ახალი ერა ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობაში: FDA-მ Tzield დაამტკიცა

გააზიარე

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დააჩქარებული პროცედურით დაამტკიცა ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi-ის ინოვაციური ბიოლოგიური პრეპარატი Tzield (teplizumab-mzwv). მედიკამენტი განკუთვნილია 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთაც ახლახან დაუდგინდათ ტიპი 1 დიაბეტის (T1D) მე-3 სტადია. Tzield წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის პირველ მოდიფიცირებელ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავს პანკრეასის მიერ საკუთარი ინსულინის გამომუშავების უნარის დაქვეითების შენელებას. ამით იგი ფუნდამენტურად განსხვავდება დაავადების მართვის ტრადიციული მიდგომებისგან, რომლებიც აქამდე მხოლოდ ეგზოგენური ინსულინის ჩანაცვლებაზე იყო ორიენტირებული.

ტიპი 1 დიაბეტი წარმოადგენს ქრონიკულ, პროგრესირებად აუტოიმუნურ დაავადებას, რომლის დროსაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელ ბეტა-უჯრედებს. დაავადების მე-3, ანუ კლინიკურ სტადიაზე, ბეტა-უჯრედების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განადგურებულია, რის შედეგადაც ვითარდება ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე) და ვლინდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: გაძლიერებული წყურვილი, ხშირი შარდვა, წონის აუხსნელი კლება, მხედველობის დაბინდვა და მუდმივი დაღლილობა. ამ ეტაპზე ორგანიზმი ვეღარ აკონტროლებს შაქრის დონეს, რის გამოც პაციენტებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ უწყვეტი ინსულინჩანაცვლებითი თერაპია.

მოქმედების მექანიზმის მიხედვით, Tzield წარმოადგენს CD3-რეცეპტორზე მიმართულ მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც ახდენს იმუნური პასუხის მოდულაციას. პრეპარატი სპეციფიკურად უკავშირდება T-ლიმფოციტების ზედაპირზე არსებულ CD3 კომპლექსს და ამცირებს ბეტა-უჯრედებზე მიმართული აუტოიმუნური შეტევის ინტენსივობას. აღნიშნული პროცესის შედეგად, შესაძლებელი ხდება დარჩენილი ფუნქციური ბეტა-უჯრედების უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება და ორგანიზმის მიერ საკუთარი (ენდოგენური) ინსულინის გამომუშავების მხარდაჭერა.

პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა III ფაზის მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მრავალეროვნულ კლინიკურ კვლევაში PROTECT, პლაცებოსთან შედარებითი კონტროლით. მასში მონაწილეობდა 8-დან 17 წლამდე ასაკის 328 ბავშვი და მოზარდი, რომელთაც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში დაუდგინდათ ტიპი 1 დიაბეტის მე-3 კლინიკური სტადია. პაციენტების განაწილება Tzield-ისა და პლაცებოს ჯგუფებში განხორციელდა თანაფარდობით 2:1 ( და , შესაბამისად). თერაპიის პროტოკოლი მოიცავდა ორ საინფუზიო კურსს: პირველად 12-დღიან ყოველდღიურ ინდუქციას რანდომიზაციისთანავე, ხოლო მეორე ანალოგიურ კურსს — 26 კვირის (დაახლოებით ექვსი თვის) შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე პარალელურად იღებდა სტანდარტული მკურნალობის მედიკამენტებს.

აღნიშნული კვლევის პირველად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა ბეტა-უჯრედების ფუნქციური აქტივობის შენარჩუნება, რაც ფასდებოდა C-პეპტიდის მაჩვენებლით, შერეული საკვების ტოლერანტობის ოთხსაათიანი ტესტის (MMTT) საფუძველზე. კვლევის დასრულებისას Tzield-ის ჯგუფში დაფიქსირდა C-პეპტიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვნად ნაკლები კლება საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (უმცირეს კვადრატთა საშუალოების სხვაობა: 0.13 პმოლ/მლ; 95% სარწმუნოების ინტერვალი: 0.09–0.17; p<0.001). მიღებული სტატისტიკური მონაცემები ობიექტურად ადასტურებს პრეპარატის თერაპიულ ეფექტს ენდოგენური ინსულინის სეკრეტორული ფუნქციის კონსერვაციის თვალსაზრისით.

პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი ძირითადად შეესაბამებოდა წინა კლინიკურ კვლევებში მიღებულ მონაცემებს. ყველაზე ხშირ არასასურველ გვერდით რეაქციებს შორის დომინირებდა ლიმფოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გამონაყარი, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება და თავის ტკივილი. ამასთან ერთად, დაფიქსირდა სერიოზული კლინიკური გართულებების ერთეული შემთხვევებიც, მათ შორის ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი და ლატენტური ვირუსული ინფექციების რეაქტივაცია. აღნიშნული რისკების გამო, პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილესა და წინასწარ სკრინინგს მოითხოვს იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობის მქონე პაციენტებში.

ვინაიდან FDA-ის მიერ მინიჭებული დააჩქარებული ავტორიზაცია ეფუძნება C-პეპტიდის დონის შენარჩუნებას, როგორც კლინიკური სარგებლის სუროგატულ მაჩვენებელს, პრეპარატის გრძელვადიანი ეფექტიანობის საბოლოო ვერიფიკაციისთვის ამჟამად მიმდინარეობს III ფაზის კონფირმაციული კვლევა BETA-PRESERVE. მიუხედავად იმისა, რომ არსებული კლინიკური მონაცემები იმედისმომცემია, აღნიშნული კვლევის შედეგებმა საბოლოოდ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად აისახება ბეტა-უჯრედოვანი მასის კონსერვაცია გლიკემიური კონტროლის ოპტიმიზაციასა და ტიპი 1 დიაბეტის გრძელვადიანი პროგნოზის გაუმჯობესებაზე.

დამატებით, უსაფრთხოების პროფილის გამო, Tzield FDA-ის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. პრეპარატის მარკირება შეიცავს უმკაცრეს გაფრთხილებას („Boxed Warning“ — FDA-ის მიერ დაწესებული უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი ფორმა), რაც იმუნოსუპრესიის (იმუნიტეტის დათრგუნვის) ფონზე, დაკავშირებულია ისეთი სერიოზული, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო ვირუსული ინფექციების განვითარებასთან, როგორიცაა ეპშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი.

პრეპარატი აშშ-ში პირველად 2022 წლის ნოემბერში დამტკიცდა მე-2 სტადიის ტიპი 1 დიაბეტის (T1D) მქონე მოზრდილებსა და 8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-3 კლინიკური სტადიის მანიფესტაციის (დაწყების) გადავადების მიზნით. 2026 წლის აპრილში FDA-მ გააფართოვა აღნიშნული ჩვენება და მასში 1 წლიდან ასაკის ბავშვებიც ჩართო. დღეისათვის, მე-2 სტადიის მქონე მოზრდილებსა და 8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-3 სტადიის T1D-ის განვითარების გადავადების მიზნით, მედიკამენტი ასევე ავტორიზებულია დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში (სავაჭრო დასახელებით Teizeild), ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადაში, ისრაელში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბრაზილიასა და შვეიცარიაში.

Tzield-ის ავტორიზაცია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობის მიმართულებით. პირველად სამედიცინო პრაქტიკაში, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ დაავადების სიმპტომური მართვა, არამედ მისი გამომწვევი პათოგენეზური აუტოიმუნური პროცესის მიზანმიმართული მოდულაცია. აღნიშნული მიღწევა თერაპიის სრულიად ახალ პერსპექტივებს უხსნის კლინიკოსებს და მნიშვნელოვან იმედს აძლევს პედიატრიულ პაციენტებსა და მათ ოჯახებს.

წყარო: sanofi.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები