GAIA ასოციაცია სულ მალე, 2025 წლის 28 სექტემბერს გამართავს რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ შევიკრიბებით სხვადასხვა პროფილის ექიმები, ესთეტიკური მედიცინის წამყვანი სპეციალისტები და ერთად ვიმსჯელებთ ესთეტიკური მედიცინის უმწვავეს გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, იმ ახალ ტენდენციებსა და მიდგომებზე, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს და მათი გადმოტანა აუცილებელია საქართველოშიც.
კოსმეტოლოგია მხოლოდ სილამაზის ინდუსტრია არ არის, ის სამედიცინო დარგია, რომელიც მოითხოვს ანატომიისა და ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნას. მიუხედავად ამისა, დღეს ბევრ პაციენტს პროცედურებს უტარებს არაკვალიფიციური კადრი, რომელსაც არც შესაბამისი განათლება აქვს და არც პრაქტიკული გამოცდილება. შედეგად ხშირად გვხვდება არასათანადო სტერილიზაცია, არასწორად შერჩეული პრეპარატი ან ტექნიკა, რაც ზრდის გართულებების რისკს, . სწორედ ამიტომ აუცილებელია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, რომ კოსმეტოლოგიური ჩარევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სერტიფიცირებულ ექიმთან, რომელიც უსაფრთხოების ყველა სტანდარტს იცავს.
კოსმეტოლოგია არის სფერო, რომელიც სხვადასხვა უნარებთან ერთად მოითხოვს საბაზისო საგნების კარგ ცოდნას, პროფესიონალიზმს და ხარიახიან სამედიცინო განათლებას. ეს საგნები ისწავლება სამედიცინო უნივერსიტეტებში და შემდგომ რეზიდენტურაში. ამიტომ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგიური მიმართულებით მომუშავე ექიმები ბევრად დიდხანს და სიღრმისეულად სწავლობენ ანატომიას. ასეთი ფუნდამენტური განათლების გარეშე, კოსმეტოლოგად მომუშავე არაკვალიფიციურ ადამიანს ხშირ შემთხვევაში ეს ცოდნა არ გააჩნია. ანატომიის არასრულფასოვანი ცოდნის გამო კი ხშირია არასწორედ ჩატარებული პროცედურის შემთხვევები. თავისთავად ყველაზე სახიფათო ამ მანიპულაციებს შორის არის ინიექციები. ნემსის მეშვეობით კანში ან კანქვეშა სივრცეში ხსნარის შეყვანა კოსმეტოლოგებისთვისაც საკმაოდ საპასუხიმგებლოა. მითუფრო საშიშია ამ პროცედურის ჩატარება გამოუცდელი კადრის მიერ, შესაძლოა მან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გამოიწვიოს.. ერთ-ერთი ყველა ხშირი და სტატისტიკურად სახიფათო ჩარევაა შემავსებლების, ეგრედწოდებული ‘ფილერების” გამოყენება. მაღალი კვალიფიკაციის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგების მიერ ჩატარებული პროცედურებიც კი რიგ შემთხვევებში იწვევს გართულებებს, წარმოიდგინეთ რამდენჯერ იზრდება ეს რისკი როდესაც ფილერი გამოუცდელ კოსმეტოლოგს შეყავს.
რა გართულება შეიძლება მოყვეს ერთი შეხედვით “მარტივ” კოსმეტოლოგიურ პროცედურებს
ექიმები კოსმეტოლოგიაში გამოვყოფთ მსუბუქ და სერიოზულ გართულებებს. საბედნიეროდ, ბევრად უფრო ხშირია მსუბუქი გართულებები, რაც უცხო სხეულის განვითარების სინდრომის სახელით მოიხსენიება, როდესაც შემავსებელი(ფილერი) შეყავთ არასწორ ადგილას ან შემდგომ პოზიცის იცვლის, რომელიც საბედნიეროდ მკურნალობას ექვემდებარება. რაც შეეხება სერიოზულ გართულებებს, ესაა ქსოვილების ნეკროზი, სიბრმავეც კი რიგ შემთხვევებში, თუ ნემსი გარკვეულ სისხლძარღვში ან არასწორ უბანში მოხვდა.
როგორ შეუძლიათ პაციენტებს ამოიცნონ არაპროფესიონალი კადრები ან თავი დაიცვან არაკვალიფიციური კოსმეტოლოგისგან?
პირველ რიგში აუცილებელია, პაციენტმა კრიტიკულად შეაფასოს სიტუაცია. ის უნდა დააკვირდეს რა ტიპის კლინიკაში იმყოფება, არის თუ არა ეს მაღალკვალიფიციური კლინიკა, რომელიც ჰიგიენის და აღჭურვის სტანდარტებს აკმაყოფილებს. უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია, სასტერილიზაციო პირობების დაცვა. პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთ სივრცეებში როგორიცაა, ბინაში გახსნილ კაბინეტებში საინექციო პროცედურების ჩატარებისგან. მეორე, აუცილებელია, რომ პაციენტმა იცოდეს ვინ უკეთებს პროეცდურას, ვინ არის კოსმეტოლოგი, სად მიიღო განათლება, რა ტიპის გამოცდილება აქვს და სად აქვს გავლილი პრაქტიკა. მესამე, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, თუ რა ტიპის პრეპარატს იყენებს ექიმი. გახსოვდეთ , რომ ნებისმიერი პრეპარატი ან ამერიკის საკვების და სურსათის ადმინისტრაციის (FDA) ან ევროპის მედიკამენტების ასოციაციის (EMA)-ის მიერ უნდა იყოს დამოწმებული. მეოთხე, პაციენტემა უნდა იცოდეს, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს. რა არის პროცედურის მიზანი და რა შედეგებია მოსალოდნელი მისი ჩატარების შემდეგ. ეს ყველაფერი კოსმეტოლოგებმა დეტალურად უნდა აუხსნან ნებისმიერი პროცედურის წინ. თუ კოსმეტოლოგს არ აქვს უნარი, ეს ინფორმაცია სწორედ და კვალიფიციურად მიაწოდოს პაციენტს, ამანაც უნდა გააჩინოს მის მიმართ უნდობლობა. საბოლოოდ კი საჭიროა, რომ პაციენტის ზოგადი სამედიცინო განათლების დონე ამაღლდეს. პაციენტს უნდა ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა, თუ რა ტიპის პროცედურას იკეთებს და რა შედეგებს უნდა ელოდეს. უნდა იცოდეს, რომელ პრეპარატს იკეთებს და კოსმეტოლოგის კვალიფიკაციაზეც ჰქონდეს წარმოდგენა. რათქმაუნდა, აუცილებელია უკუკავშირი კოსმეტოლოგთან. აუცილებელია მუდმივი კავშირი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს აღდენა პროცედურის შემდეგ. როგორაა პაციენტი მეორე, მესამე დღეს ან ერთი კვირის შემდეგ.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური მიდგომა. პაციენტს შესაძლოა მრავალი პროცედურის ჩატარება სურდეს, მაგრამ კოსმეტოლოგის მოვალოეობაა, განიხილოს ეს სურვილები, რეალური საჭიროებები და საფრთხეები და რა შედეგები ექნება ამათუიმ პროცედურას. კოსმეტოლოგიაში ხშირად ვხვდებით სხეულის დისმორფიულ აშლილობას, რომლის დროსაც ადამიანს აქვს ობსესიური იდეა, რომ საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილი ან ზოგადი გარეგნობა უკიდურესად ნაკლოვანია და, შესაბამისად, ადამიანი ცდილობს, რომ ის დამალოს ან გამოასწოროს.ეს ფსიქიატრიული დიაგნოზია. კვლევებით დადგენილია, რომ პაციენტები რომელიც ძალიან ხშირად იკეთებენ შემავსებლებს, ეწ. ფილერებს უფიქსირდებათ დისმორფიული აშლილობა და ხდებიან დამოკიდებული კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე. ამიტომ როდესაც ექიმი ხედავს, რომ პაციენტს შესაძლოა მსგავსი აშლილობა აღენიშნებოდეს, აუცილებელია გაითვალისწინოს, მიზანშეწონილი არის თუ არა ამ პროცედურის ჩატარება. სამწუხაროდ, მსგავსი უყურადღებობა ხშირად გაუგებრობას და პრობლემების გამწვავებას იწვევს. უმჯობესია, ასეთ დროს პაციენტი ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან გადავამისამართოთ.
ამრიგად, მოკლედ რომ შევაჯამოთ, კოსმეტოლოგიური პროცედურები არ უნდა ჩაითვალოს უბრალო ესთეტიკურ მომსახურებად, ისინი განიხილება სამედიცინო ჩარევად, რომელიც მოითხოვს ცოდნას, პასუხისმგებლობას და გამოცდილებას. პაციენტებმა აქტიური როლი უნდა შეასრულონ საკუთარი უსაფრთხოების დაცვაში: გადაამოწმონ სპეციალისტის კვალიფიკაცია, დარწმუნდნენ პრეპარატების ხარისხში და აირჩიონ ის კლინიკები, სადაც იცავენ ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. თავის მხრივ, კოსმეტოლოგებმა პაციენტს სრულად უნდა აუხსნან პროცედურის ყველა რისკი და შედეგი. მხოლოდ ასეთი ურთიერთპასუხისმგებლობის პირობებში იქნება შესაძლებელი გართულებების შემცირება და უსაფრთხო, რაციონალური მიდგომის დამკვიდრება ქართულ კოსმეტოლოგიაში.