რა ემართება ჩვენს სხეულს სიცივეში — ტვინის უხილავი ბრძოლა

გააზიარე

ცივ ამინდში ხელები გვიყინდება, მხრებს უნებურად ვწევთ და ვცდილობთ, სახე შარფში ჩავმალოთ. თუ სიცივეში დიდხანს დავრჩებით, შეიძლება კანკალიც დაგვეწყოს, რომლის შეჩერება არც ისე მარტივია.

საინტერესოა, რომ ამ დროს ჩვენი ორგანიზმი უკვე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ არ გავიყინოთ.

ადამიანის სხეული მუდმივად წარმოქმნის სითბოს. უჯრედებში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად გამოყოფილი ენერგიის ნაწილი სითბოდ გარდაიქმნება. ამავე დროს, ორგანიზმი გარემოსაც გადასცემს სითბოს.

როდესაც გარემო ცივია, სითბოს დაკარგვა შეიძლება მის წარმოქმნას აღემატებოდეს. სწორედ ასეთ დროს აქტიურდება თავდაცვითი მექანიზმები, რომლებიც მილიონობით წლის ევოლუციის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

როგორ ხვდება ტვინი, რომ გვცივა და რას აკეთებს ჩვენი ორგანიზმი სითბოს შესანარჩუნებლად?

როგორ გრძნობს ტვინი სიცივეს?

სიცივის შეგრძნება კანში არსებული სპეციალური ნერვული დაბოლოებებიდან იწყება. ისინი ტემპერატურის ცვლილებას აფიქსირებს და ინფორმაციას ტვინს გადასცემს.

ამ პროცესში მონაწილეობს ცილა TRPM8, რომელიც გაგრილებისას აქტიურდება. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ცილასთან არის დაკავშირებული პიტნის გამაგრილებელი ეფექტიც. მენთოლი TRPM8-ს ააქტიურებს, რის გამოც შეიძლება სიცივე ვიგრძნოთ მაშინაც, როდესაც კანის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

გამოდის, ტვინს ზოგჯერ შეგვიძლია სიცივე ვაგრძნობინოთ ისე, რომ სინამდვილეში არც კი გავგრილდეთ.

სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს ჰიპოთალამუსი ასრულებს. ტვინის ეს პატარა უბანი ორგანიზმის შიდა ტემპერატურის შენარჩუნებაში მონაწილეობს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაქციებს ააქტიურებს.

ამიტომ, შეიძლება ძალიან გვციოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეულის შიდა ტემპერატურა ჯერ კიდევ ნორმალურია.

რატომ გვეყინება ხელები და რატომ ვკანკალებთ?

სიცივეში ორგანიზმის ერთ-ერთი პირველი რეაქცია კანის სისხლძარღვების შევიწროებაა. ამ პროცესს ვაზოკონსტრიქცია ეწოდება.

როდესაც კანში ნაკლები თბილი სისხლი მიედინება, გარემოში სითბოს დაკარგვაც მცირდება. ასე ორგანიზმი ცდილობს, შინაგანი ორგანოების ტემპერატურა შეინარჩუნოს.

სწორედ ამიტომ გვიცივდება პირველად ხელები და ფეხები. ორგანიზმი, გარკვეულწილად, თითების გათბობაზე უარს ამბობს, რათა უფრო მნიშვნელოვანი ორგანოები დაიცვას.

თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, შეიძლება კანკალიც დაგვეწყოს.

კანკალის დროს კუნთები სწრაფად და უნებლიეთ იკუმშება. კუნთების მუშაობას ენერგია სჭირდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სითბოდ გარდაიქმნება.

ანუ კანკალი ერთგვარი უნებლიე ვარჯიშია, რომლის მთავარი მიზანი კუნთების განვითარება კი არა, სხეულის გათბობაა.

ორგანიზმს სითბოს წარმოქმნა კანკალის გარეშეც შეუძლია. ამ პროცესში მონაწილეობს ყავისფერი ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ენერგიას უშუალოდ სითბოდ გარდაქმნის.

ეს მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილებში, რადგან მათ კანკალით გათბობის შესაძლებლობა ჯერ სრულყოფილად განვითარებული არ აქვთ.

რატომ გვიჩნდება “ბატის კანი”?

სიცივეში ზოგჯერ კანი გვეხორკლება. ეს ჩვენი ევოლუციური წარსულის ერთ-ერთი საინტერესო ნაშთია.

თმის ფოლიკულების ძირში პატარა კუნთებია, რომლებიც სიცივის დროს იკუმშება და თმას წამოწევს. სქელბეწვიან ძუძუმწოვრებში ამ რეაქციას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. აწეულ ბეწვს შორის ჰაერი გროვდება, რაც სითბოს დაკარგვას ამცირებს.

ადამიანებში კი ეს მექანიზმი თითქმის უსარგებლოა. ჩვენი სხეული სქელი ბეწვით აღარ არის დაფარული, ამიტომ თმის წამოწევა დიდად ვერ გვათბობს.

საინტერესოა, რომ “ბატის კანი” შეიძლება ძლიერი ემოციების დროსაც გაგვიჩნდეს. მაგალითად, შიშისას ან ისეთი მუსიკის მოსმენისას, რომელიც განსაკუთრებით გვაღელვებს.

ამ რეაქციებს საერთო ნერვული მექანიზმები აქვს.

რატომ დავკარგეთ ბეწვი?

ადამიანის წინაპრებს გაცილებით სქელი ბეწვი ჰქონდათ. ევოლუციის განმავლობაში მისი საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ერთ-ერთი წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს სხეულის ეფექტიან გაგრილებას უკავშირდებოდა.

ადამიანს ოფლის გამოყოფის კარგად განვითარებული სისტემა აქვს. როდესაც ოფლი კანის ზედაპირიდან ორთქლდება, მას სითბო მიაქვს და სხეული გრილდება.

შედარებით უბეწვო კანი ამ პროცესს აადვილებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი წინაპრებისთვის, რომლებიც ცხელ გარემოში დიდ მანძილებზე გადაადგილდებოდნენ.

ამ ევოლუციურ უპირატესობას თავისი ფასიც ჰქონდა — ბუნებრივი თბოიზოლაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დავკარგეთ. მოგვიანებით სიცივესთან გამკლავებაში ცეცხლი, თავშესაფრები და ტანსაცმელი დაგვეხმარა.

რატომ გვათბობს ქურთუკი და რას აკეთებენ პინგვინები?

ქურთუკი თავად სითბოს არ წარმოქმნის. ის უბრალოდ გვეხმარება, ჩვენივე სხეულის მიერ წარმოქმნილი სითბო შევინარჩუნოთ.

ქსოვილის ბოჭკოებსა და ტანსაცმლის ფენებს შორის ჰაერი გროვდება. უძრავი ჰაერი სითბოს ცუდად ატარებს, ამიტომ მისი ფენა სხეულიდან გარემოში სითბოს გადაცემას აფერხებს.

სითბოს შენარჩუნებას სხეულის პოზაც ეხმარება. სიცივეში ვიკუნტებით და ხელებს სხეულთან ვიჭერთ, რითაც გარემოსთან სითბოს გაცვლისთვის ხელმისაწვდომ ზედაპირს ვამცირებთ.

მსგავს სტრატეგიას პინგვინებიც იყენებენ. იმპერატორი პინგვინები ანტარქტიდის მკაცრ ზამთარში მჭიდრო ჯგუფებად იკრიბებიან. ასე ქარის ზემოქმედებასა და სითბოს დაკარგვას ამცირებენ.

2011 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პინგვინები ჯგუფში მცირე, კოორდინირებულ ნაბიჯებს დგამენ. ეს მოძრაობები მთელ ჯგუფში ტალღასავით ვრცელდება და ფრინველების განლაგებას ცვლის.

ამგვარად, ჯგუფის გარეთა, უფრო ცივ ნაწილში მუდმივად ერთი და იგივე პინგვინები არ რჩებიან.

რატომ გვცივა ერთსა და იმავე ტემპერატურაზე განსხვავებულად?

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ერთ ოთახში ვიღაცას სცივა, ვიღაც კი ფანჯრის გაღებას ითხოვს.

ამის მიზეზი მხოლოდ სიცივისადმი გამძლეობა არ არის. სიცივის შეგრძნებაზე გავლენას ახდენს სხეულის აგებულება, კუნთოვანი მასა, ცხიმოვანი ქსოვილი, მეტაბოლიზმი და ფიზიკური აქტივობა.

მნიშვნელოვანია გარემოს პირობებიც.

მაგალითად, ქარიან ამინდში უფრო მეტად გვცივა, რადგან ქარი კანის ზედაპირთან არსებულ თბილ ჰაერს აშორებს. ცივ წყალში კი სითბოს გაცილებით სწრაფად ვკარგავთ, ვიდრე იმავე ტემპერატურის ჰაერში.

თუ სხეულის შიდა ტემპერატურა 35°C-ზე ქვემოთ დაეცა, ვითარდება ჰიპოთერმია, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა.

ამიტომ, სიცივის შეგრძნება მხოლოდ დისკომფორტი არ არის. ეს ორგანიზმის გამაფრთხილებელი სიგნალია, რომელიც გვატყობინებს, რომ სითბოს შენარჩუნება გვჭირდება.

კანკალი, სისხლძარღვების შევიწროება და სხეულის მოკუნტვა შემთხვევითი რეაქციები არ არის. ისინი მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული თავდაცვითი მექანიზმებია.

ჩვენ კი შეგვიძლია ამ საქმეში ორგანიზმს დავეხმაროთ: მაგალითად, უბრალოდ თბილად ჩავიცვათ.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები