდემიების დროს შავი ჭირის ფილტვის ფორმა და ამ გზით გადაცემა საკმაოდ იშვიათია. საპირისპიროდ ამისა, ბიოლოგიური იარაღის შემთხვევაში სწორედ ჰაერით/აირ-წვეთოვნად გადაცემაზეა ძირითადი აქცენტი და ხდება ბაქტერიების ისეთი ქვეტიპების შემუშავება, რომლებიც ეფექტურად გადაეცემა ამ გზით.
ირკუტსკის ინციდენტის შესახებ გადამოწმებული დეტალები ძალზე მწირია.
ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის დაწესებულებას წარმოადგენს ირკუტსკის შავი ჭირის კვლევითი ცენტრი. აღნიშნული ცენტრი შესაძლოა მუშაობს ველურ Y. pestis-ის შტამებზე, მათ მიმართ შეკავების ღონისძიებებზე და ა.შ., თუმცა ასევე შესაძლოა, სინამდვილეში ის წარმოადგენდეს ბიოლოგიური იარაღის კვლევით ცენტრს, რომლის ამოცანებს წარმოადგენს შავი ჭირის შტამების ლეტალურობის, სტაბილურობისა და დამცავი ღონისძიებების მიმართ გამძლეობის გაუმჯობესება. შესაბამისად, არ ვიცით შავი ჭირის რომელი შტამით დაინფიცირდა მკვლევარი და არც იმ კვლევის ბუნება, რომელსაც ის ატარებდა.
ლაბორატორიის თანამშრომელში, ლაბორატორიის ტერიტორიაზე ბაქტერიული კულტურის კონტეინერის გატეხვით განვითარებული დაავადების ფილტვის ფორმის შესახებ ცნობები, მიუთითებს ინჰალაციის გზით დასნებოვნებაზე, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია და სხვა პოტენციური ალტერნატივები და სცენარებიც არ გამოირიცხება.
გაურკვეველია ასევე, თუ რატომ გარდაიცვალა აღნიშნული ლაბორანტი. თუ ექსპოზიცია მართლაც კონტეინერის გატეხვის გამო მოხდა, მიღებული იქნებოდა მარტივი სტანდარტული ღონისძიებები (ანტიბიოტიკით პროფილაქტიკური მკურნალობა), რაც ტიპიურად ძალზე ეფექტურია და წესით, არათუ ლეტალური შემთხვევა, სიმპტომური დაავადებაც კი მაღალი ალბათობით არ უნდა გამოეწვია. ასეთ ვითარებაში ჩნდება ეჭვი, რომ ან საქმე უნდა გვქონდეს უკიდურესად მაღალი ვირულენტობის ან ანტიბიოტიკებისადმი პანრეზისტენტულ პათოგენთან — ბიოლოგიურ იარაღთან. თუ ამგვარ მაღალლეტალურ ბიოლოგიურ იარაღთან არ გვაქვს საქმე, მაშინ საწყისი ინფიცირების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს სწორი და გავრცელება მოხდა გაცილებით მასიური და უკონტროლო გზით, მაგალითად როგორიც იყო 1979 წლის სვერდლოვსკის ციმბირის წყლულის აფეთქება. სვერდლოვსკის ინციდენტის დროს მოხდა ლაბორატორიიდან გარემოში აეროზოლიზებული ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის (Bacillus anthracis) სპორების მშრალი ფხვნილის გაფრქვევა, რასაც მოჰყვა ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის მასიური ინფიცირება ჯილეხის ფილტვის ფორმითა და მასიური სიკვდილიანობით.
ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს კარანტინისა და იზოლაციის მასშტაბები. საქმე იმაშია, რომ ველური ტიპის ბაქტერიით ფილტვის შავი ჭირის შემთხვევების დროს შემდგომი გადამდებლობა შეზღუდულია, რადგან მისი ძირითადი რეპროდუქციული ინდექსი ($R_0$) შეადგენს 1.3-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი პაციენტები საშუალოდ მხოლოდ 1.3 მეორად ინფექციას გამოიწვევენ, რაც არაეფექტურია გავრცელებისთვის. 1.3-იანი $R_0$-ით მჭიდრო კონტაქტების 30%-ის წარმატებული იზოლაცია საკმარისია აფეთქების შესაკავებლად.
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1–3 დღე, პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული სიმპტომური ხდება (განსხვავებით, მაგალითად, კოვიდის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსისგან, რომელიც ძირითადად უსიმპტომო და ძალზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდებოდა, რაც მკვეთრად ართულებდა კოვიდის დროს კარანტინისა და იზოლაციის ღონისძიებებს) და ანტიბიოტიკებით მკურნალობის გარეშე შავი ჭირის ფილტვის ფორმა პრაქტიკულად უნივერსალურად ლეტალურია (ანტიბიოტიკები ადრეულ სტადიაზე ძალზე ეფექტურია). ყოველივე ზემოთქმული ძალზე აიოლებს შავი ჭირის ფილტვის ფორმის ეპიდემიოლოგიურ კონტროლს.
ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არის 200 ადამიანი იზოლირებული, რადგან სინჯარის გატეხვის ინციდენტი ცხადია, ლაბორატორიაში უნდა მომხდარიყო და თანაც — ლაბორატორიის ძალზე შეზღუდული დაშვების არეალში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით ირკუტსკის ლაბორატორიაში მუშაობს 90-მდე ადამიანი, ექსპოზირებული უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ რამდენიმე ლაბორანტი, რომელთაც BSL-3/4 დაშვება ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, იზოლირებულ ადამიანთა ძალზე დიდი რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს ეპიდაფეთქების სხვა გზებზე და არა გაცხადებულ კონტეინერის ინციდენტზე. ამ მხრივ ძალიან საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა, თუ რა კონტიგენტია ძირითადად იზოლირებული: ლაბორატორიის თანამშრომლები ძირითადად (რაც კვლავ ლაბორატორიის შიდა ინციდენტზე მიგვითითებდა), თუ ქალაქის მოსახლეობა ლაბორატორიის ახლოს (ეს უკანასკნელი გავრცელების სხვა ტიპზე ან ბიოლოგიურ იარაღზე უფრო გვაფიქრებინებდა).
საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ჩვენთან პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ტიპიურად, მსგავს სიტუაციებში უფრო მეტად ბანალური უსაფრთხოების წესების დარღვევასთან გვაქვს ხოლმე საქმე. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეხება გვქონდეს მაღალვირულენტურ, ანტიბიოტიკების მიმართ უკიდურესად გამძლე და სწრაფად გავრცელებად ბაქტერიულ შტამებთან. თუ ეპიდაფეთქება გამოწვეულია სტანდარტული Y. pestis ველური შტამით, მისი ფართო გავრცელება აბსოლუტურად არარეალურია, მით უმეტეს, რომ ადგილზე საკმაოდ აგრესიული საკარანტინო და საიზოლაციო ღონისძიებები ხორციელდება.
უახლოეს ხანებში, იმედია, გვექნება მეტი ინფორმაცია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად.“ — წერს სოციალურ ქსელში ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი.

