ყველაზე რთული ბრძოლა სწორედ ისაა, რომლის არსებობაც მანამ არ ვიცით, სანამ მისი მძიმე შედეგები არ დადგება. სუიციდური აზრები სწორედ ასეთი უჩინარი საფრთხეა. კვებეკის ბავშვთა განვითარების გრძელვადიანმა კვლევამ (QLSCD), ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფენომენის განვითარების ორი განსხვავებული გზა და მათი თანმხლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები, გამოავლინა. შესაძლოა, ამ მიგნებებმა ახალგაზრდებში სუიციდის პრევენციის მიდგომები ძირეულად შეცვალოს. მათი ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სუიციდი მოზარდებსა და ახალგაზრდებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ადრინდელი კვლევები, რომლებიც სუიციდურ აზრებს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში სწავლობდნენ, ვერ ასახავდნენ მათ კომპლექსურ ევოლუციას. ამ კვლევამ კი, 13 წლიანი დაკვირვებით, ეს ხარვეზი შეავსო. მისი შედეგები საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, იმოქმედონ დროულად და მიზანმიმართულად, რომ ახალგაზრდებში სუიციდის რისკი შემცირდეს.
კვლევის მიმოხილვა
კვლევაში გაანალიზეს QLSCD-ის მონაცემები, 1997-1998 წლებში კვებეკში დაბადებული 2,120 ბავშვის შესახებ. მონაწილეებს აკვირდებოდნენ 25 წლამდე პერიოდში და პერიოდულად აფასებდნენ მათ სუიციდურ აზრებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. პროცესი კონფიდენციალური კითხვარებით, 13, 15, 17, 20, 23 და 25 წლის ასაკში ხდებოდა. ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, დესტრუქციული და ოპოზიციური ქცევები, ფასდებოდა ხუთ ასაკობრივ ეტაპზე (სკოლამდელი ასაკი, ბავშვობა, ადრეული მოზარდობა, შუა/გვიანი მოზარდობა, ახალგაზრდობა). კითხვარს, კვლევის მონაწილეებთან ერთად, ავსებდნენ მშობლები და მასწავლებლებიც.
ძირითადი მიგნებები
მონაცემების შესწავლით გამოვლინდა სუიციდური აზრების სამი განსხვავებული ტრაექტორია:

მინიმალური რისკის ჯგუფი (88%): ახალგაზრდების უმრავლესობას სუიციდური აზრები საერთოდ არ ჰქონდა ან ძალიან იშვიათად აღენიშნებოდა.
ადრეული მოზარდობის ასაკში დაწყებული სუიციდური აზრები (7%): ამ ჯგუფს სუიციდური აზრები ადრეულ მოზარდობაში (დაახლოებით 12-13 წლიდან) დაეწყო და ახალგაზრდობამდე გაგრძელდა. მათ ბავშვობიდანვე ჰქონდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორც ინტერნალიზებული, ისე დესტრუქციული ქცევის სიმპტომები. ამას ხშირად დედის ანტისოციალური ქცევებიც ემატებოდა. ეს აჩვენებს, რომ ადრეულ ასაკში დაწყებული, მუდმივი ფსიქიკური სირთულეები რისკს ზრდის.
ახალგაზრდობაში გამოვლენილი სუიციდური აზრები (5%): ამ მცირე ჯგუფს, რომელსაც მოზარდობისას სუიციდური აზრების დაბალი რისკი ჰქონდა, 20 წლამდე ასაკში მკვეთრი ზრდა გამოუვლინდათ. მათ ბავშვობაში სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონიათ. ინტერნალიზებული სიმპტომები მოზარდობაში დაიწყო და ახალგაზრდობაში გაუარესდა. ამას დაემატა კვებითი დარღვევები, სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების ზრდა, თვითიდენტობის კრიზისი და ზრდასრულ ცხოვრებაზე გადასვლის გარდამავალი ეტაპების სირთულეები..
კვლევამ სქესობრივი განსხვავებებიც აჩვენა. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში სუიციდური აზრები უფრო ხშირად ადრეულ მოზარდობაში შეინიშნებოდა, სავარაუდოდ, პუბერტატისა და სოციალურ სტრესორებთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებების გამო. 20 წლის შემდეგ ეს სხვაობა სქესთა შორის თითქმის გაქრა.
მიგნებები ცხადად აჩვენებს: ერთიანი პრევენციული მოდელი საკმარისი არ არის.
სუიციდური რისკი სხვადასხვა ასაკში განსხვავებული ფორმით ვლინდება და სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. ახალგაზრდობაში კი, მსგავსი განსხვავებები არ დაფიქსირებულა.
მომავალი მედიცინისთვის
ეს მიგნებები სუიციდის პრევენციის სტრატეგიებზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს და გვიჩვენებს, რამდენად გადამწყვეტია ასაკზე მორგებული მიდგომა. ადრეულ ასაკში, სუიციდური აზრების რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდებისთვის, კრიტიკულად აუცილებელია ინტერნალიზებული და დესტრუქციული სიმპტომების მოგვარება. ეს ადრეულ სკრინინგს და მშობლების, სკოლებისა თუ ჯანდაცვის პროვაიდერების ჩართულობას მოითხოვს.
ეფექტურია სკოლის ბაზაზე განხორციელებული პროგრამებიც:
- „კარგი ქცევის თამაში“ (Good Behavior Game) – ბავშვებში ემოციური თვითრეგულაციის გაძლიერება.
- „ახალგაზრდობა აცნობიერებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას“ – მოზარდებისთვის ფსიქიკური განათლების პროგრამა
- ოჯახზე დაფუძნებული ინტერვენციები – მშობლების ჩართულობით.
და რაც მთავარია – სუიციდის პრევენცია არ არის მხოლოდ დეპრესიის ძიება.
საჭიროა სიფხიზლე ყველა ფსიქო-სოციალურ სიგნალზე: შფოთვა, თვითიზოლაცია, აგრესია, სკოლაში ან მეგობრებთან კონფლიქტები.
სუიციდური აზრები მხოლოდ ფსიქიკური დაავადების შედეგი არ არის. ხშირად ის რეგულირების უნარის დაკარგვის, ტკივილის დაუფარავი გამოძახილია. ბავშვთა დაცვა იწყება დროის მიცემით, კითხვების დასმით და რეალური მოსმენით.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი და მოზარდი ხედავდეს, რომ არ არის უჩინარი.
და ფსიქიკური ტვირთი – არ არის მარტო მისი პასუხისმგებლობა.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს მიგნებები არ არის სტატისტიკა — ეს არის სიგნალი. სიგნალი, რომელიც გვაფრთხილებს:იმოქმედე, სანამ ეს დრო ჯერ კიდევ გვაქვს.
სუიციდის პრევენცია ბავშვის ზრდის ყველა ეტაპზე გრძელვადიან და მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს. პრობლემების ადრეული პრევენცია და მუდმივი მხარდაჭერა ახალგაზრდებსაც დაიცავს და სუიციდით გამოწვეულ ტრაგედიებს საგრძნობლად შეამცირებს.
წყარო: JAMA psychiatry